Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ქუთაისში აღკვეთილად გამოაცხადა რამდენიმე ტერაქტი


ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში სამართალდამცავებმა ტერაქტები აღკვეთეს. არსებული მონაცემებით, მერიის შენობის გარდა, იუსტიციის სახლის აფეთქებაც იგეგმებოდა. ორივე შენობა ქუთაისის ცენტრში მდებარეობს. მერიის შენობაში განთავსებულია ქალაქის საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იუსტიციის სახლში კი - სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები, ეროვნული არქივი და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სამსახური.

როგორც თვითმხილველებმა რადიო თავისუფლებას უამბეს, პოლიციამ შენობების მიმდებარე ტერიტორიები ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის მოტივით, დილის 10 საათისთვის გადაკეტა. მოგვიანებით ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია 2 პირის დაკავების შესახებ.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ქუთაისელები მომხდარის გამო შეშფოთებას ვერ მალავდნენ. ერთ-ერთმა რესპონდენტმა ჯერ კიდევ სამართალდამცავების ოფიციალური კომენტარის გავრცელებამდე განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზატორად რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს. კიდევ ერთი რესპონდენტის თქმით, მომხდარის გამო რამდენიმე შეკითხვა გაუჩნდა და მხოლოდ შსს-ს კომენტარის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს, რამდენად დამაჯერებელია ოფიციალური ვერსია.

ქუთაისში ტერაქტების აღკვეთის თაობაზე საქართველოს შსს-მ საკუთარ ვებსაიტზე ოფიციალური ინფორმაცია საღამოს 6 საათისთვის გამოაქვეყნა. სამინისტროს განცხადებით, დაკავებულნი არიან მანუჩარ და ავთანდილ ძაძუები, რომლებიც ქუთაისში ტერაქტების მოწყობას ჰექსოგენის გამოყენებით გეგმავდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება დაგეგმილი იყო ქუთაისში, ლეიბორისტული პარტიის ოფისთანაც. სამინისტროს ცნობითვე, ოკუპირებული გალის მკვიდრმა მანუჩარ ძაძუამ ტერაქტების დავალება და ასაფეთქებელი ნივთიერება ოჩამჩირეში მიიღო რუსი ოფიცრის სერგეი უშაკოვისგან.
XS
SM
MD
LG