Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და მოითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე ადვოკატებს დაუყოვნებლივ გადაეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მობილიზებას დაიწყებს. ეს საგანგებო განცხადება ირაკლი ალასანიამ გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ირაკლი ალასანიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები გორში დილიდან ელოდნენ. მან რეგიონებში გასვლა შიდა ქართლიდან დაიწყო და გორში შეხვდა ქარელის, ხაშურის, კასპისა და გორის პარტიული აქტივის წევრებს. მისი განცხადებით, თებერვლიდან უკვე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, ჩავა ყველა სოფელში, მოისმენს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და თითოეული მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას დადებს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ყურადღებით დააკვირდება, რადგან მთავრობასთან ერთად ეს არის საერთო მონაპოვარი და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ქარელსა და კასპში წევრების ნაწილმა დატოვა და კოალიციაში დარჩენა არჩია. პარტიის ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონებში მათ თანაპარტიელებზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა იყო, თუმცა პეტრიაშვილი ამას ცენტრალურ დირექტივად არ მიიჩნევს და ადგილობრივი ხელმძღვანელი პირების თვითშემოქმედებად აფასებს.

პარლამენტის დეპუტატმა თამაზ შიოშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები კონსტრუქციულ ოპოზიციაში გადავიდნენ და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულებას ყურადღებით დააკვირდებიან, რადგან ამ დაპირებების შესრულების ვალდებულება მათაც აქვთ აღებული.

ახლო მომავალში შიდა ქართლის ქალაქებში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული ოფისების გახსნა დაიწყება, ახალი წლიდან კი პარტია აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადაერთვება.

XS
SM
MD
LG