საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა არასახარბიელოა. ახლახან გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 12 წლის განმავლობაში თითქმის 15 %-ით, ანუ 700 ათასით, შემცირდა და 3 720 ათასი შეადგინა. 24 %-ით მოიკლო სოფლად მცხოვრები ადამიანების რაოდენობამ და საქართველოს 6 რეგიონში შობადობას სიკვდილიანობა აღემატება. 700 ათასი ადამიანით მოსახლეობის შემცირება, ნაწილობრივ, მიგრაციის შედეგია.
მოსახლეობისა და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან სოფლის დაცლაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან სამტრედიის სოფელ გამოჩინებულის მცხოვრები ჯუმბერ იაშვილი. რესპონდენტის თქმით, მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მძიმე სოციალური და კომუნალური პირობებია.
ქვეყნის შიგნით და საზვარგარეთ მიმდინარე მიგრაციული პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო ათწლეულში. ქუთაისშიც, სიდიდით მეორე ქალაქში, მრავლადაა ოჯახი, რომლის ერთი ან მეტი წევრი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ რამდენიმე წლით ან სეზონურად.
საარსებო მინიმუმის მოსაპოვებლად შრომისუნარიანი ადამიანების და, მათ შორის, ქალების მიგრირების პროცესს უკავშირებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას ლია გვენეტაძე, ხელმძღვანელი საზოგადოებრივი გაერთიანებისა „ქალები საქართველოსთვის“.
„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებით, აუცილებელია გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა და ახალგაზრდების ჩართულობა, რათა დემოგრაფიული პრობლემა სწორად იყოს დანახული და შეფასებული.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორის ნუგზარ კოხრეიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე ორგანიზაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ 300-მდე ადამიანს დაეხმარა ნებაყოფლობით დაბრუნებულიყო ქვეყანაში.
ნუგზარ კოხრეიძისავე თქმით, საბერძნეთიდან ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამა ივნისის თვის ბოლოს დასრულდება, საქართველოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების რიცხვი კი იზრდება.