სოფელი ილიაწმინდა ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, სადაც რუსეთიდან დევნილი მალაკნები თითქმის ორი საუკუნის წინ დასახლდნენ. ერთ დროს ხალხმრავალ სოფელში დღეს რამდენიმე ათეული ოჯახია დარჩენილი. ილიაწმინდელი მალაკნები კვირაობით “საბრანიეში”, ანუ მათ ეკლესიაში იკრიბებიან, ღვთისმსახურებისთვის. ლიტურგიაში ჩართულია ყველა, ვინც მას ესწრება. ტექსტს სახარებიდან ინაწილებენ და რიგ-რიგობით კითხულობენ, ფონად კი გალობა გასდევს. მალაკნები არ აღიარებენ სანთელს, ჯვარს და ხატს.
ეთნიკურად რუსები რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. სწორედ განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობის გამო დევნიდნენ მათ XIX საუკუნის დასაწყისში საკუთარ სამშობლოში. როგორც ილიაწმინდელი მალაკნები ამბობენ, დევნას ვერც საქართველოში გადაურჩნენ. წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ბევრი იყვნენ, ხელს უშლიდნენ ღვთისმსახურებაში, შემდეგ კი, როცა მათი ნაწილი რუსეთში დაბრუნდა საცხოვრებლად, სახლებს ძარცვავდნენ და აზიანებდნენ.
ილიაწმინდაში მალაკნების სახლებს ადვილად იცნობთ - ხის ფერადი აივნებით. მათ უმეტესობას შიგნით რუსული ღუმელი აქვს ჩაშენებული. იმ სახლებში, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობენ, ინახება ტრადიციული მეთოდით მოქარგული თეთრეული, სამოსი და ფარდები.