სვეტიცხოველში, სადაც 22 მარტს ძლიერი წვიმის შემდეგ სახურავიდან წყალი ჩავიდა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ხარაჩოს მოაწყობს. სააგენტოს ამ სამუშაოს შესასრულებლად არ ჰყავს საკუთარი სპეციალისტები, არ აქვს ტექნიკა და სერვისს გამარტივებული შესყიდვით, სავარაუდოდ, შპს "გუმბათი და გალავნისგან" ყიდულობს - შესყიდვის ღირებულება 24 522 ლარია, საიდანაც 13 266 ლარი დასაქმებულების ხელფასებისთვისაა განკუთვნილი.
"აუცილებელია პირველადი გადაუდებელი/პრევენციული სამუშაოების ჩატარება, რათა შეკეთდეს გადახურვის არეალები, შეჩერდეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ინტერიერში ატმოსფერული ნალექების ჩადინება და თავიდან იქნას არიდებული ძეგლის შემდგომი დაზიანება. აღნიშნულისათვის ტაძრის გარე პერიმეტრზე, კერძოდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან და აფრების გადახურვებთან უნდა მოეწყოს ხარაჩო და სახურავზე გადასასვლელები, რათა სპეციალისტებისთვის მისაწვდომი გახდეს აღმოსავლეთ მკლავის გადახურვის ჩრდილოეთ დაფერდება და აფრების გადახურვების საკვანძო მონაკვეთები", - ასე ასაბუთებს სააგენტო შესყიდვის აუცილებლობას.
შესყიდვიდან არ ჩანს, რომ ხარაჩოს მოსაწყობად სააგენტოს კვლევა აქვს ჩატარებული ან პროექტი აქვს მომზადებული.
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ფორუმი