სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი პედოფილიისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დუშეთის რაიონში მცხოვრები 45 წლის კაცი დააკავეს.
უწყების თანახმად, ბრალდებული ფეისბუკის ყალბი ანგარიშებით არასრულწლოვანებს უკავშირდებოდა, ეცნობოდა მათ არასრულწლოვანის სახელით და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარით დაკავშირებას მოითხოვდა.
"2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება დაზარალებული არასრულწლოვანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბრალდებულის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა.
"გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ტელეფონში ნახეს სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, "რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა".
დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, გავრცელება და ა.შ., რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გასული წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში პედოფილიის მსხვერპლი გახდა 115 არასრულწლოვანი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეს მონაცემი პროკურატურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
ფორუმი