Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში მომხდარ აფეთქებას უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარ აფეთქებას უშიშროების სამსახურის თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას, სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, წუხელ, დაახლოებით ორი საათისთვის, გასკდა წყლის გამაცხელებელი ავზი. შედეგად ჩამოინგრა კედლის ერთი ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე წუხელ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე.

„ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. გასკდა წყლის ავზი და ამას მოჰყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია ე.წ. სინკარის ჩამოვარდნა და დაეცა ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ისვენებდა ოთახში. გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს სიცრუეა, არანაირი თავდასხმა არ მომხდარა. ცხელი ორთქლი დაგროვდა ავზში და ამან გამოიწვია მისი გასკდომა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

წუხელ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური განცხადება დღის განმავლობაში გაკეთდება: „კრიმინალისტები დაასრულებენ მუშაობას და შემდეგ გააკეთებენ განცხადებას“.

ზუგდიდში, გორის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მომხდარი აფეთქების ხმა გაიგეს მის სიახლოვეს მცხოვრებმა მოქალაქეებმა. შენობის მეზობლად ადგილობრივების კერძო სახლებია განლაგებული, თუმცა აფეთქებას სხვა შენობების დაზიანება არ გამოუწვევია.

„რაღაც ხმა გავიგე. არ იყო ძლიერი აფეთქების ხმა. გარეთ რომ გამოვედი, უკვე პოლიციის მანქანები იყო“, - ამბობს ზუგდიდელი კაკო ხასია.

ამ დროისთვის აფეთქების შედეგად დაზიანებულ შენობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე კვლავ მობილიზებული რჩება სახანძრო-სამაშველო სამსახურების მანქანები. გორის ქუჩაზე რჩებიან ასევე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG