Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ბრალდებულებს დენი ურტყამთ“ - აქციაზე დაკავებულების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა

„ბრალდებულებს დენი ურტყამთ“ - აქციაზე დაკავებულების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა


ბრალდებულები ნიკოლოზ ჯავახიშვილი (ცენტრში, მარცხნივ) და ზვიად ცეცხლაძე (ცენტრში, მარჯვნივ)
ბრალდებულები ნიკოლოზ ჯავახიშვილი (ცენტრში, მარცხნივ) და ზვიად ცეცხლაძე (ცენტრში, მარჯვნივ)

პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე ბრალდებული რვა პირის სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სპეციალისტებმა უნდა გადაამოწმონ, ბრალდებულების ჯანმრთელობას საფრთხე ხომ არ ემუქრება. 

სხდომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ერთ-ერთმა ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა, თქვა, რომ ბრალდებულებს დენი არტყამდა.

„მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულებს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ; ვიცი, რომ ეს პრობლემა ამ დარბაზში ექვსი წელია არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცული იყოს“, - თქვა სხდომაზე ავსაჯანიშვილმა, რომელიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის უფლებებს იცავს.

პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო სხდომა
პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო სხდომა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ამ მიზეზით სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. მისი თქმით, ამ პრობლემის შესახებ მისთვის ამ დრომდე არ ყოფილა ცნობილი.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი

სხდომა მეორე დარბაზის ნაცვლად, მესამეში განახლდა - როგორც მოსამართლემ თქვა, სამეურნეო სამსახურის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ბრალდებულების ინტერესების გათვალისწინებით დარბაზი შეიცვალა.

რადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 აპრილს, გრძელდება პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის (ირაკლი მიმინოშვილი, ვეფხია კასრაძე, ვალერი კაძელაშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე) საქმის განხილვა. ისინი 2024 წლის 7 დეკემბრიდან „მიმალვისა და დანაშაულის ჩადენის მოტივით“ პატიმრობაში არიან.

პროევროპული აქციების შესახებ

„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღიდან, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, საქართველოში იმართება ხალხმრავალი აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მოქმედი პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. კითხვები აქვთ პარტნიორებსაც.

ირაკლი კობახიძემ თავისი გუნდისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის - სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ქუჩაში ხალხი გამოიყვანა - აქციები ოთხ თვეზე მეტია უწყვეტად გრძელდება. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა სისხლის სამართლის წესით, ასობით ადამიანი კი - ადმინისტრაციული წესით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG