მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესი, ინტერესთა კონფლიქტი მათი კანდიდატურების შერჩევისას, არასათანადო კანონმდებლობა იუსტიციის საბჭოს გამართულად მუშაობისათვის და, შესაბამისად, საბჭოს მუშაობის არცთუ მოსაწონი პრაქტიკა - ეს მხოლოდ ნაწილია კრიტიკული შენიშვნებისა, რომლებიც 2015 წლის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშში მოხვდა. ანგარიშის ავტორებმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დოკუმენტის პრეზენტაცია 25 აპრილს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გამართეს. პრეზენტაციას იუსტიციის საბჭოს წევრები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას კრიტიკულად ორი ძირითადი მიზეზის გამო აფასებს. ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი გვილავას შეფასებით, საბჭოს, ერთი მხრივ, აქვს გამართულად მუშაობის პრობლემა და ამის მიზეზი შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობაა და, მეორე, პრობლემებია თავად საბჭოს შიგნით, კერძოდ, პრობლემურია მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ბუნდოვანი პროცესი:
„მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა. ჩვენი შეფასებით, ეს არ ყოფილა ობიექტური პროცესი, იმდენად ბევრი ხარვეზი ჩანს ამ პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ გაჰყავდათ საკუთარი კანდიდატები. ჩვენ ვამბობთ, რომ არის კანონის პრობლემაც, რომელსაც საბჭო უნდა დაემორჩილოს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ, საერთო ჯამში, საბჭოს მაინც შეუძლია უფრო მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს, რასაც ის არ აკეთებს. თუნდაც ინტერესთა კონფლიქტი, რომელსაც კანონი არ არეგულირებს, არის მარტივი იურიდიული პრინციპი, რომლის შესახებაც პირველკურსელმაც კი იცის და ამ ფონზე საბჭოში მსჯელობა არ უნდა მიდიოდეს. როდესაც საბჭოს წევრი არის, იმავდროულად, კანდიდატი, ის სხვა კანდიდატი მოსამართლეების გასაუბრებებს არ უნდა ესწრებოდეს“, - გიორგი გვილავა ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს გულისხმობს.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასათანადოდ იყენებდა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმს და არ აძლევდა მოსამართლეებს პასუხისგებაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის საფუძველი არსებობდა, და ასე ახდენდა ზეგავლენას მათ დამოუკიდებლობაზე...ეკა ციმაკურიძე
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს, ანუ საანგარიშო პერიოდში, დღის წესრიგში, ფაქტობრივად, არ დამდგარა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ეკა ციმაკურიძე განმარტავს, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა:
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასათანადოდ იყენებდა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმს და არ აძლევდა მოსამართლეებს პასუხისგებაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამის საფუძველი არსებობდა, და ასე ახდენდა ზეგავლენას მათ დამოუკიდებლობაზე“.
ეკა ციმაკურიძის ზოგადი დასკვნაც იუსტიციის საბჭოს მუშაობის თაობაზე საკმაოდ კრიტიკულია და, მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, საგრძნობლად გაუარესებული. არასამთავრობო სექტორი საბჭოს მიმართ ყველაზე მეტად კრიტიკული მაინც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესის შეფასებისას აღმოჩნდა. ეკა ციმაკურიძეც ამბობს, რომ საზოგადოებას დღემდე აქვს კითხვები, თუ რატომ ინიშნებოდნენ კონკრეტული კანდიდატები მოსამართლის თანამდებობაზე ან, პირიქით, არ ინიშნებოდნენ; რომ გასაუბრების პროცესი ტარდებოდა არათანაბარ პირობებში და რომ ამ ფონზე აშკარა იყო ის ინტერესთა კონფლიქტი, რომელსაც ისევ და ისევ ლევან მურუსიძის სახელთან მივყავართ.
არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან ერთად, უსმენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეც. მისთვის კრიტიკა მისაღებია, თუმცა, მისი თქმით, ბოლო დროს საბჭოს წვერების მიმართ კრიტიკაზე მეტად ლანძღვა ისმის. „იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამესაც ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენო“, - განაცხადა მურუსიძემ 25 აპრილს.
„პრინციპულად მიუღებელია, რომ კანდიდატებს ლანძღავენ და, მეტიც, არის მითითებები, რომ კონკრეტული კანდიდატები არ უნდა დაინიშნონ. მაშინ მიგვითითონ, რომელი კანდიდატები უნდა იყვნენ არჩეულები, რომ ჩაითვალოს, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის გადაწყვეტისას მთლიანად იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, რატომღაც სულ მე მეწერება, რომ თურმე მე ვაფარებ ვიღაცას ხელს. არადა, მურუსიძე მხოლოდ ერთი წევრია საბჭოში“.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი კი, შოთა გეწაძე, ფიქრობს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე და ყველა მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო ამ პროცესისთვის თვალყური ედევნებინა:
„მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი - განსაკუთრებით, მათთან გასაუბრების პროცესი - ღიაა იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ამას მოისურვებს. ყველა კანდიდატი დაეთანხმა იმ იდეას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათთან გასაუბრების პროცესს დასწრებოდნენ. ამიტომ ჩვენ არ გვგონია, რომ ეს პროცესი დახურული იყო და კითხვის ნიშნები დარჩა“.
არასამთავრობო სექტორის კრიტიკას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. ანგარიშის მოსმენის შემდეგ მან განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევისას გასაუბრებაზე ყველა ფაქიზ საკითხზე ისმება კითხვები:
„დასასმელი კითხვების დახვეწაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუდმივად მუშაობს. რაც შეეხება შენიშვნას კანდიდატების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების თაობაზე, ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებთ“.
ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ თუ საბჭოს მუშაობაში ხარვეზები შეინიშნება, ამის მიზეზი გაუმართავ კანონმდებლობაში უნდა ვეძიოთ.
ნინო გვენეტაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში თავადაც გეგმავს შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნებას. არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ანგარიში კი, მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი სხდომის დღის წესრიგში შევა და მას დაწვრილებით განიხილავენ.
„საია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კი მიმართავენ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშში შესული რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მისული.