Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიცია კონსულტაციებს აწარმოებს


არასაპარლამენტო ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს და ხელისუფლებას კანონმდებლობის დროულად მიღებას სთხოვს. არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ოპერატიულად გადაწყვეტას ითხოვს ორი ისეთი საკითხი, როგორიცაა თვითმმართველობის მოდელზე შეჯერება და იმის დაზუსტება, თუ როდის ჩატარდება არჩევნები.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე - მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში - უნდა ჩატარდეს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის, თანახმად, სახელისუფლებო კოალიციის შიგნით არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ თვითმმართველობის კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად, უკეთესი იქნება არჩევნები გადაიდოს. თუმცა უახლოესი მომავლის დღის წესრიგის თაობაზე ნაკლებინფორმირებულობის მიუხედავად, არასაპარლამენტო პოლიტიკურ სპექტრში კონსულტაციები დაიწყო. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ინტერპარტიული ფორმატის ფარგლებში ამ დროისათვის იმაზე მსჯელობენ, როგორი გადაწყვეტილება იქნებოდა სასურველი ქვეყნისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მთავრობის სხდომამ 30 ოქტომბერს დაამტკიცა, მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში 11 ნოემბერს იგეგმება. “იმედი გვაქვს, იმის დრო მაინც იქნება, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ“, ამბობს ლევან ვეფხვაძე და კითხვაზე, მონაწილეობდნენ თუ არა რაიმე ფორმით თვითმმართველობის მოდელის შემუშავებაში არასახელისუფლებო პოლიტიკური პარტიები, ამბობს:

“ამ განხილვებიდან პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტია, ჟარგონს თუ ვიხმართ, „მოტეხეს“. ამ ეგრეთ წოდებული „მოტეხის“ ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ იყო პოზიციები შესაჯერებელი და ამ პოზიციების შეჯერება იმდენად გაუგრძელდა ამ ხალხს, რომ ბოლოს ცაიტნოტში აღმოჩნდნენ. და ახლა სასწრაფო წესით გააკეთეს ინიცირება ეგრეთ წოდებული შიდაპარტიული შეჯერებული ვარიანტის. ეგრეთ წოდებული გარდამავალი ვარიანტია თვითმმართველობის შემოთავაზებული. ჩვენ ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები ამ ვარიანტთან დაკავშირებით გვაქვს“.

შემდგომში ჩვენ უკვე ვგეგმავთ თანამშრომლობას ხელისუფლებასთანაც, ამ საკითხებზე შეხვედრას იგივე ინტერფრაქციულ ფორმატში, თუმცა ვცდილობთ, რომ ის ინტერპარტიულ ფორმატად გადავაქციოთ. მეორე მხრივ, ასევე არ დაგიმალავთ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ვცდილობთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას...
ჯონდი ბაღათურია
ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ არასაპარლამენტო პარტიების დისკუსიის ფორმატში გამოთქმული შენიშვნები უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება და მმართველ პარტიას წარედგინება.

დისკუსიის საგანი კი, ზოგადად, არის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი, თბილისის შესახებ კანონი, საარჩევნო კოდექსი და პოლიტიკურ პარტიათა შესახებ კანონი. „ქართული დასის“ ხელძღვანელი ჯონდი ბაღათურია ამბობს:

“შემდგომში ჩვენ უკვე ვგეგმავთ თანამშრომლობას ხელისუფლებასთანაც, ამ საკითხებზე შეხვედრას იგივე ინტერფრაქციულ ფორმატში, თუმცა ვცდილობთ, რომ ის ინტერპარტიულ ფორმატად გადავაქციოთ. მეორე მხრივ, ასევე არ დაგიმალავთ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ვცდილობთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამ მძიმე მდგომარეობას, პირველ რიგში, განაპირობებს არაკონკურენტული გარემო და ერთპარტიული მმართველობა“.

ჯონდი ბაღათურია ჯერჯერობით არ ამხელს, როდის შეიქმნება და რომელი პოლიტიკური სუბიექტებით დაკომპლექტდება ახალი პოლიტიკური ცენტრი, თუმცა აზუსტებს, რომ ეს არ იქნება წინასაარჩევნო კოალიცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების კოალიციის შექმნის საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო ბეჭდურ მედიაში. კოალიციის შექმნის პერსპექტივას, თავის მხრივ, არც უარყოფს და არც ადასტურებს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. იგი ამბობს, რომ, როგორც წესი, ასეთი ინფორმაციები ვრცელდება ხოლმე წინმსწრებად და არაფერზე დაყრდნობით:

ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ყოველთვის შესაძლებელია, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის დემოკრატიებში, რომ არასაპარლამენტო პარტია ან შედარებით სუსტი პარტია მოხვდეს მომავალში ხელისუფლებასა და პარლამენტში...
ლევან ცუცქირიძე
“შეიძლება ასეთი სურვილები არსებობს არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ასეთი მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მსგავსი კონსულტაციები არ გამართულა. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ საკმაოდ აქტიურად, რომ ზოგადად თვითმმართველობის რეფორმა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საარჩევნო საკითხები დროულად გაირკვეს და ჩამოყალიბდეს“.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე კი, თავის მხრივ, მართებულად მიიჩნევს არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, ჩართული იყოს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესში, მათ შორის, საკანონმდებლო ბაზის მომზადების მიმართულებით. იგი ამბობს, რომ არასაპარლამენტო და მცირე პარტიების მონაწილეობა განსაკუთრებით ისეთ რეფორმებშია საჭირო, რომლებიც ძირეულ ცვლილებებს იწვევს:

“ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ყოველთვის შესაძლებელია, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის დემოკრატიებში, რომ არასაპარლამენტო პარტია ან შედარებით სუსტი პარტია მოხვდეს მომავალში ხელისუფლებასა და პარლამენტში და დიდი რეფორმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ არა მარტო იმ დროისთვის მოქმედი მმართველი გუნდი იზიარებდეს ამ რეფორმის შინაარსს, არამედ ყველა ის ძირითადი მოქმედი პირი, რომელსაც აქვს შანსი, თეორიულიც კი, რომ ხელისუფლებაში მოხვდეს. ეს იმიტომ, რომ ასეთ რეფორმას სჭირდება ფართო მხარდაჭერა და არა მარტო ერთი პოლიტიკური გუნდისგან მხარდაჭერა.“

ლევან ცუცქირიძე აქვე იმოწმებს ევროპულ გამოცდილებას, რომლის თანახმადაც, ყველა ძირეულ რეფორმაში ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG