Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვის ახალი რუპორი. ვინ არის ალექსანდრ დარჩიევი, რუსეთის ახალი ელჩი აშშ-ში?

მოსკოვის ახალი რუპორი. ვინ არის ალექსანდრ დარჩიევი, რუსეთის ახალი ელჩი აშშ-ში?


ალექსანდრ დარჩიევი
ალექსანდრ დარჩიევი

მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე რუსეთმა აშშ-ში დანიშნა ახალი ელჩი - ალექსანდრ დარჩიევი, რომელსაც ათ წელზე მეტი აქვს გატარებული ვაშინგტონის საელჩოში, სადაც ის ახლა პუტინის მთავარი წარგზავნილი იქნება.

ვლადიმირ პუტინის 25-წლიანი მმართველობის განმავლობაში შეერთებულ შტატებში პრეზიდენტები იცვლებოდნენ ყოველ ოთხ-რვა წელიწადში ერთხელ. რუსეთმა შეძლო თავის დიპლომატიურ რიგებში სტაბილურობის შენარჩუნება იმ გამოცდილების გამოყენებით, რომელიც გარკვეულ უპირატესობას აძლევს კრემლს, ვიდრე ამერიკის ადმინისტრაციები იცვლებიან.

როგორც ჩანს, პუტინის მიერ ვაშინგტონში რუსეთის ახალი ელჩის დანიშვნა ამ მიდგომის ნათელი მაგალითია: 64 წლის ალექსანდრ დარჩიევი, ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული, ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაზე იყო კონცენტრირებული.

ამასთან, ელჩად მისი დანიშვნა ხდება მნიშვნელოვან, გარდამტეხ მომენტში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს მოსკოვთან დაახლოებას და ცვლის თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობდა რუსეთის საერთაშორისო იზოლირებას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.

რუსეთმა განაცხადა, რომ 27 თებერვალს სტამბოლში ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირების შეხვედრისას (რომელიც მიზნად ისახავდა უთანხმოების მოგვარებას ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირებულ დიპლომატიურ მისიებთან დაკავშირებით) აშშ-მა თანხმობა განაცხადა დარჩიევის დანიშვნაზე. 2017 წლიდან 2024 წლამდე აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობა ეკავა ანატოლი ანტონოვს.

შეხვედრა შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. საუდის არაბეთი, 2025 წლის 18 თებერვალი
შეხვედრა შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებს შორის. საუდის არაბეთი, 2025 წლის 18 თებერვალი

საბჭოთა კავშირის კოლაფსამდე ათი წლის განმავლობაში (გასული საუკუნის 80-იანი წლები) ალექსანდრ დარჩიევი მუშაობდა მეცნიერად შეერთებული შტატებისა და კანადის სახელმწიფო ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია მემარცხენე ლიბერალური ძალების როლზე 1970-80-იანი წლების ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში.

დარჩიევი ორჯერ მსახურობდა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში - 1997 წლიდან 2002 წლამდე და 2005 წლიდან 2010 წლამდე, ხოლო 2014 წლიდან 2021 წლამდე იყო ელჩი კანადაში. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები მუდმივად უარესდებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და უკრაინის აღმოსავლეთში ომის გაჩაღების გამო.

მოსკოვის რუპორები

2021 წლიდან პუტინის მიერ მის ელჩად დანიშვნამდე ანუ 6 მარტამდე დარჩიევი ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია შეერთებულ შტატებსა და კანადასთან ურთიერთობაზე.

მიუხედავად პოტენციურად გადამწყვეტი მომენტისა, როცა მას ახალ თანამდებობაზე უწევს მუშაობის დაწყება, ძნელი სათქმელია, რომ დარჩიევს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა ორ უძლიერეს ბირთვულ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე. თუმცა, მისი განცხადებების ტონმა და შინაარსმა შეიძლება წარმოდგენა შექმნას იმაზე, თუ როგორი გზავნილის გადაცემა სურს მოსკოვს დასავლეთისა და მსოფლიოსათვის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც პუტინი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, რუსი დიპლომატები - დაწყებული საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვიდან და ქვემოთ - იქცნენ კრემლის უბრალო რუპორებად, რომლებიც სერიოზული გავლენის გარეშე ხშირად ავრცელებდნენ ცრუ ან გაზვიადებულ რუსულ ნარატივებს ომის, უკრაინისა და დასავლეთის შესახებ.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში
რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

ალექსანდრ დარჩიევიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აკეთებდა. 2022 წლის დეკემბერში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 10 თვის შემდეგ, მან რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ისთვის გაკეთებულ კომენტარში ომის შესახებ მხოლოდ კრემლის ტიპური თეზისებით ილაპარაკა.

მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია „იგნორირებას უკეთებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას“ და „ცდილობს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს დასუსტებული ამერიკული ჰეგემონია, რისთვისაც უკრაინას იყენებს ტარანად და საზარბაზნე ხორცად“. მან ასევე დაამატა, რომ უფრო სწორი იქნება, თუ აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს სატელიტებს უწოდებენ.

ლანძღვა და თავდასხმა

იმავე წელს ასევე სააგენტო ТАСС-ისთვის გაკეთებულ სხვა კომენტარში დარჩიევმა თქვა, რომ აშშ-სა და კანადას 2014 წლიდან „ერთხმად აქვთ გაჩაღებული რუსოფობიური ისტერია“.

ხოლო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ შეერთებულ შტატებს „მოუწევს ანგარიში გაუწიოს რუსეთის ეროვნულ ინტერესებს, რადგან რუსეთს აქვს თავისი გავლენისა და პასუხისმგებლობის სფერო“, რითაც დარჩიევმა გაიმეორა მოსკოვის პრეტენზია გარკვეულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული კონტროლის უფლების შესახებ.

„დამიწყო ყვირილი, უხეში, უცენზურო სიტყვების გამოყენებით“,  ჯონ სალივანი

მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრ დარჩიევი თანმიმდევრულად იცავს კრემლის ხაზს, მოსკოვში აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმით, დარჩიევის საუბრის მანერა ყოველთვის დიპლომატიური არ არის. თუმცა, არადიპლომატიური ენა და ტონი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის სხვა სამთავრობო სტრუქტურების ზოგიერთი თანამდებობის პირისთვის დამახასიათებელ თვისებად იქცა.

თავის წიგნში „შუაღამე მოსკოვში“, ჯონ სალივანი, რომელიც 2020-2022 წლებში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-ის ელჩად მუშაობდა რუსეთში, წერს, რომ თავს დაატყდა დარჩიევს რისხვა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა.

„როდესაც დავასრულე საუბარი, მან [დარჩიევმა] დამიწყო ყვირილი უხამსი ლანძღვით, რომ არ უნდა მივსულიყავი სამინისტროში ასეთი მტრული პოზიციით“, - წერს ჯონ სალივანი, Reuters-ის ცნობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG