Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სკოლებში სამედიცინო კაბინეტები ამოქმედდა


ახალი სასწავლო წლისათვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განათლების სამინისტროს მიერ 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდა. საჭირო ინვენტარით აღიჭურვა სკოლები. ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ზეიმით აღინიშნა. ოფიციალური მონაცემებით, წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში 490-მდე პირველკლასელია.

სასკოლო ავტობუსი და ტრანსპორტი ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლას ემსახურება. სიახლეა ისიც, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლებში, საპილოტე რეჟიმში, სამედიცინო კაბინეტი ამოქმედდა. ახალციხის მესამე სომხური საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სვეტა არუთუნიანი აღნიშნავს, რომ ახალ სასწავლო წელს სკოლა მომზადებული შეხვდა.

სასწავლო წლის დაწყება ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ადგილობრივი თვითმმართველი თემის პირველმა პირებმა მიულოცეს. გამგეობის კულტურის სამსახურის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1500 ლარზე მეტი გამოიყო, რაც 30 სკოლის 192 პირველკლასელისთვის საჩუქრების შეძენას მოხმარდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საკითხებში რეზო ანდღულაძე აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზერული საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს.

ახალი სასწავლო წელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო. 2014–2015 აკადემიური წლისათვის სიახლეა ისიც, რომ მეორე უცხო ენის სწავლება, მეშვიდე კლასის ნაცვლად, მეხუთე კლასიდან გახდა სავალდებულო. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, სასწავლო სახელმძღვანელოები ახალგაზრდებს სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაეცათ. ხათუნა ხმალაძის თქმით, წიგნებს მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ უკან დააბრუნებენ, მისი დაზიანების შემთხვევაში კი თანხას გადაიხდიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, წელს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა 50 000-მდე პირველკლასელმა დაიწყო. მათგან 42 000-მდე მოსწავლემ საჩუქრად კომპიუტერი მიიღო. საქართველოს საჯარო სკოლების ნახევარ მილიონამდე მოსწავლეს, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა. სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო პროცესის გამო, ექვს სკოლაში სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ სკოლებში გაცდენილი საათები, შაბათის ხარჯზე, პირველივე სემესტრში ანაზღაურდება.

XS
SM
MD
LG