Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტში პირველი გემის შემოსვლას 2020 წლის დასაწყისში მოელიან


ანაკლიის სანაპირო
ანაკლიის სანაპირო

ანაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წლის დასაწყიში შემოვა, პორტის მშენებლობა კი წელს დაიწყება და 2019-ში დასრულდება, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პორტის მშენებელი კონსორციუმის ამერიკული პარტნიორი კომპანიის „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლ ფორსმა მიაწოდა, რომელიც ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას დაესწრო. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, პორტის პროექტში ჩართული „ანაკლია დიველოპმენტ კონსორციუმის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, პორტის მშენებლობის პირველ ეტაპზე 3 400 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება, სრულად ამუშავების შემდეგ კი პორტში სტაბილურად 6 400 ადამიანი იმუშავებს.

პროექტის ავტორების განმარტებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

„ადგილზე სამუშაოები წელს ზაფხულიდან დაიწყება. ჩვენ გვაქვს მშენებლობის ოთხი ეტაპი და პირველი გემი 2020 წლის იანვრისთვის უნდა შემოვიდეს. რაც შეეხება ეკონომიკაზე ზეგავლენას და ეფექტს, პირველი ეს არის იმპორტისთვის დაბალი ტარიფები, მეორე - ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და მესამე - ეს არის შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისარგებლოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონით“, განაცხადა „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლ ფორსმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი

პროექტში ჩართული „ანაკლია დიველოპმენტ კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორის ზურაბ ფიჩხაიას განცხადებით, პორტის ეკონომიკური სარგებელი იქნება ძალიან დიდი, რაც სამუშაოების პირველივე ეტაპიდან იქნება შესამჩნევი:

„იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდება, ბევრი ფული დაიხარჯება და ბევრი კომპანია ჩაერთვება მშენებლობაში, ბევრი ქართული კომპანია. პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 ათას კონტეინერამდე წელიწადში“.

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, პორტისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც 400 ჰექტარს მოიცავს, დაახლოებით 1000-მდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა-ნაგებობა, მათ შორის, 110 საცხოვრებელი ობიექტი მოექცა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, კომპანია „გეოგრაფიკი“ მალე დაასრულებს მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღწერას:

„არც ერთი არ დარჩება კომპენსაციის გარეშე. აბსოლუტურად სრული შესწავლა მიდის, არამარტო მიწის, ასევე დაითვლება ის განაშენიანება, რაც არის ამ მიწაზე. თითოეული ხე დაითვლება“.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტი 10 ათასი კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდების გაჩერებას შეძლებს. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და აშენდება რკინიგზა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის ადგილი

ანაკლიელები სოფელში პორტის მშენებლობის დაწყებას ელიან, როგორც უმუშევრობის დაძლევის საშუალებას. მათ იმედი აქვთ მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების. ამბობენ იმასაც, რომ სოფელში მიწის ნაკვეთის ფასი გაიზრდება, რაც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს:

„კარგია ხალხისთვის, მუშაობა იქნება. ახლა სამუშაო არ არის, ფული არ არის. ამიტომ, რომ აშენდეს, ჩვენთვის კარგია, ხალხისთვისაა კარგი“, ამბობს კობა ჭაფანძე.

„ძალიან კარგი იქნება, თუ აშენდება. ღარიბებს მიწები აქვთ და ორი კაპიკი რომ მოგვცენ, კარგი იქნება. ამიტომაც გვინდა, რომ პორტი აშენდეს. მიწა გვაქვს და გაყიდვა გვინდა“, - მიიჩნევს ანაკლიელი ტანია ფირცხალავა.

„კი, ყველა მომხრეა ასი პროცენტის. ეს ყველას უხარია. ეს მარტო ანაკლიის კი არა, ზუგდიდის, სამეგრელოს პორტი იქნება“, - გვითხრა იური კიკავამ.

„მინდა, რომ იყოს პორტი. ახალგაზრდები დასაქმდებიან. ახლა სამუშაო არ არის. ერთ ოჯახში ცხრა სულია და არც ერთი არ მუშაობს. მერე ყველა იმუშავებს, სამუშაო იქნება და ძალიან კარგია“, - ამბობს დოდო გულუა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს. იგი „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშნალის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

XS
SM
MD
LG