ორი ამერიკელი ოფიციალური პირი, რომლებიც რუსეთში დიპლომატიური პასპორტით იყვნენ ჩასულები, თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. მათ სასმელში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარეს, რის შედეგადაც ერთის ჰოსპიტალიზებაც კი გახდა საჭირო. ამერიკის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტი ამერიკელ დიპლომატებზე რუსეთის თავდასხმის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია.
შემთხვევა სასტუმროს ბარში მოხდა, გაეროს ანტიკორუფციული კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს შემთხვევა არ გაახმაურა, თუმცა მოსკოვს საპროტესტო ნოტა მაინც გაუგზავნა,- უთხრა რადიო თავისუფლებას ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელსაც უშუალო ინფორმაცია აქვს მომხდარის შესახებ.
ამერიკა ამ ინციდენტს ივნისში მოუბრუნდა, მას შემდეგ, რაც აკრედიტებულ ამერიკელ დიპლომატს მოსკოვში ამერიკის საელჩოს წინ დაესხნენ თავს. ვაშინგტონმა ნოემბრის შემთხვევა ხელახლა განიხილა და დაასკვნა, რომ ეს ნამდვილად არის ტენდენციის ნაწილი.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ორი წყარო გვაწვდის - ამერიკელი ოფიციალური პირი და კიდევ ერთი პირი, რომელიც მთავრობის ყოფილი თანამშრომელი გახლავთ. მათი ცნობით, ორ ამერიკელს - ქალსა და კაცს - ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ადამიანს თიშავს, სავარაუდოდ, პეტერბურგის სასტუმროს ბარში ჩაუყარეს სასმელში. ერთ-ერთმა ამერიკელმა გონება დაკარგა და ის დასავლურ სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისთვის უნდა ემკურნალათ და, ასევე, სისხლის და ქსოვილის ანალიზი გაეკეთებინათ, რათა ზუსტად დაედგინათ, თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ავადმყოფობა. მაგრამ სწორედ ამ დროს მოულოდნელად კლინიკაში ელექტროენერგია გაითიშა და ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ პაციენტი ქვეყნის გარეთ, სხვა საავადმყოფოში გადააფრინეს, თუმცა ამასობაში ანალიზების ჩატარება დაგვიანდა.
როდესაც ამერიკის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც ინციდენტის დროს სასტუმროში მუშაობდნენ, პასუხად მიიღეს, რომ ამ დროს იქ არავინ მუშაობდა. საბოლოოდ, რუსეთმა განაცხადა, სამხილები არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთო.
რუსეთის ბარებში უცხოელების ნარკოტიკებით გაბრუება იშვიათობა არ არის, თუმცა ეს შემთხვევა განსხვავებული იყო, რადგან, როგორც წესი, სასმელში ნარკოტიკს ყრიან ხოლმე შემდგომი ძარცვის მოტივით, ამ შემთხვევაში კი არც ერთი ამერიკელი არ გაუძარცვავთ, შემთხვევებიც ცალ-ცალკე მოხდა, თან მოხდა სასტუმროს ბარში - მძარცველები კი, როგორც წესი, ხალხმრავალ ბარებსა და კაფეებს ირჩევენ ხოლმე თავდასხმისათვის.
ამერიკელ დიპლომატებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ისტორია ათეულობით წლებს ითვლის, თუმცა ბოლო წლებში მსგავსი ინციდენტები გახშირდა და ისინი უფრო სერიოზული გახდა. 2013 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ დეპარტამენტის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა იმგვარი ზეწოლა რუსეთის უშიშროების სამსახურებისგან, როგორიც ცივი ომის შემდეგ არავის ენახა, 2014 წლიდან კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.
დაძაბულობამ პიკს გასული წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმის თავს ამერიკის საელჩოს დაცვის რუსი წევრი ამერიკელს, რომელიც შენობაში შესვლას ცდილობს. ეს ამერიკელი აკრედიტებული დიპლომატი იყო და ამტკიცებს, რომ დაცვას საბუთები წესის შესაბამისად აჩვენა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ დაცვის წევრმა თავისი მოვალეობა შეასრულა და დაიცვა შენობა საეჭვო პირისგან, რომელიც, ამასთან, გადაცმულიც იყო.