Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბელგრადში გაიმართა პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდასაჭერი აქცია

ბელგრადში გაიმართა პრეზიდენტ ვუჩიჩის მხარდასაჭერი აქცია


ვუჩიჩი მიტინგზე, 12 აპრილი
ვუჩიჩი მიტინგზე, 12 აპრილი

შაბათს, 12 აპრილს ბელგრადში გაიმართა პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მხარდამჭერთა მასობრივი აქცია, რომელსაც წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ.

სერბეთში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გასული წლის ნოემბერში, ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

უბედური შემთხვევის შემდეგ დაწყებული სტუდენტური აქციები გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც აკრიტიკებს ვუჩიჩის პირობებში კანონის უზენაესობის სისუსტეს და სისტემურ კორუფციას. საპროტესტო აქციებს სერბეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა, თუმცა საპარლამენტო არჩევნები ჯერ არ დანიშნულა.

ალექსანდარ ვუჩიჩი ერთი მხრივ, აცხადებს, რომ უსმენს საპროტესტო აქციების მონაწილეების გზავნილებს, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ მათ უკან „უცხოური ძალები“ დგანან, რომლებსაც სერბეთში „მაიდნის“ მოწყობა სურთ.

12 აპრილს, პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე, ვუჩიჩმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მომხრეებთან ერთად, ქუჩებში ჩამოატარეს სერბეთის 200-მეტრიანი დროშა, რომელსაც პრეზიდენტმა სერბეთის ისტორიაში „ყველაზე გრძელი დროშა“ უწოდა.

მიტინგზე, რომლის მთავარი გზავნილიც იყო „სერბეთის დასაცავად“, AFP-ის ცნობით ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის, ბევრს ეცვა ეროვნული სამოსი. პარლამენტის წინ მოეწყო სცენა, ხოლო აქციის მონაწილეებს სთავაზობდნენ უფასო საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელს.

სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა ახალი პოლიტიკური მოძრაობის „ხალხისა და სახელმწიფოსთვის“ შექმნის შესახებ, რომელმაც მისი სიტყვებით, უნდა გააერთიანოს მოქალაქეები. მიტინგის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელიც ფეიერვერკით დასრულდა.

სერბეთში გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღო ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული წარმონაქმნის, რესპუბლიკა სპრსკას მეთაურმა, კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში ბრალდებულმა მილორად დოდიკმა: „ჩვენ ვართ ერთიანი სერბეთის ხალხის ნაწილი და გვინდა, რომ ერთიანმა და ძლევამოსილმა სერბეთმა გადალახოს მის წინ არსებული ყველა პრობლემა“, - განაცხადა დოდიკმა.

12 აპრილსვე, ქალაქ ნოვი-პაზარში გაიმართა მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაცია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG