Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, კომერციულ ბანკებს შეიძლება არაპროფილური საქმიანობა შეეზღუდოთ. ამის შესახებ მან დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დღეს არსებული მდგომარეობით, კომერციულ ბანკებს არ ეკრძალებათ არასაბანკო პროფილის ინვესტიციების განხორციელება. დღეის მდგომაროებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები არაპროფილურ აქტივებს ფლობენ ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა უძრავი ქონება, დაზღვევა, ლიზინგი, განათლება. ეროვნული ბანკის ძირითადი არგუმენტი კომერციული ბანკების მიერ არასაბანკო საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, უმეტესად, დეველოპერულ ინდუსტრიას შეეხება და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრით იხსნება.

სიცხადისთვის ორი ქართული ბანკის მაგალითს მოვიხმობთ:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, "საქართველოს ბანკი" 100%-ს ფლობს სადაზღვევო კომპანია„ალდაგი ბისიაი"-ში, შპს "თელიან ველში" - 51,23%-ს, შპს"ინტერტურში" - 99,99%-ს, შპს "ჩემ კლინიკაში" - 51%-ს, შპს "რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში" - 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ "დინამოში" - 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

"თი ბი სი ბანკი" ფლობს სალიზინგო კომპანია "თიბისი ლიზინგის" 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება "თიბისი კრედიტის" 75%-ს, საბროკერო კომპანია "თიბისი ბროკერის" 100%-ს, "გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის" 93%-ს, "უძრავი ქონების მართვის ფონდის" 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, "თიბისი ფეის" 100%-ს, ასევე ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის კომპანია "თიბისი ინვესტს".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის ზომა ძალიან მცირეა - არაპროფილური სექტორი, საბანკო სექტორთან შედარებით, ჯამურად, 1 პროცენტზე ნაკლებია, თუმცა, მასშტაბებიდან გამომდინარე, მაინც მნიშვნელოვანი წილია. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული არასაბანკო პროფილის კომპანიებში კაპიტალის დაბანდება მეანაბრეების ფულით არ ხორციელდება, ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად აუცილებელია ამგვარი შეზღუდვის შემოღება. ეროვული ბანკის თქმით, შეზღუდვის შემოღებით შეიქმნება მკაფიო ბარიერი, რათა მეანაბრეთა თანხები არ იყოს მიმართული ისეთი სეგმენტებისკენ, რომლებიც კლასიკური საბანკო საქმიანობა არ არის. ამასთან, ბანკის აქციონერებს არ ეკრძალებათ ინვესტიციის სხვა ინდუსტრიებში განხორციელება.

შემუშავებული პროექტის დეტალები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. შესაძლოა, არაპროფილური საქმიანობა საერთოდ აიკრძალოს.

XS
SM
MD
LG