Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ გორსა და მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებაინ


გორი
გორი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, სხვა ქალაქების მსგავსად, გორშიც გაიმართება. ქალაქის მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა კახა ერგემლიძემ კი - 29 პროცენტზე მეტი. ჯირკველიშვილმა ერგემლიძეს 1454 ხმით აჯობა. ანალიტიკოსთა აზრით, ეს არ არის საგრძნობი უპირატესობა, ამიტომ მეორე ტურში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. კოალიციის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ თავდაჯერებულობამ ცუდი სამსახური გაუწია.

გორის თემის გამგებლობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ონიაშვილი და „ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის“ წარმომადგენელი ბონდო ვათიაშვილი. ონიაშვილმა მეტოქეს თითქმის 6000 ხმით აჯობა, თუმცა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ადგილობრივი სპეციალისტების აზრით, მეორე ტურის წინ ონიაშვილის უპირატესობა დიდია, რაც მის გამარჯვების შანსებს ზრდის. „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მეორე ტურში საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას მოახდენს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.საკუთარი პოლიტიკური ნების გამოსახატავად საარჩევნო უბნებში ხმის უფლების მქონე მოქალაქეების მხოლოდ 40 პროცენტი მივიდა. არჩევნებში მონაწილე კანდიდატები ცდილობენ ამომრჩევლები გაააქტიურონ, მაგრამ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მეორე ტური, ტრადიციულად, უფრო დაბალი აქტივობით გამოირჩევა ხოლმე.

უკვე ცნობილია ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შემადგენლობა. პირველი სხდომები 2 აგვისტოს არის ჩანიშნული, 12 ივლისს კი ქალაქის მერისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ვინაობაც ცნობილი გახდება.

XS
SM
MD
LG