Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტამბოლში განახლდა აშშ-რუსეთის კონსულტაციები

სტამბოლში განახლდა აშშ-რუსეთის კონსულტაციები


ფოტო არქივიდან. თურქი პოლიციელები სტამბოლში, რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობასთან
ფოტო არქივიდან. თურქი პოლიციელები სტამბოლში, რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობასთან

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარეობს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობაში მიმდინარე კონსულტაციაზე მხარეებს ხელმძღვანელობენ რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.

დღევანდელი შეხვედრის წინ მხარეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის საკითხს არ განიხილავენ და სტამბოლში წინა კონსულტაციის მსგავსად იმსჯელებენ დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

სტამბოლში წინა შეხვედრა 27 თებერვალს აშშ-ის გენერალურ საკონსულოში გაიმართა. ამ შეხვედრის შედეგად ვაშინგტონმა თანხმობა განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩად ალექსანდრ დარჩიევის მიღებაზე.

აშშ-ში რუსეთის ელჩ ანატოლი ანტონოვს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოეწურა. მის შემცვლელად წარდგენილი ალექსანდრ დარჩიევი საქმიანობის დაწყებას ვერ ახერხებდა ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.

რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება თეთრ სახლში 2025 წლის იანვარში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG