Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიკვდილის ველი - სიცხის რეკორდსმენი


დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა ზუსტად ასი წლის წინ დაფიქსირდა აღმოსავლეთ კალიფორნიაში, სიკვდილის ველის უდაბნოში. 1913 წლის ზაფხულში სიკვდილის ველზე თერმომეტრები ცელსიუსით 56,7 გრადუსს აჩვენებდა. თუმცა კალიფორნიის უდაბნო დიდი ხნის მანძილზე დედამიწაზე ყველაზე ცხელი უდაბნოს ტიტულს უთმობდა ელ აზიზიას უდაბნოს ლიბიაში. როგორ დადგინდა, საბოლოოდ, ყველაზე ცხელი უდაბნოს ადგილმდებარეობა და რამ გამოიწვია ასეთი მაღალი ტემპერატურა ამ ადგილას?

მეტეოროლოგები წლობით დავობდნენ დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილის ადგილმდებარეობის თაობაზე. ინტერნეტგამოცემა „ლაივსაიენსის“ მიხედვით, მეტეოროლოგიის საერთაშორისო კომიტეტს დაევალა ამ დავის დასრულება, თუმცა ამ მცდელობებს დროებით ხელი შეუშალა ლიბიის რევოლუციამ.

2011 წელს გაუჩინარდა ლიბიელი მეცნიერი და კომიტეტის წევრი ხალიდ იბრაჰიმ ფადლი, რომელიც ტემპერატურის ჩანაწერებს ეძებდა არქივებში. თუმცა ფადლიმ ლიბიის დატოვება მოახერხა და თან ტემპერატურის ისტორიული ჩანაწერებიც გადაარჩინა. ამ ჩანაწერების საფუძველზე საბოლოოდ დადგინდა, რომ ელ აზიზიას უდაბნოში ერთ-ერთ მეტეოროლოგიურ სადგურზე გაზომილი 58 გრადუსი ცელსიუსით მკვეთრად განსხვავდებოდა ახლომდებარე სადგურების მონაცემებისგან. ამ გაუგებრობას თერმომეტრის არასწორ წაკითხვას აბრალებენ. ფადლის მიერ მოწოდებული მტკიცებულება საკმარისი აღმოჩნდა მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციისათვის, რათა ყველაზე ცხელი ადგილის წოდება მიენიჭებინა სიკვდილის ველისთვის კალიფორნიაში. იქ ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 1913 წლის 10 ივლისს, წლევანდელ 10 ივლისს კი ამ მოვლენის 100 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

სიკვდილის ველის მაღალ ტემპერატურას უნიკალური გარემო ფაქტორები განაპირობებს. ეს უდაბნო ზღვის დონეზე დაბლაა, მიუხედავად იმისა, რომ წყლიდან ის 400 კილომეტრითაა დაშორებული. ხოლო ჰაერი უდაბნოში განსაკუთრებით მშრალია, რადგან სიერა ნევადის მაღალი მთები წყნარი ოკეანის ტენიანობას აკავებს. ამგვარი გეოლოგიური კომბინაციის გამო მზის გამოსხივება წარმოუდგენლად აშრობს ჰაერს და ძალიან ცხელ გარემოს ქმნის. საშუალოდ ზაფხულში უდაბნოს ტემპერატურა 52 გრადუსია, თუმცა ზამთარში იქ საკმაოდ ცივა, რადგან უდაბნო ვეღარ ინარჩუნებს სითბოს, როდესაც ჰაერი ცივდება.

ექსტრემალურ პირობებთან შეგუება უწევთ უდაბნოს ცხოველებსა და მცენარეებს. უდაბნოში მცხოვრები კუ დიდი ხნის მანძილზე ინახავს წყალს ორგანიზმში და თვეობითაც კი შეუძლია გაძლოს უწყლოდ. მცენარეულობა უდაბნოში ძალიან ნელა იზრდება. ჩირგვები და ბუჩქები, როგორიცაა კრეოზოტი, უდაბნოში შესაძლოა ასობით და ათასობით წლის იყოს. ეს მცენარეები ზრდისა და რეპროდუქციისთვის ენერგიას იშვიათად, შედარებით ტენიან წლებში ხარჯავს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ფლორასა და ფაუნას ამგვარად უხდება ექსტრემალურ გარემოსთან შეგუება. სიკვდილის ველზე წელს, ივნისის ბოლოს, ისეთი მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რომ მეცნიერები და ჟურნალისტები ლამის ახალი რეკორდის მომსწრენი გახდნენ.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG