Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი დემოკრატიისთვის საჭირო თანხები


შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა იმ პროგრამების შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელთა მიზანიც საქართველოში დემოკრატიის განვითარება და სამართლიანი მმართველობის მიღწევაა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობა ამ მიმართულებით 90 მილიონ დოლარს გამოყოფს. ჯონ ბასმა იმ პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რომელიც, შეერთებული შტატების ხედვით, საქართველოს დემოკრატიზაციისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი იქნება.
შეერთებული შტატები საქართველოში მხარს უჭერს დემოკრატიული მიზნების განხორციელებას...

საქართველოში დემოკრატიისათვის შეერთებული შტატების მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით დაფინანსებულ პროექტებში გამოიხატა. მათ შორის არის პროგრამები სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რამაც კანონის უზენაესობა უნდა განაპირობოს; პოლიტიკური პაექრობის არეალის შესაქმნელად მიმართული პროგრამები; სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო განათლების დანერგვისთვის გამიზნული პროგრამები... მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ასევე მედიის განსავითარებლად მიმართულ თანხებსა და ძალისხმევას.

შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ შტატების მთავრობა მხარს უჭერს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნდობის გაღრმავებას საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის გზით, ანუ იმით, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სანდო ინფორმაცია.
კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს შედეგები, მაგრამ მას ექნება ნდობა იმ შედეგების მიმართ, რომელიც არჩევნებმა გამოავლინა...

”როდესაც მეკითხებიან, ვის უჭერს მხარს შეერთებული შტატები საქართველოში, მე ვუპასუხებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოში მხარს უჭერს დემოკრატიული მიზნების განხორციელებას; ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ შედეგებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ექნება სულ უფრო მზარდი ნდობა მთავრობის მიმართ; ჩვენ ვუჭერთ მხარს ისეთ შედეგებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება მეტად სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ სხვადასხვა მოთამაშეები და როგორი შეიძლება იყოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გავლენა და შედეგები”, თქვა ჯონ ბასმა. მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი დემოკრატიზაციისკენ სვლის პროცესში საარჩევნო სისტემის მნიშვნელობას და შენიშნა, შეერთებული შტატების სურვილია, საქართველოში ხალხმა თავად გააკეთოს არჩევანი საარჩევნო ყუთებთან გამჭვირვალე პოლიტიკური სისტემის მეშვეობითო.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ისეთი კონკურენტული პოლიტიკური სისტემის განვითარებას, როდესაც ამომრჩეველს ექნება ნდობა საარჩევნო სისტემისადმი. კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება ყოველთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს შედეგები, მაგრამ მას ექნება ნდობა იმ შედეგების მიმართ, რომელიც არჩევნებმა გამოავლინა” ,- განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
ოპოზიციისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება ავტომატურად ხელისუფლებისთვის არის მოტივაცია, რომ ამერიკის მთავრობისთვის უფრო სანდო გახდეს...

ექსპერტი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში დემოკრატიული მიღწევების შესამოწმებლად და საბუთად სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება. გამომდინარე აქედან, ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები აშკარად მხარს უჭერს ოპოზიციას - ერთი მხრივ, იმ მიზნით, რომ მათ საკუთარი იმიჯი შეცვალონ და, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ისინი ხელისუფლებას საშუალებას აძლევენ გახდეს უფრო სანდო:

”ოპოზიციისთვის ასეთი ნდობის გამოცხადება ავტომატურად ხელისუფლებისთვის არის მოტივაცია, რომ ამერიკის მთავრობისთვის უფრო სანდო გახდეს. არ მგონია, ეს ერთმნიშვნელოვნად იმის გამოცხადება იყოს, რომ ამერიკის მთავრობა არ ენდობა საქართველოს მთავრობას, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ამერიკის მთავრობას სურს, საქართველოს მთავრობამ ამისათვის უფრო მეტი გააკეთოს.”
ინსტიტუციურად სასამართლო სისტემის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის...

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისათვის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამან ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ამ ახალ ეტაზე თავად სასამართლოს, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს, გაძლიერება მიაჩნია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად:

”ინსტიტუციურად სასამართლო სისტემის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის.”
აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, რომელმაც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ბევრად უფრო გაუჭირდებოდა ქვეყანას. ამდენად, მთავრობა მადლიერია და გიგა ბოკერიამ პირობაც დადო, რომ საქართველოს მთავრობა და საზოგადოება არჩეული დემოკრატიული გზიდან არ გადაუხვევს.

პრეზენტაციაზე ითქვა, რომ სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად შეერთებული შტატების მთავრობამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 200 მილიონი დოლარი დახარჯა, უკანასკნელ 4 წელიწადში - 110 მილიონი დოლარი, მომავალი 4 წლის განმავლობაში კი მეტი დემოკრატიის მისაღწევად შეერთებული შტატები 90 მილიონ დოლარს დახარჯავს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG