რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის კომენტარების კვალდაკვალ, ისევ მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მზადდება თუ არა ნიადაგი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფალთა შეხვედრებისთვის, რას უარყოფს ზურაბ აბაშიძე და რას ფიქრობენ ექსპერტები პრაღის არაფორმალურ დიალოგზე?
„რია ნოვისტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა დადებითად შეაფასა პრაღის ფორმატის 2-წლიანი მუშაობის შედეგები და საგანგებო მიღწევად დაასახელა ქართული ღვინისა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაბრუნება რუსეთის ბაზარზე და, ასევე, საქმიანი კონტაქტების გააქტიურება.
ამავე ინტერვიუში დაისვა ორი ქვეყნის ხელისუფალთა სამომავლო შეხვედრების სადავო აქცენტიც:
„ჩვენ ძველებურად ვთვლით, რომ მაღალი და, მით უფრო, უმაღლესი დონის შეხვედრები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგანაც მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის ვერ მოაქვს არსებითი შედეგი. ვფიქრობ, ეს კარგად ესმით ჩვენს ქართველ პარტნიორებს. სწორედ უფრო მაღალი დონის კონტაქტებისთვის შესაბამის, აუცილებელ ნიადაგს ვამზადებთ აბაშიძესთან ერთად, ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის დავალებით“.
მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში არაერთხელ გამოუთქვამთ ასეთ შეხვედრებთან დაკავშირებული სურვილი თუ ვარაუდი, გრიგორი კარასინის კომენტარმა ოპონენტებს გაუმძაფრა ეჭვი, რომ პრაღის ფორმატის ფარგლებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ამის შესახებ ლაპარაკობს, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი:
„აბაშიძის საუბარი, რომ მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფრენები თუ მინერალური წყლის გასაღება იყო, რბილად რომ ვთქვათ, არ შეეფერება სინამდვილეს. ის მონაწილეობს - და მისი მეშვეობით საქართველოს მთავრობა მონაწილეობს - რუსული გეგმის, საქართველოს სატელიტად ქცევის განხორციელებაში“.
თუ რაიმე სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯისთვის არის რუსეთი მზად, ჩვენ ამის გამოჩენას უფრო ჟენევაში ველით, სადაც ყველაზე მთავარი პოლიტიკური საკითხები განიხილება...ზურაბ აბაშიძე
„სულ რომ ვარსკვლავები მოწყვიტო ცაზე და ზედ ცისარტყელაც მიაყოლო, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მოსაწონს მაინც ვერაფერს გააკეთებ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თავად ზურაბ აბაშიძე, რომლის საქმიანობაც, სხავათა შორის, არაერთხელ გახდა ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ მწვავე კრიტიკის სამიზნე.
პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს უკვირს, თუ რამ გამოიწვია ხმაური გრიგორი კარასინის კომენტარის შემდეგ, რადგანაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „რია ნოვოსტისთან“ მხოლოდ ნიადაგის მომზადებაზე ლაპარაკობს და არა უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებაზე. როგორც ზურაბ აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პრაღის ფორმატის ფარგლებში ვერც დაიგეგმება ასეთი შეხვედრები, რადგანაც არაფორმალური დიალოგი მხოლოდ ეკონომიკურ, კულტურულ თუ ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხება:
„თუ რაიმე სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯისთვის არის რუსეთი მზად, ჩვენ ამის გამოჩენას უფრო ჟენევაში ველით, სადაც ყველაზე მთავარი პოლიტიკური საკითხები განიხილება –აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით“.
საქართველოს არ აუკრძალავს ფრენები, ეს რუსეთმა გააკეთა და ემბარგოც რუსეთმა დააწესა. ანუ დიქტატი მიმდინარეობს იმ თემების, რომლებიც თითონ რუსეთმა შექმნა პრობლემებად და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, რომ ახლა ის ნელ-ნელა გვთავაზობს დაბრუნებას, ასე ვთქვათ, 2006 წლის სტატუს–კვოსთან...ირაკლი ფორჩხიძე
ზოგადად, ზურაბ აბაშიძე ემხრობა რუსეთისა და საქართველოს უმაღლესი პირების შეხვედრის იდეას, თუმცა თვლის, რომ ასეთი შეხვედრა საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს და ძირითადად უნდა შეეხებოდეს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრაღის ფორმატის მიზანს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ჩანაცვლება.
თუმცა თუკი საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე–პრეზიდენტს ირაკლი ფორჩხიძეს შევეკითხებით, მისი დაკვირვებით, პრაღის ფორმატმა უკვე მეორე პლანზე გადასწია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მნიშვნელობა და აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატი აზარალებს საქართველოს ინტერესებს:
„არ ვამართლებ ამ ფორმატს. ის ეროზიას იწვევს ყველა იმ ძირითადი თემის, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ხდება არასწორი აქცენტების დასმა... საქართველოს არ აუკრძალავს ფრენები, ეს რუსეთმა გააკეთა და ემბარგოც რუსეთმა დააწესა. ანუ დიქტატი მიმდინარეობს იმ თემების, რომლებიც თითონ რუსეთმა შექმნა პრობლემებად და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, რომ ახლა ის ნელ-ნელა გვთავაზობს დაბრუნებას, ასე ვთქვათ, 2006 წლის სტატუს–კვოსთან. ვერ ვხვდები, რას იგებს ამ შემთხვევაში საქართველო“.
ირაკლი ფორჩხიძის შთაბეჭდილებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძე-კარასინის პრაღის ფორმატის შეხვედრებს მუდმივად ესწრება საგარეო უწყების წარმომადგენელი. წინასწარი ინფორმაციით, პრაღის შეხვედრებს ასევე დაესწრებიან ორი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროთა წარმომადგენლები.
გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ერთმანეთს, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში შეხვდებიან.