Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულიზმი და უფრო მეტი


ერთი შეხედვით, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან მწერალ ზაზა ბურჭულაძის დატუქსვის ფაქტი “პოპულისტურ ნაბიჯად” შეფასებისთვის იდეალურ ფაბულას ქმნის. ყველა საჭირო პერსონაჟი ადგილზეა - ახალგაზრდა, “ეპატაჟნიკი” მწერალი, მისით აღშფოთებული, უფროსი თაობის ინტელიგენტები და ხელისუფლება, რომელმაც ეს ჯგუფი, “ინტელიგენტები” თავის დროზე მოიმდურა, ამის მწარე შედეგები იწვნია და ახლა მათი გულის მოგებას ცდილობს საიუბილეო ვარსკვლავების გახსნით, საახალწლო ინდაურების ჩამორიგებით და, რახან საჭირო გახდა, მათი გამანაწყენებელი “ცუდი ბიჭის” საჯაროდ გაკიცხვითაც.

მაგრამ პოპულიზმი ერთგვარ გათვლასაც გულისხმობს - უმრავლესობასთან, “ჩვეულებრივ ადამიანებთან” და დომინანტურ შეხედულებებთან მიზანმიმართულ ფლირტს. ამ დროს კი ადვილი დასაშვებია, რომ სააკაშვილი ამ განცხადების გაკეთებისას სრულიად გულწრფელი ყოფილიყო. ამ წლების მანძილზე ქვეყნის კულტურული ცხოვრება ასე თუ ისე იძლევა მისი გემოვნების ამოცნობის საშუალებას და, სავარაუდოდ, გამომწვევი, პროვოკაციული და ჩარჩოებიდან სულ ოდნავაც გასული კულტურული ფორმები თუ აქტები მას დიდად არ უნდა მოსწონდეს. აი, ბრჭყვიალა დეკორაციები, ბროლის ჭაღები, კლასიკოსი მწერალ-პოეტების ფრთიანი ფრაზების (ხშირად შეცდომით) ციტირება, მსუბუქი საოპერო არიები და პოპმუსიკად ქცეული ოპერის - “პოპერის” - ვარსკვლავი, დავარცხნილი და მოზომილი ანდრეა ბოჩელი კი სხვა ამბავია. სააკაშვილი ნამდვილად არ არის ვაცლავ ჰაველი, რომელიც როლინგ სტოუნსის წევრებთან ერთად სვამდა, ავანგარდისტი გენიოსი, ექსცენტრიული ფრენკ ზაპა კი თავისი მთავრობის კულტურულ ელჩად დანიშნა. ჩვენი პრეზიდენტისთვის კულტურული ტრანსგრესიის მაგალითი უწყინარზე უწყინარი, ოდესღაც ერთი კომერციული ჰიტის მქონე და ახლა ყველასაგან დავიწყებული კრის დე ბურგის მოსმენის აქტია - რის გამოც თურმე გვიანდელ საბჭოთა კავშირში ხალხს აპატიმრებდნენ კიდეც, მთელი გარდაქმნების და საჯაროობების მიუხედავად.

კრის დე ბურგის შემოქმედების ფონზე, ზაზა ბურჭულაძის საქციელი ნამდვილადაა გაბედული ნონკონფორმიზმის და უმწვავესი ეპატაჟის მაგალითი. არადა თავისთავად ბევრი არაფერი. განსაკუთრებული იუმორის გამო განთქმულ აუდიტორიას ერთი ძველი, გაცვეთილი კლიშე გაახსენეს - “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი”. და მასაჟის გაკეთება შესთავაზეს კიდევ. ესაა და ეს… შედეგად კი მძიმე სურათი მივიღეთ. ის, რომ ქუთაისის თეატრში შეკრებილი აუდიტორიის ნაწილს განსაკუთრებული იუმორი კი არა, სულ ოდნავი სილაღე და თვითირონიაც კი არ აღმოაჩნდა და აღშფოთებულებმა, ქოთქოთით დატოვეს დარბაზი, ცალკეა დიდი და საქართველოს კულტურული ცხოვრების თანმდევი პრობლემა. მაგრამ როცა ამ აღშფოთების ლეგიტიმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოახდინა - მწერალი დატუქსა, რომ “ძველი ეპოქის სტერეოტიპებით” აზროვნებს, პროგრესულ ცვლილებებს ვერ ამჩნევს და მასწავლებელივით მიგვითითა, რომ “ასეთი ტონით საერთოდ არავისთან არ შეიძლება ლაპარაკი” - ვითარებამ, კომიკურობასთან ერთად, მკვეთრად უსიამოვნო ელფერიც შეიძინა.

ამ ელფერზე უკვე დაიწერა - მართებულად ითქვა, როგორ აღძრავს ის ასოციაციებს საბჭოთა პერიოდთან, როცა მწერლებს პარტიის გენერალური ხაზის ერთგვარი ფილტრის, “ხალხამდე” დამაჯერებლად მიტანის ფუნქცია ეკისრებოდათ. “21-ე საუკუნეში საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა მიუთითებდეს ამა თუ იმ მწერალს, რომელი მშენებარე თუ დასრულებული შენობ-ნაგებობების დანახვა და დაფასებაა აუცილებელი” - უიმედოდ ტრივიალური ჭეშმარიტებების მტკიცება უწევს პენ-კლუბს, რაც თავისთავად ძალიან - ძალიან - გულდასაწყვეტი ამბავია.

მწერლის საჯარო ნააზრევის რეგულირების - მარტივად, ცენზურის - დაწესების მცდელობასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის მხრიდან ასე საჯაროდ, ღიად გაკიცხვას სახიფათო შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს, რასაც, წესით, ქვეყნის ლიდერი ინტუიციით მაინც უნდა გრძნობდეს. სხვა თუ არაფერი, პირველი პირის უპირობო მაამებელი ჩვენში ბევრი მოიძებნება - “ძალოვან სტრუქტურებად” წოდებულ ადგილებში დასაქმებულთა ჩათვლით - და ადვილი წარმოსადგენია, რომ ვინმეს დატუქსულის კიდევ უფრო დასჯა მოეპრიანოს, თან ხელსაყრელ სიტუაციაში თუ აღმოჩნდება. მით უმეტეს, რომ სამიზნე მყიფეა - ინტელიგენციის შემაწუხებელი, უწმაწური სიტყვებით მოლაპარაკე, ამავე დროს ცოტათი დაძაბული და “ეპატაჟნიკის” გულგრილ თავდაჯერებულობას მოკლებული ახალგაზრდა მწერლის დაცვაზე საეჭვოა, დიდად გამოიდოს თავი ჩვენი საზოგადოების მორალურ-დარბაისლურმა უმრავლესობამ - “კაცური”, თუ ახლა უკვე “შეფიცული” გაგების მქონე ოპოზიციის წარმომადგენლების ჩათვლით.

მოკლედ, ვითარება მართლა უსიამოვნოა, ბევრი ფაქტორის გამო. თუმცა, ბალანსის დაცვისთვის პოზიტიურიც დავინახოთ და ვთქვათ, რომ მთავლიტის ამოქმედებამდე ალბათ ჯერ მაინც გვაკლია ცოტა. მიღწეულ მიზნებზე, არნახულ პროგრესზე და ქვეყნის გამარჯვებებზე მსჯელობას ყველა მწერალს ჯერჯერობით არ სთხოვენ - და არც ეპატაჟის ყველა მცდელობა ხდება გაკიცხვის საგანი, რაც არ უნდა დავარცხნილი და ბრჭყვიალა კულტურული ფორმები ერჩივნოს ქვეყნის პირველ პირს.

ზაზა ბურჭულაძის დატუქსვის მიზეზი, მისი ქმედების პროვოკაციულ ფორმაზე მეტად, გამოსვლის შინაარსი გახდა. “ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი” წინააღმდეგობაში მოვიდა ხელისუფლების მხრიდან “ქურდული სამყაროსთვის” გამოცხადებულ ბრძოლასთან და პრეზიდენტიც, როგორც ჩანს, უწინარესად ამან აღაშფოთა. ეს, პრინციპში, ლოგიკურია. ქვეყანაში, სადაც კრიმინალის რომანტიზაციასთან ბრძოლა უმეტესად ტლანქ, სწორხაზოვან პროპაგანდისტულ ფორმებს იღებს - ბედნიერი ბავშვების მიერ შესრულებული პოლიციური ჰიმნებით თუ სასკოლო კონკურსებით თემაზე “მე მიყვარს ჩემი პოლიცია” - ამ თემის მიმართ ირონიული დამოკიდებულება ან ამაზე ქილიკი დაუშვებელი და საეჭვო ხდება. ალბათ თვლიან, რომ ქურდული სამყარო, კრიმინალური “მენტალიტეტი” თუ ძველბიჭური მაჩოიზმი ჯერ კიდევ ახლახან იმდენად ძლიერი იყო, რომ ამასთან დაპირისპირებაც უხეშად გულმოდგინე პროპაგანდით უნდა მოხდეს.

რამდენად სწორად თვლიან, ეს ერთი საკითხია და ამაზე ბლოგის კომენტარებში შეგვიძლია ვილაპარაკოთ. საკუთრივ ტექსტის დამთავრება კი მე თვითონ მიწევს პროპაგანდისტულად - იმის შეხსენებით, რომ რაც უნდა მართებული იყოს ხელისუფლების კონკრეტული მიზანი და როგორი უხერხული ასპექტებიც არ უნდა უკავშირდებოდეს რომელიმე ქალაქის ახლო წარსულს, ამ თემებზე თავისუფლად ლაპარაკის, მათი გაკრიტიკების, თუნდაც მათზე ქილიკის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. ძალაუფლების, პოლიტიკის, გაბატონებული სტერეოტიპების მიმართ სკეფსისი და ირონია თავისუფალი საზოგადოების განვითარების მთავარი პირობაა - რაც, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი რომელიმე მავნებლური სუბკულტურის, თუ “მენტალიტეტის” აღმოფხვრა იქნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG