Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დონალდ ტრამპმა მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა

დონალდ ტრამპმა მარინ ლე პენს მხარდაჭერა გამოუცხადა


მარინ ლე პენი პარიზის სასამართლოში. 2025 წლის 31 მარტი
მარინ ლე პენი პარიზის სასამართლოში. 2025 წლის 31 მარტი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა საფრანგეთის პარლამენტის წევრის, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის გასამართლებას.

31 მარტს პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში და თავისუფლება 4 წლით აღუკვეთა.

პრეზიდენტმა ტრამპმა 4 აპრილს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ „კუდიანებზე ნადირობა მარინ ლე პენის წინააღმდეგ კიდევ ერთი მაგალითია, როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები კანონიერებას, რათა ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური ოპონენტი ცენზურას დაუქვემდებარონ“.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერს ბრალად დასდეს „უმნიშვნელო დანაშაული“, რომელიც, სავარაუდოდ, არც იცოდა. დონალდ ტრამპის შეფასებით, საქმე ეხებოდა „ბუღალტრულ შეცდომას“.

„თავისუფლება მარინ ლე პენს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი „კუდიანებზე ნადირობად“ აფასებდა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე მის წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასაც.

პარიზის სასამართლოს მიერ 31 მარტს გამოტანილი განაჩენით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავეა ევროპარლამენტარობის პერიოდში თანაშემწეთა ფიქტიურად დაქირავებასა და მათთვის განკუთვნილი ხელფასის პარტიული მიზნებით გამოყენებაში.

გამოძიების თანახმად, დაახლოებით 12 წლის განმავლობაში მითვისებული იყო თითქმის სამი მილიონი ევრო. პროკურატურა ლე პენისთვის ხუთწლიან პატიმრობას ითხოვდა. მარინ ლე პენი ბრალდებას უარყოფს.

სასამართლომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს თავისუფლება ოთხი წლით შეუზღუდა. მათგან ორი წელი პირობითია, ორი წლის განმავლობაში მარინ ლე პენმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. პარიზის სასამართლომ ლე პენს ხუთი წლით აუკრძალა არჩევითი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, რაც ნიშნავს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მარინ ლე პენმა, რომელმაც განაჩენის გასაჩივრება გადაწყვიტა, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.






ფორუმი

XS
SM
MD
LG