ახალციხის საკანონმდებლო ორგანოების წევრებმა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და თავმჯდომარეები დაამტკიცეს. ასევე გაირკვა, რომ გამგეობასა და მერიაში აუდიტის სამსახურები შეიქმნება. რა ძირითადი საკითხები დარჩა დასამტკიცებელი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში და რატომ გადაიდო სხდომები?
ახალციხის თვითმმართველ თემში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მეორე სხდომაზე ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, თავმჯდომარესთან ერთად, ფრაქციების შექმნის თაობაზე შესული განცხადებები განიხილეს. თემის საკრებულოში ოთხი ფრაქცია ჩამოყალიბდა: „ქართული ოცნება-რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს წევრებმა ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა და მათი თავმჯდომარეები დაამტკიცეს. ხუთივე მუდმივმოქმედ კომისიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. თემის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ამბობს, რომ ძირითადი საკითხი, რაზეც ვერ შეთანხმდნენ, ანაზღაურებაა.
მეორე სხდომა გამართა თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანომაც. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, წევრებთან ერთად, პირველ სხდომაზე შექმნილი ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხიდან დებულებათა უმრავლესობა მიიღეს, თუმცა სხდომა მაინც გადაიდო. კახა ბერიძის თქმით, საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხა უნდა დამტკიცდეს, შეიქმნება აუდიტის სამსახური, რისთვისაც სხდომაზე მერიის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია.
სხდომაზე მიიღეს დადგენილებაც საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. დადგენილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა. „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი საკრებულოს წევრთა ანაზღაურების რაოდენობას აპროტესტებს. დადგენილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელფასო განაკვეთი თვეში 2 750 ლარს, მისი მოადგილის 2 150 ლარს, ხოლო კომისიების თავმჯდომარეების ანაზღაურება თვეში 1 500 ლარს შეადგენს. დეპუტატ ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე თანამდებობის პირთა ხელფასები ამ რაოდენობის არ უნდა იყოს.
თვითმმართველი ქალაქისგან განსხვავებით, თანამდებობრივი სარგოების საკითხი არ განუხილავთ თვითმმართველი თემის საკრებულოში. ამბობენ, რომ მთავარი ახლა სამსახურების შექმნა და მათი ღირსეული კადრებით დაკომპლექტებაა. ისევე როგორც მერიაში, აუდიტის სამსახურის შექმნა გამგეობაშიც იგეგმება. ეს საკითხები ორივე თვითმმართველ ერთეულში მომავალ სხდომებზე განიხილება.