Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე


სასამართლო პროცესი ორი საათი გაგრძელდა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 8 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი ორი საათი გაგრძელდა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 8 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

19 და 20 წლის ბიჭები განსასჯელის სკამზე. რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთმა ნაწილმა ძალადობა დაგეგმა, მეორემ განახორციელა. თავად ამბობენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. მოგიყვებით, რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და ვინ არიან დაკავებულები.

„ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა“, - ბრალდების ეს ტექსტი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ხუთ ახალგაზრდას ხუთჯერ წაუკითხა.

საქართველოს პროკურატურა ამტკიცებს, რომ 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი, 34 წლის ინსაფ ალიევი, 24 წლის თორნიკე გოშაძე, 20 წლის გიორგი გიორგაძე და 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები არიან.

ამ ლოგიკით, ჯგუფს ხელმძღვანელიც უნდა ჰყავდეს. „ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ან ხელმძღვანელობის“ მუხლით პროკურატურამ ბრალი სამ ადამიანს წარუდგინა: 19 წლის სტუდენტსა და აქტივისტს, ზვიად ცეცხლაძეს და პარტია „ლელოს“ წევრებს: ვეფხვია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს.

მოსამართლემ რვავე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარს 12 საათზე ჩანიშნა.

სასამართლო სხდომათა დარბაზი, სადაც 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს
სასამართლო სხდომათა დარბაზი, სადაც 8 დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს

პროცესი ყველაზე დიდ, #1 სხდომათა დარბაზში ჩატარდა, რომელიც 150 ადამიანს იტევს. ბრალდებულთა ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა სკამები გადაავსეს, პროცესს ესწრებოდა 20-მდე პოლიციელი, ისინი, ვინც დაკავებულები სასამართლოში გადაიყვანა. მშობლებმა დაკავების შემდეგ პირველად შვილები პროცესზე ნახეს.

„19 წლის ბიჭს პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს უფლება მშობლებს დაკავშირებოდა და ეთქვა, რომ დააკავეს, შედეგად მშობლები მთელი ღამე ეძებდნენ მას“, - თქვა პროცესზე 19 წლის ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

ირაკლი მიმინოშვილი, 19 წლის

ირაკლი მიმინოშვილი
ირაკლი მიმინოშვილი

19 წლის ირაკლი მიმინოშვილი 4 დეკემბერს თბილისში, საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ის სტუდენტია, პარალელურად კურიერად მუშაობს, პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის არცერთი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, არ არის აფილირებული არცერთ აქტივისტურ გაერთიანებასთან.

რადიო თავისუფლებას ირაკლი მიმინოშვილის მეგობრებმა უთხრეს, რომ პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის შუადღისას, დაახლოებით 2 საათისთვის შევიდა - ამ დროს სახლში მხოლოდ ირაკლი და მისი და იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატის გარეშე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.

ძმის დაკავებიდან ერთ დღეში ლიზა მიმინოშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ჩხრეკის შესახებ წერს დეტალურად:

„რასაც ვწერ არც ახალია უკვე, არც უცხო, მაგრამ - დღეს შუადღის ორი საათისკენ დაგვადგა პოლიცია. ჯერ მეზობელთან შევარდნენ ბრახუნით და ღრიალით, ხმაურზე გაგვეღვიძა ჩვენც, ჩემს ძმას, ირაკლი მიმინოშვილს ეძებდნენ თურმე და გადმოინაცვლეს ჩვენს კარებთან. ვისთანაც მოვასწარი, მივწერე ყველას, ადვოკატის მოსვლამდე არ ვაპირებდით კარის გაღებას, თუმცა დაიწყეს წიხლების რტყმა და კარის შემონგრევა, ფანჯარა ღია გვქონდა და გადაწიეს ფარდა, ღრიალებდნენ და ხელებს იქნევდნენ იქიდან. ვეცადეთ მაქსიმალურად დროის გაწელვას, გავაღეთ ბოლო წამს. დავიწყე გადაღება, ეგრევე მეტაკნენ, მხრებში მწვდნენ და დამადებინეს ტელეფონი. ვუსვამდით კითხვებს, რომ რა ბრალდების და მტკიცებულების საფუძველზე იყვნენ მოსულები, რომლის პასუხიც იყო, რომ სასამართლოში გავარკვევდით და მათ მხოლოდ დაკავება ევალებოდათ.

გაჩხრიკეს სახლი და წაიღეს ტელეფონები, ლეპტოპი, პროცესორი. ერთი კაცის დასაკავებლად მოსული იყო 4 მანქანა, გავსებული ხალხით. მითხრეს, რომ ორთაჭალის იზოლატორში გადაჰყავდათ, მაგრამ ადვოკატს აღარ ეუბნებოდნენ ჩემი ძმის ზუსტ ადგილმდებარეობას, მართლა მანდ მიჰყავდათ თუ სადმე სხვაგან.

არ ვიცი, ყველგან იყურეთ და ნებისმიერ წამს ელოდეთ ამ აბსურდს, რომელშიც დაუსაბუთებელი ქვის სროლის ფაქტი 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ცემით სიკვდილამდე მიყვანა კანონიერია".

ვიდეოში, რომელიც პროკურორებმა სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინეს, ჩანს კაცი, რომელსაც აცვია შავი საწვიმარი, უკეთია შავი პირბადე და ორჯერ ისვრის რაღაც ნივთს. მის უკან ჩანან აქციის სხვა მონაწილეები. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ირაკლი მიმინოშვილია, რომელიც პოლიციას ქვას ესვრის.

სასამართლო დარბაზში პროკურორები 10 წუთი კითხულობდნენ ბრალდების ტექსტს, რომლის მიხედვითაც ბრალმდებლები დაკავებულებს ერთი ჯგუფის წევრებად მოიაზრებენ. ბრალდების მტკიცებით, ნაწილი ორგანიზატორი იყო, ნაწილი კი დაგეგმილს ახორციელებდა.

ბრალდების შინაარსი

„საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი.

აღნიშნული დღეების განმავლობაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან და მიმდებარედ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განლაგებული პოლიციელების მიმართ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად გამოხატავდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას.

ფიზიკურ და მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ. აგრეთვე იარაღად სხვადასხვა საგნების: ქვების, რკინის ნაჭრების, პიროტექნიკური ნაკეთობების, ადვილად აალებადი ნივთების, ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებით, რასაც ისროდნენ მათი მიმართულებით, წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხმოდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ პოლიციელების და იმავე ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობას.

ასევე, მიზანმიმართლად არბევდნენ აზიანებდნენ და ანადგურებდნენ მიმდინარე ტერიტორიაზე განადგურებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, რომელთა ნაწილსაც იყენებდნენ გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსწყობად, რათა გაეგრძელებინათ წინააღმდეგობის გაწევა და ხელი შეეშალათ მართლწესრიგის აღდგენისათვის.

შედეგად დაზიანდა სტარტეგიული ობიექტი საქართველოს პარლამენტის შენობა, რომლის მიმართულებითაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად ისროდნენ ქვებს და სხვა მძიმე საგნებს, საღებავებს ადვილადაალებად ნივთიერებებს და ცეცხგამჩენ მოწყობილობებს, პიროტექნიკას და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულიყო ცოცხალი და სხვა ობიექტების დასაზიანებლად.

ამ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე მყოფი ვეფხვია კასრაძე ვასილ კაძელაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის გაგრძელების და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდნენ ყველა შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებას. კერძოდ, ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადების სავარაუდო ადგილებს, დროს და ხერხებს, ჯგუფის წევრებისთვის ანაწილებდნენ კონკრეტულ როლებს და თანმხდებოდნენ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების აუცილებლობაზე, რასაც თავად უხელმძღვანელებდნენ.

გეგმის თანახმად დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები, რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები და მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აგრეთვე უნდა განეხორციელებინათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით, კერძოდ ადვილად აალებადი ნივთიერებების ფარულად გამოყენებით, შემდეგ ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინათ სხვისი ქონება”.

ვეფხვია კასრაძე და ვალერი კაძელაშვილი

„ბრალი არ მესმის, ვერ ვიგებ და არ ვეთანხმები“, - თქვა ვეფხვია კასრაძემ სასამართლო პროცესზე. ის პარტია „ლელოს“ წევრი და ცხინვალის თეატრის მსახიობია, იბრძოდა აგვისტოს ომში, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ერგნეთში აქვს სახლი, უვლის ვაშლების ბაღს, ჰყავს 5 შვილი და, როგორც თავად ამბობს, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული.

„არასდროს ჩამიდენია ისეთი ქმედება, რომ ბოდიშის მოხდა დამჭირვებოდა... ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ქვეყნის საწინააღმდეგო საქციელი არასდროს ჩამიდენია. ამას დაადასტურებს ჩემი თეატრიც, ჩემი მეგობრებიც და ვინც მიცნობს. არავისთან დასამალი და გასაქცევი არ მაქვს, თბილისში სახლი მაქვს და საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, ჩემი ჯვარი და მოვალეობაა ჩემი სამშობლო..

პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით“, - განაცხადა მან სასამართლო პროცესზე.

ვეფხვია კასრაძე
ვეფხვია კასრაძე

ფარული ვიდეოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც კასრაძე „ლელოს“ წევრ ვასილ კაძელაშვილთან ერთად დააკავეს, თავდაპირველად ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა. ამ ვიდეოში, არხის მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე საუბრობენ:

დიალოგი, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა

ვ. კაძელაშვილი: და როგორი თემა გავაკეთოთ, ამათ სადაც აქვთ მშენებლობები, სადაც მიდის წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები, ერთი 5 გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ და გაიარე წადი, სანამ ამათ ქონებას არ შეეხები, ამათ ვერ გააპარტყალებ გაიგე? რომელ რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან? იქ უნდა, იმათ უნდა მიაწვე და მიაწვე ბოლომდე. გაიგე?

ვ. კასრაძე: ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცე.

ვ. კაძელაშვილი: არ უნდა ორასი კაცი, მშენებლობები სადაც მიდის მამა დავითი, იქ ზევით გადი იქ გადი, იქ გადი. გაიგე? სადაც ამათი მშენებლობები მიდის, ისე რომ ხალხიც არ არის მაცხოვრებელი, აი მანდ უნდა ვიმუშაოთ რა.დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ.

ვ. კასრაძე: აუცილებელია. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

ვ. კაძელაშვილი: ხო. მოტო აიღე, მოტოთი გაიარე იქ.

ვ. კასრაძე: მოტო ყველაზე მაგარია.

ვ. კაძელაშვილი: 10 გრამიანი შპრიცი აიღე, ცოტა ის გაურიე.

ვ. კასრაძე: კანისტრა აიღე.

ვ. კაძელაშვილი: არ გინდა კანისტრა, კანისტრა ჩანს და რო გაივლი აქედან ჯიბიდან მიასხი, ეგ გვესწავლება ტო, მიასხი და მეორედ გამოიარე ბიჩოკი გადააგდე, ხ*** ზნაეტ, რავი მე გამოვიარე სიგარეტი გადავაგდე ამის დედაც მ***ნ. ის გაურიე ცოტა (ცუდად ისმის) და ის პენოპლასტი რო არის. პენოპლასტს ბენზინი ადნობს და მერე რო გაასხავ ის როგორ არის იცი?

კასრაძის ადვოკატები დაინტერესდნენ, როდისაა გადაღებული ვიდეო, რადგან წარდგენილი ჩანაწერიდან ეს არ ირკვევა და არც პროკურატურას აქვს ამაზე საპასუხოდ, დამატებითი მტკიცებულება წარმოდგენილი.

„ასეთი შინაარსი ფიზიკურად ვერ იქნებოდა სხვა აქციებზე“, - განაცხადა პროკურორმა.

ვასილ კაძელაშვილი
ვასილ კაძელაშვილი

პროცესზე ყველაზე მეტი კასრაძის ადვოკატებმა ისაუბრეს. მათგან ერთ-ერთმა, კახა კოჟორიძემ პროკურატურას მოსთხოვა დაესახელებინა ერთი ადამიანი მაინც სასამართლო პროცესზე მსხდომებიდან, რომელსაც კასრაძე იცნობდა და დავალებებს აძლევდა. ამ დიალოგს დამსწრეებმა ტაში დაუკრეს.

კახა კოჟორიძე: რა კავშირი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის მონაწილეებთან ვეფხვია კასრაძეს?

პროკურორი: ვეფხვია კასრაძეს ბრალი ედება მონაწილეობა და ბრალი ედება ორგანიზებაში, შესაბამისად, მან მიიღო თუ არა მონაწილეობა უშუალოდ ძალადობაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია, მხოლოდ წარმოადგინა, რომ ორგანიზება გაუწია.

კახა კოჟორიძე: ვის გაუწია? აქ მითითებულ ადამიანებთან კავშირი ჰქონდა ვეფხია კასრაძეს, აორგანიზებდა თუ არა? ერთი მტკიცებულება მაინც მითხარით.

პროკურორი: უკვე გესაუბრეთ.

კახა კოჟორიძე: ერთი სახელი გვითხარით, ვის ქმედებას აორგანიზებდა?

პროკურორი: სახელითა და გვარებით ვერ ვისაუბრებთ, ორგანიზატორისთვის არ არის აუცილებელი, იცნობდეს ყველა პირს, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა.

ადვოკატი: ერთს მაინც იცნობდა? 100 ადამიანიდან კონკრეტულად რომლის ქმედება დააორგანიზა? სახელი და გვარი ერთის...

პროკურორი: გეუბნებით...

ინსაფ ალიევი, 34 წლის

ინსაფ ალიევი სასამართლო პროცესზე თარჯიმანს ესაუბრება
ინსაფ ალიევი სასამართლო პროცესზე თარჯიმანს ესაუბრება

დაკავებულებს შორის 34 წლის ინსაფ ალიევიცაა. ის აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეა. მისი ადვოკატი ორხან ალიევი ამბობს, რომ ის ვერ საუბრობს და არ ესმის ქართული. რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა, ცოლთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს სოფელ ყარაჯალაში და თვითდასაქმებულია.

„რუსთაველზე შემთხვევით მოხვდა, აქციაში არ იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ წყლის ჭავლი შეასხეს, რის გამოც გაბრაზდა“, - უყვება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

ვიდეოკადრებში, შავჰუდიანი კაცი, რომელზეც პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალიევია, ორჯერ ისვრის ქვას, პერიოდულად იმალება ბარიკადების უკან.

ადვოკატისთვის ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, ალიევი ვერ მიიღებდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რადგან სავარაუდო წევრებთან ენის ბარიერის გამო კომუნიკაციას ვერ დაამყარებდა.

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გიორგაძე

24 წლის თორნიკე გოშაძე უმუშევარია. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ჰყავს დედა და ერთი და. რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის სულისკვეთებას იზიარებს და დაკავებამდე აქციებზე ხშირად დადიოდა. მასზე განსაკუთრებით ემოციურად იმოქმედა კადრებმა, სადაც ჩანს, როგორც სცემენ მოქალაქეებს სპეცრაზმელები.

„კარებზე წიხლი მოარტყეს და ისე შემოვიდნენო, ეძინათ. სახლის დათვალიერების შემდეგ ჰკითხეს - ფულს რამდენ გიხდიან, აქციებზე რომ დადიხარო? მერე ხუმრობდნენო, ვაიმე, საღებავი მომეცხოო, გზაში ზედმეტად არავის არაფერი უთქვამს, ზედმეტად კარგად იქცეოდნენ“, - გვიყვება ადვოკატი, ნინო ლომინაძე თორნიკე გოშაძის მონათხრობს.

თორნიკე გოშაძე
თორნიკე გოშაძე

20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი 30 ნოემბერს დააკავეს. სხვებისგან განსხვავებით მას არა ქვის, არამედ პიროტექნიკის სროლას ედავებიან. ადვოკატი სოფიო გორდაძე გვეუბნება, რომ ნიკოლოზი დიჯეია, ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საქმის მიმდინარეობისას დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ბიჭი, რომელიც ყავისფერპლედ და საქართველოს დროშაშემოხვეული გარბის პიროტექნიკით ხელში და ისვრის მას. ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს ვიდეოჩანაწერი მტკიცების სტანდარტს ვერ უძლებს, რთულია იდენტიფიცირება და არ არის სრული.

„ჰაბიტოსკოპიური დასკვნაა საქმეში, თითქოს ეს იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილი, კადრებში მარტო ერთი ორგანო ჩანს და ამაზე დაყრდნობით თქვეს, რომ ისაა. ამაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ რა კადრებია, როდისაა გადაღებული და ვინ გადაიღო, გაურკვეველია. 21 წელს მიუღწეველ ადამიანებს ვასამართლებთ, არ შეიძლება ერთი ფურცლით დააკავოთ“, - თქვა პროცესზე ადვოკატმა.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი
ნიკოლოზ ჯავახიშვილი

კიდევ ერთი დაკავებული 20 წლის გიორგი გიორგაძე სტუდენტია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IT სპეციალობას ეუფლება. მუშაობს მამის კომპანიაში და გაზგაყვანილობის პროექტებს წერს.

გიორგი გიორგაძე
გიორგი გიორგაძე

ზვიად ცეცხლაძე, 19 წლის

„ძალადობრივ მოქმედებებს სხვა პირებთან ერთად აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა. 2024 წლის 30 ნოემბერს საჯარო სივრცეში ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირებს გააცნო მის მიერ შემუშავებული ძალადობრივი მოქმედებების გეგმა“, - ბრალდების ეს ნაწილი 19 წლის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძეს მიემართება. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან და 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ „მან განსაზღვრა ადგილები, სადაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეებისთვის ხელსაყრელი იქნებოდა სამართალდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა. ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, სად და როგორ იყო უკეთესი ბარიკადების მოწყობა, რა დროსაც გამოიყენებდნენ მავთულხლართებს და ჩახერგავდნენ გზებს.

მან ძალადობაში მონაწილეებს დაავალა, დაემზადებინათ ფარები ლურსმნები და სხვა ნივთები და მოუწოდა ძალადობრივი მოქმედებებისკენ, რომ წყობიდან გამოეყვანათ ვიდეოჩამწერები, ასევე მოუწოდა კვლავ გაეგრძელებინათ უფრო ძლიერი მოქმედების მქონე პიროტექნიკისა და ქვების გამოყენება“.

ზვიად ცეცხლაძე
ზვიად ცეცხლაძე

ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელია. „დაფიონი“ ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაფუძნდა და ახალგაზრდების პროტესტის ორგანიზებაში იყო ჩართული და კვირების განმავლობაში ე.წ. აგენტების კანონის განხილვის პარალელურად, თსუ-სთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციებს აპროტესტებდა. 20 ნოემბერს გამთენიას ის შევიდა თსუ-ს შენობაში და სხვა სტუდენტებთან ერთად არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად უნივერსიტეტი დაიკავა.

შსს-ს ცნობით, ცეცხლაძის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ნივთი, რომელსაც „იყენებდნენ ჯგუფური ძალადობის დროს".

ზვიად ცეცხლაძემ ადვოკატს უთხრა, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთები მას არ ეკუთვნის და ხელისუფლების მიზანმიმართული დევნის მსხვერპლია.

„საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს... მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - თქვა ცეცხლაძემ პროცესზე.

მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ.

მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?“ - განაცხადა ცეცხლაძემ.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების სურვილი არ უნდა იწვევდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას:

„უფრო მეტიც, დანაშაულის განზრახვის გამოვლენაც არ იწვევს პასუხისმგებლობას. ეს არის პირველი კურსის პროგრამა. მე რომ ვთქვა, რომ ვიღაცის მოკვლა მინდა, არაა დანაშაული, თუ მომზადება არ დავიწყე. ამ შემთხვევაში არც მომზადება და არც მცდელობა არ გვაქვს. მტკიცებულებები არ არსებობს. მხოლოდ ლაივი ტექსტით: „მეგობრებო, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ“, პირები ვიდეოზე, რომლებიც არ ჩანან, ასევე, სახეზე არაა ზიანი“.

ასე გამოხატეს დაკავებულების ახლობლებმა და მეგობრებმა მხარდაჭერა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ
ასე გამოხატეს დაკავებულების ახლობლებმა და მეგობრებმა მხარდაჭერა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ

ზვიად ცეცხლაძის შემდეგ სიტყვის უფლებით არცერთ დაკავებულს არ უსარგებლია. მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ოჯახის წევრებმა დარბაზი დატოვეს. ისმოდა რეპლიკები: „მონებო“, „იჭერენ და რის გამო, არ იციან“, „გავიმარჯვებთ სახელოვნად“.

XS
SM
MD
LG