Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

არჩევნების მეორე ტური კახეთში - ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა


ერთ-ერთი საარჩევნო უბანი კახეთში
ერთ-ერთი საარჩევნო უბანი კახეთში

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კახეთის ხუთ ოლქში გაიმართა. ერთ ოლქში გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდა. ყველა ოლქში ერთმანეთის კონკურენტები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხუთივე ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. როგორ მიმდინარეობდა ხმის მიცემის პროცესი რეგიონში და რატომ გააძევეს თელავის ერთ-ერთი უბნიდან საიას დამკვირევებელი?

კანდიდატები, რომლებიც კახეთში „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ წარდგენილი ამბობობენ, რომ მმართველმა პარტიამ გამარჯვება ამომრჩევლის დაშინებისა და საარჩევნო პროცესის გაყალბების ხარჯზე შეძლო. გიორგი ბოტკოველი თელავი-ყვარლის გაერთიანებულ ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ირაკლი სესიაშვილს დაუპირისპირდა. სესიაშვილი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო. ცესკოს ოფიციალური, წინასწარი ინფორმაციით, სესიაშვილმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 69.46% მიიღო, გიორგი ბოტკოველმა კი – 30,54%. ბოტკოველის განცხადებით, მათი სურვილი იყო, ბოლომდე ებრძოლათ.

ნაციონალური მოძრაობა დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მმართველ პარტიაში კი მნიშვნელოვან გამარჯვებაზე საუბრობენ. გიორგი ბოტკოველის კონკურენტი თელავი-ყვარლის გაერთიანებულ ოლქში, ირაკლი სესიაშვილი – ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, კახეთის საარჩევნო უბნებზე ნაკლები საჩივარი დაიწერა, თუმცა იყო ისეთი შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“ დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელის, მარეხ მგალობლიშვილის თქმით, მათი დამკვირვებელი უბნიდან კონკრეტული საჩივრის დაწერის შემდეგ გააძევეს.

თელავის ერთ-ერთი უბნიდან დამკვირვებლის გაძევების ფაქტს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძე სამართლიანად მიიჩნევს.

საოლქო საარჩევნო კომისიები კახეთში საჩივრებს უკვე განიხილევენ, თუმცა, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჩივრების უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება და ის არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG