Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალციხეს ქალაქისა და თემის საკრებულოში 45 დეპუტატი ჰყავს


ახალციხის თვითმმართველ ქალაქსა და თემში საკრებულოებს საოლქო კომისია დააკომპლექტებს და პირველ სხდომას ჩაატარებს. როგორც ოლქში განმარტავენ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ეს პროცესი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერის შემდეგ დაიწყება. მანამდე კი ახალციხის მუნიციპალიტეტს კვლავ გამგებელი და ერთი საკრებულო მართავს. რა ვადებისა და პროცედურების გავლით დაკომპლექტდება ახალი თვითმმართველი ქალაქი და თემი?

რამდენიმე დღეში ახალციხეს, როგორც თვითმმართველ ქალაქს, ასევე თემს ოფიციალურად ეყოლება ახალი ხელმძღვანელი პირები და საკრებულოს წევრები. პირველ სხდომას #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამართავს და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოებს მაჟორიტარებით დააკომპლექტებს.თუმცა მანამდე თეა გავაშელი ამბობს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა დაიწეროს, შემდეგ კი ცნობილი გახდება ზუსტი თარიღი, თუ როდის დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე თვითმმართველი ქალაქისა და თემის წარმომადგენლები.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, ასევე საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და მათ შესაბამის მოწმობებს გადასცემს. საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით კი, შეჯამებიდან 30 დღის ვადაში ცესკო საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს, სადაც მაჟორიტარებსა და პარტიული სიის წარმომადგენლებთან ერთად მერს და გამგებელს წარადგენს, – აცხადებს კომისიის წევრი კარაპეტ კირაკოსიანი.

თვითმმართველი ქალაქისა და თემის ოფიციალურად ჩამოყალიბებასა და ახალი წევრებით დაკომპლექტებამდე ახალციხე ერთ მუნიციპალიტეტად რჩება და საკრებულოს ისევ ხალხის მიერ 2010 წელს არჩეული მაჟორიტარები მართავენ. ზუსტად როდის გაიმართება პირველი სხდომა, ეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისათვისაც უცნობია. მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, როგორც კი სხდომა დაინიშნება და საზოგადოების წინაშე ახალი გამგებელი წარდგება, მისი უფლებამოსილება შეწყდება. ჟუჟუნაძე ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ დარჩება, თუმცა რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას, ამაზე ვერაფერს ამბობს.

ახალციხის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, საკრებულოში ხუთი მაჟორიტარული და ათი პროპორციული სისტემით არჩეული წევრი შევა, რომელიც სამი პარტიის - „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ - წარმომადგენელებით დაკომპლექტდება. რაც შეეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს, საკანონმდებლო ორგანოს, 15 მაჟორიტარული და ამავე რაოდენობის პროპორციული სისტემით არჩეული წევრი ეყოლება, თუმცა მათ შემადგენლობაში მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შევლენ. #37 საოლქო საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 24 ივლისს დაიწერება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. ამის შემდეგ ცესკო განსაზღვრავს როდის გაიმართება პირველი საკრებულოს სხდომა.

XS
SM
MD
LG