„ყველაფერი ხდება, რა“, - ასე უპასუხა ბეჟან წაქაძემ 24 მარტს პარლამენტში ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას.
„ნუ, ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხო? მუდმივი არაფელი არ არი, ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია“, - თქვა წაქაძემ [სტილი დაცულია].
„გავიგე, მაგრამ გარკვეული პერიოდების შემდეგ „რემონტდებოდა“ და კეთდებოდა“, - უთხრა მან ჟურნალისტს.
„მეტი ვერაფერი ნახეთ თემა?.. გაასწორებენ ახლა, თქვენ რომ არ გაავრცელოთ ეგ ინფორმაცია და არ შეგვახსენოთ, არიან კომპეტენტური ადამიანები და გააკეთებენ“, - თქვა მან.
სვეტიცხოველში, ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 22 მარტს განაცხადა, რომ „უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია“.
23 მარტს ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ნიკოლოზ ზაზუნაშვილმა თქვა:
„ჩავიდა აფრების გარე გადახურვიდან. ჩაჟონა. ეგ ჩასვლა არ არის“.
კითხვაზე, რატომ ჩაჟონა წყალმა ამ ადგილას, მან განაცხადა:
„ეგ ისეთი ადგილია, ყოველი რყევების შემდეგ ნაპრალებს იჩენენ. ახლა ბოლოს რომ იყო სომხეთში მიწისძვრა, აქაც ხომ შეარყია, შეიძლება, ამის გამო [მოხდა]“.
სააგენტოს 22 მარტის განცხადებით, ტაძარს ან ფრესკებს „რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება“.
22 მარტის განცხადების თანახმადვე:
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები „დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად“;
- „სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“.
23 მარტს სააგენტომ დამატებით განაცხადა, რომ „სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააგენტო რეგულარულად ატარებს მონიტორინგს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს“.
„წყლის ინფილტრაციის ფაქტის დაფიქსირებისთანავე სააგენტოს ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ჩავიდა ადგილზე და სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა არსებული მდგომარეობა, გამოკვეთა ინფილტრაციის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და დაგეგმა პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია“ და ყველას მოუწოდა, „თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და დარგის სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ“.
სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
ფორუმი