ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიში 20 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ სარმინში. ერთ-ერთი ბომბი დაეცა ადგილობრივ საავადმყოფოს, რომელშიც 12 ადამიანი - მათ შორის მედპერსონალიც - დაიღუპა. ეს ინფორმაცია დაადასტურა სირიულ-ამერიკულმა სამედიცინო საზოგადოებამაც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა სირიაში. როგორც დამოუკიდებელი წყაროები აცხადებენ, 30 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშები წამოიწყო, ქვეყანაში, მთლიანობაში, 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, იძულებით გადაადგილებულ პირთა არმიას კი ათასობით ახალი დევნილი შეემატა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მოქმედება კიდევ უფრო აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს სირიაში:
„რუსეთის სამხედრო ჩარევამ და საავიაციო იერიშებმა კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოუტანა სირიას და გაზარდა დევნილთა რაოდენობა. ამავდროულად, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ კრიზისის პოლიტიკური მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, გამონახავენ თუ არა ერთმანეთთან დაახლოების გზებს მოსკოვი და ვაშინგტონი“.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ეს განცხადება 22 ოქტომბერს ბერლინში, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯონ კერისთან შეხვედრაზე, გააკეთა. რაც შეეხება სირიაში კრიზისის მოგვარებას, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამ პროცესს მხოლოდ ერთადერთი რამ აფერხებს:
„სირიის საკითხის მოგვარებას ერთადერთი რამ აბრკოლებს - ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰქვია ასადი - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი“.
რუსეთი უარყოფს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და სირიაში პოზიტიური დინამიკის არსებობაზეც აკეთებს მინიშნებას, რამაც, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების თანახმად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალა ასადის ფაქტორის გათვალისწინებით, უნდა შექმნას კრიზისის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების საფუძველი.
„რაც შეეხება საკუთრივ სირიის მოწესრიგებას, ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ საბრძოლო ოპერაციების დროს მიღწეული დადებითი დინამიკის ფონზე, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი მოწესრიგება შეიძლება მიღწეული იქნეს პოლიტიკურის პროცესის საფუძველზე. გადამწყვეტი სიტყვა კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სირიის ხალხს ეკუთვნის“.
ეს განცხადება პუტინმა 21 ოქტომბერს კრემლში, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადთან შეხვედრაზე, გააკეთა. ამ შეხვედრას მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა ვაშინგტონი.
„ჩვენ დავინახეთ, რომ მოსკოვში წითელი ხალიჩით დახვდნენ ასადს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის განცხადებულ მიზანს სირიაში პოლიტიკური ძალაუფლების გადაბარების შესახებ“, - განაცხადა ერიკ შულცმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა.