Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გლეხები საძოვრების სიმცირეს უჩივიან


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საძოვრების სიმცირე სახელდება. გლეხებს პირუტყვის გაყვანა მეზობელი სოფლების ტერიტორიაზე უწევთ, რასაც არცთუ იშვიათად ადგილობრივებს შორის კამათი და უთანხმოება მოსდევს. მცირე საძოვრების გარდა, გლეხებს კიდევ ერთი პრობლემა დაემატათ - უახლოეს მომავალში შესაძლოა საძოვრების პრივატიზება მოხდეს:
,,საძოვრები არ გვაქვს, გარშემო სხვა სოფლებია - წყორძა, ანდრიაწმინდა, მუსხი, ხეოთი - და ძალიან ცუდ დღეში ვართ სუყველა.. პატარა საკარმიდამო ნაკვეთები გვაქვს და მაგასაც არ გვიფორმებენ, რადგან სადავოა ეგ მიწის ნაკვეთებიო. გზის პირებზე ვაბალახებთ საქონელს... “

”იყიდებაო ნაკვეთები და ჩვენ, ალბათ, ვერ შევისყიდით - ხალხი გაჭირვებულია. გვინდა, რომ არ გაიყიდოს და ჩვენი საძოვარი ჩვენ გვქონდეს. საძოვარი თუ არ იქნება, რითი ვიარსებებთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ფულზე, რითი ვიარსებებთ, მოგვიწევს თივის ყიდვა, მოვლა და იძულებული გავხდებით გავყიდოთ საქონელი.”

”საძოვრები ნაკლებია სოფელ უდეში და მთაში თუ წავალთ, შეღავათები არის, რა.”

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სოფლებში საძოვრების პრობლემა აქტიურდება. სოფელ აწყურის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის გელა მუმლაძის განმარტებით, ამ დროისათვის მოსახლეობა საქონლის მთაში წასაყვანად ემზადება:

”მუშა საქონელი რჩება ბარში, ხოლო მშრალს აგზავნიან მთაში, თუმცა არც იქ არის საკმარისი ტერიტორია. ახლა ემზადებიან მთაში წასაყვანად. ცენტრალურ აწყურში გუშინ გავიდა მწყემსი. არის უბნები, სადაც ჯერ არ გასულა.”

სოფლების რწმუნებულები განმარტავენ, რომ ხშირად საძოვრების სიმცირე მხოლოდ ბარშია, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია პირუტყვი მთაში წაიყვანოს, თუმცა სოფელ ანის მოსახლეობას საკუთარი ტერიტორია არც მთაში გააჩნია. ელიაწმინდის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული გარსევან კაპანაძე აცხადებს, რომ ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მოსახლეობა მზადაა მოსაკრებელიც გადაიხადოს:

”სოფელ ანის მოსახლეობა განიცდის საძოვრების უკმარისობას, ამიტომ მოსახლეობა იძულებულია მეზობელი ადიგენის ტერიტორიაზე გაიყვანოს პირუტყვი, რასაც ხშირად ძალიან დიდი უთანხმოება და უკმაყოფილება მოსდევს. ზოგჯერ პირუტყვი სათიბებში გადადის და არის ერთი ამბავი. იქნებ გამოგვეყოს რაიმე ტერიტორია და თუ იქნება გადასახადი, არც მაგაზე იქნება პრობლემა, მოსახლეობა გადაიხდის მოსაკრებლის სახით.”

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად დანიშნული გამგებელი გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ საძოვრების პრობლემა მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში დგას:

”რაც შეეხება საძოვრების პრობლემას, ამაზე მუშაობა მოგვიწევს. ეს არა მარტო ორი სოფლის მოსახლეობის პრობლემაა, არამედ ბევრ სოფელს აქვს ეს პრობლემა და ჩვენ მოსახლეობას ყველანაირად გვერდში უნდა დავუდგეთ.”

აპრილის თვის ბოლოდან ოქტომბრამდე საძოვრების პრობლემა გლეხებს განსაკუთრებით აწუხებთ, რადგან ამ პერიოდში პირუტყვის გამოკვება მათ მინდორში უწევთ.
XS
SM
MD
LG