Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკაცრი ვერტიკალით მართული სტუდენტობა


საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები
სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტურ ცხოვრებას მოწყვეტილია და ის მკაცრი ვერტიკალით იმართება - ასეთია ხშირად განწყობა სტუდენტებისა, რომელნიც სტუდენტურ თვითმმართველობას ბოლო დღეებში ღიად დაუპირისპირდნენ. ჩატარდა აქცია, იყვნენ ნაცემი სტუდენტებიც, თუმცა ამ საკითხებზე კონკრეტული საგამოძიებო პასუხები ჯერჯერობით არ არის. რას წარმოადგენს თავად თვითმმართველობის სტრუქტურა? - სტუდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ ფუნდამენტი ყველა დაპირისპირებისა არა კონკრეტული ადამიანები, არამედ სტუდენტური მართვის ცენტრალიზებული მექანიზმია.

თვითმმართველობაზე, როგორც ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, წარმოდგენის შესაქმნელად რამდენიმე პარამეტრს შევეხები.

თავი I) თვითმმართველობის ორგანიზაციული სტრუქტურა

„სტუდენტური თვითმმართველობა უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან დაუშვებელია…”

გვამცნობს თვითმმართველობის დებულება, ასე ვთქვათ, სტუდენტთა კონსტიტუცია, რომლის შესავალში სხვადასხვა ფორმით სიტყვა „დემოკრატია“ რამდენჯერმეა ნახსენები. თუმცა როგორ იმართება თვითმმართველობა შიგნიდან? მოდით, ჯერ სტუდენტებს მოვუსმინოთ, შემდეგ კი თავად ფუნდამენტურ დებულებას დავუბრუნდეთ. ალექსანდრე ცაგარელი, მეორე კურსის პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტი:

„მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობა მოწყვეტილი არის სტუდენტობას და მათ ნებას, ანუ წარმომადგენლობა ჩვენი მხრიდან ნაკლები არის. მათ არ აქვთ განცდა, რომ ჩვენ წარმოგვადგენენ. მე მგონია, რაღაც თავისთვის არსებობენ ისინი, მკაცრი ვერტიკალით იმართებიან.“

მოდით, უფრო ახლოს ჩავიხედოთ თვითმმართველობის სტრუქტურაში. დავიწყოთ თვითმმართველობის დებულებით. დებულების მიხედვით, უმთავრეს საკითხებზე, როგორიცაა დაფინანსება, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. მაგალითად, მუხლი 30 ამბობს:

”სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი:
ი) შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტს;
კ) განიხილავს პროექტებს და მათი დაფინანსების საკითხს.”

ანუ პირველი ის, რომ ფულს ძირითად შემთხვევაში განაგებს პრეზიდენტი; მეორე, ცალკეული რგოლების ფუნქცია დებულებაში საკმაოდ ვიწროდაა გაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ შესავალში სიტყვა „დემოკრატიაა“ ნახსენები, თავად ფორმა დოკუმენტისა საკმაოდ ცენტრალიზებულ მმართველობას ითვალისწინებს. მართვის ორი სხვა რგოლის - საფაკულტეტო საბჭოებისა და დეპარტამენტების - ფუნქცია-მოვალეობანი ძირითადად მოიცავს რუტინული პროცედურების მიდევნებას. პრეზიდენტის უფლება- მოვალეობათა სია რამდენჯერმე დიდია მის პასუხისმგებლობაზე.

კიდევ ერთი დეტალი, რაც სტრუქტურის აღსაწერად უნდა ვახსენოთ, არის თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა. დებულების მიხედვით, თვითმმართველობა რამდენიმესაფეხურიან არაპირდაპირ არჩევნებს მოიცავს. დებულებაში არ არის მითითებული, თუ სტუდენტთა რა პროცენტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა იმისათვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ანუ შეკითხვა აქ ასეთია: რამდენმა სტუდენტმა აირჩია დღევანდელი თვითმმართველობა, ანუ რამდენად წარმომადგენლობითია იგი? სტუდნეტების ნაწილს მიაჩნია, რომ საარჩევნო სისტემა ფორმალობაა და მართვის უმაღლესი რგოლი, ანუ პრეზიდენტი, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, შემდეგ კი ცენტრალიზებული ვერტიკალით მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება ხდება.

თავი II) თვითმმართველობის ფუნქცია

როგორც არ უნდა იმართებოდეს თვითმმართველობა, მისი მთავარი ფუნქცია დებულებითაა გაწერილი. დებულების მეშვიდე მუხლი ამბობს, რომ თვითმმართველობის მთავარი ფუნქციაა:

”გ) დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;
დ) დახმარება გაუწიოს სტუდენტებს სწავლის პერიოდში, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.”

თუმცა როცა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა კვლევა და ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ უნივერსიტეტში პრობლემა სასწავლო ლიტერატურის ნაკლებობაა ქართულ ენაზე და რომ ზოგადად, სასწავლო ლიტერატურის შეძენის მხრივ, უნივერსიტეტის სისტემა მოუქნელია, თვიმმართველობაში სტუდენტებს განუცხადეს, რომ ეს საკითხები თვითმმართველობის პირდაპირი პრეროგატივა არ იყო. თვითმმართველობიდან საინიციატივო ჯგუფს ლევან ჩოხელი ესაუბრა:

„თვითმმართველობა ორიენტირებული არის სტუდენტური ღონისძიებების ჩატარებაზე და სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ დაიხარჯება წიგნების გადათარგმნაზე.“

თვითმმართველობის რესურსი გასართობ და სპორტულ ღონისძიებებზე იხარჯება, ამბობს სტუდენტთა ნაწილი. დიტო ხუსკივაძე, მეორეკურსელი:

„თვითმმართველობა ძირითადად გადასულია ’ტაშ-ფანდურაზე’. ‘ტაშ-ფანდურაში’ იგულისხმება თუნდაც ექსკურსიები, თუნდაც ისეთი სტუმრების მოწვევა, როგორიც არის გივი სიხარულიძე, იუმორინა და ასე შემდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ თვითმმართველობას, რომ გააკეთოს აქცენტი უფრო ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის თუნდაც სწავლის დონის ამაღლება.“

ცნობილ საუნივერსიტეტო შეხვედრაზე, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ წიგნები თარგმნილიყო და თვითმმართველობას გასართობ ღონისძიებებზე მეტი დრო ამ საკითხისთვის დაეთმო, ჩანაწერში თვითმმართველობის ერთ-ერთი წევრი ამბობდა:

„წესდება თუ გაქვთ რომელიმეს წაკითხული, მსგავსი შეკითხვა აღარ გაგიჩნდებოდათ. როცა ამას ტაშ-ფანდურას ეძახით, ჩანს, რომ, უბრალოდ, არ ხართ ჩახედული თვითმმართველობის საქმიანობაში.

თავი III) ორგანიზაციის, ანუ თვითმმართველობის, გარემო


რამდენიმე საკითხი, რომელიც წინა პლანზე წამოიწია, არის წიგნების რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, ანუ კვალიფიცური პროფესორ- მასწავლებელები; წმინდა ორგანიზაციული სახის პრობლემები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ცხრილებში საგნების დამთხვევა ან საგნების არჩევის დროს ცუდი დაგეგმარება; ამას გარდა, პრაქტიკული სამუშაოების ნაკლებობა და მთლიანად განათლების სისტემა. ანი ჭანკოტაძე, სოციოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი, ამბობს:

„ლიტერატურა ელემენტარული არ არის; არ არის ნორმალური ბიბლიოთეკები, სადაც წიგნები იქნებოდა ჩვენთვის გასაგებ ენაზე, სადაც შეგვეძლებოდა ნებისმიერ დროს მისვლა და მეცადინეობა; არ არის უამრავი რესურსი, რაც საჭიროა. ბევრი საგანი არ არის, რაც უნდა ისწავლებოდეს და არ ისწავლება. მაგალითად, მე ვარ მეოთხეკურსელი, ვამთავრებ მაღალი აკადემიური მოსწრებით უნივერსიტეტს და მე არ მაქვს ის ცოდნა, რაც უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს მეოთხე კურსზე.“

მსგავს პრეტენზიებს სტუდენტები აყენებენ, პირველ რიგში, სტუდენტური თვითმმართველობის წინაშე, რომელსაც ორი მთავარი არგუმენტი აქვს. პირველი ის, რომ ფუნქციებში ეს გაწერილი არ არის და მეორე, ეს არაა ის, რაც უმრავლესობას უნდა. ერთ-ერთ არასაჯარო სტუდენტურ შეხვედრაზე სტუდენტები ამ საკითხზე ერთმანეთს ესაუბრებოდნენ:

”- არის ეს სტუდენტების დიდი ჯგუფი, რომელიც იძახის, რომ ჩვენ გვინდა მეტი განათლება უნივერსიტეტისგან. მაგრამ არის მეორე ჯგუფი, უფრო დიდი, რომელიც ამბობს, რომ მათ სურთ ექსკურსიები.

-ეგრე არ არის. უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება და არა გასართობი.

-კი მაგრამ, თვითმმართველობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ისიც იყოს და ისიც იყოს.

- გართობას და ტაშ-ფანდურს უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე რა ფუნქციაც აქვს უნივერსიტეტს, საგანმანათლებლო ფუნქცია. ”

თავი IV) ინფორმაციის ნაკადი ორგანიზაციასა და გარემოს შორის

დავიწყოთ თვითმმართველობის ვებგვერდით. ვებგვერდზე ინფორმაცია ბოლოს 2010 წლით განახლდა. მითითებულია, რომ ვებგვერდის გაუმჯობესება მიმდინარეობს. აქ არ დევს არც თვითმმართველობის ბიუჯეტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე არ დევს არც ელექტრონული მეილი და არც ტელეფონის ნომერია მითითებული. სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი სხვადასხვა დონეზე რამდენიმე თვეა ცდილობს გაარკვიოს როგორია თვითმმართველობის ბიუჯეტი. ანი ჭანკოტაძე:

„ვითხოვთ თვითმმართველობის - 2007 წლიდან დაწყებული - 2008, 2009, 2010, 2011 წლების ბიუჯეტს.

თავი V) დასკვნა

როგორც ნახეთ, ჩვენ ოთხ ძირითად პარამეტრს შევეხეთ: მართვის სისტემას, ორგანიზაციის ფუნქციებს, ინფორმაციის დინამიკას ორგანიზაციასა და გარემოს შორის და გარემოს მოთხოვნებს ორგანიზაციის მიმართ. არსებობს ასეთი სამეცნიერო მიმდინარეობა - ’ორგანიზაციული კომუნიკაცია’(Organizational Communication). ეს სფერო ძირითადად იკვლევს ორგანიზაციების მუშაობას და გარემოსთან მათი ადაპტირების პრობლემებს. ორგანიზაციული კომუნიკაციის ფუნდამენტურ ბაზისში სწორედ ზევით მოყვანილი კრიტერიუმები გვხვდება. ანუ თუ ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ვერტიკალურად იმართება, თუ ინფორმაციის ნაკადი სისტემასა და გარემოს შორის გართულებულია და თუ სისტემის ფუნქციაზე ცალსახა მიდგომების ჩამოყალიბება ორგანიზაციის გარეთ და მის შიგნით ჭირს, ესე იგი ორგანიზაცია მოწყვეტილია იმ გარემოს, რომელშიც ის ფუნქციონირებს. ორგანიზაციული კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი, კარლ ვეიკი, ასეთ შემთხვევებში ვარაუდობს, რომ სწორედ ეს არის კრიტიკული წერტილი, როცა ორგანიზაციის დაშლა იწყება მცირე ჯგუფებად, რადგან ორგანიზაციის ცენტრალიზებულ მონოლითურ ფორმას უჭირს საკმარისად სწრაფი რეაგირება გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. თუმცა აქ ერთი შეკითხვა უნდა დაისვას: რამდენად დიდია მუხტი გარემოსი? რადგან სტუდენტები, რომლებიც ცენტრალიზებულ სისტემას უპირისპირდებიან, ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ მთლიანი საუნივერსიტეტო ცხოვრებისა.
XS
SM
MD
LG