Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ პრობლემა არსად წასულა“ - რა მოხდება ახლა საფრანგეთში?


მარინ ლე პენი და მისი პარტიის 28 წლის პრემიერობის კანდიდატი, ჯორდან ბარდელა
მარინ ლე პენი და მისი პარტიის 28 წლის პრემიერობის კანდიდატი, ჯორდან ბარდელა

საფრანგეთი: მოსალოდნელი გამარჯვების ნაცვლად, ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის პარტია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია, ვინ და როგორ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას.

7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომლის შედეგებიც ასეთია: პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების სახელდახელოდ შექმნილი ალიანსი, „ახალი სახალხო ფრონტი“ გავიდა. მას მოსდევს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის გარშემო გაერთიანებული ცენტრისტული ალიანსი „ერთად“, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტური პარტია „ეროვნული გაერთიანება“ მესამე ადგილზეა.

ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულიად მოულოდნელად 9 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნების ღამეს დანიშნა.

ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ადგილზე გასულმა მაკრონის ალიანსმა მისი ხმების ნახევარიც კი ვერ მიიღო.

ამ ფონზე ემანუელ მაკრონი დიდ რისკზე წავიდა, რამაც ნაწილობრივ გაამართლა - ფრანგმა ამომრჩეველმა „ეროვნული გაერთიანება“ ძალაუფლებას კვლავ არ გააკარა.

მეორე მხრივ კი, ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, მაკრონის ალიანსი ყველაზე დიდი ძალა აღარაა.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რამ გამოიწვია ლე პენის მარცხი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ახლა.

რესპუბლიკური ფრონტი

საპარლამენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში მარინ ლე პენის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ მაინც მესამე ადგილზე გავიდა.

როგორ?

ამის გასაგებად, მოკლედ უნდა ავხსნათ, როგორ ტარდება საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები: საარჩევნო სისტემა სრულად მაჟორიტარულია - ქვეყანა დაყოფილია 577 ოლქად. თითოეული ოლქი თითო პარლამენტარს ირჩევს.

ოღონდ, აქ ორი დეტალია მნიშვნელოვანი, პირველი: იმისათვის, რომ კანდიდატმა თავის ოლქში მოიგოს და პარლამენტში მოხვდეს, ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. თუ პირველ ტურში ასეთი არავინ იქნება, მაშინ მეორე ტური ჩატარდება.

და მეორე: შემდეგ ტურში გადადის ყველა ის კანდიდატი, ვინც პირველ ტურში ხმების 12.5%-ზე მეტს მიიღებს.

პირველი ტურის შემდეგ მარინ ლე პენის პარტია 577-დან 297 ოლქში პირველ ადგილზე იყო, აქედან პირველსავე ტურში მხოლოდ 38 ოლქში მოიგო, ხოლო მეორე ტურში მისი კანდიდატები ჯამში 444 ოლქში გადავიდნენ.

საბოლოოდ, მეორე ტურის შედეგად, „ეროვნული გაერთიანების“ მხოლოდ 142-მა კანდიდატმა მოახერხა მანდატის მოპოვება.

ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ 200-ზე მეტ ისეთ ოლქში, სადაც მეორე ტურში ორზე მეტი კანდიდატი გადავიდა, მესამე ადგილზე გასულებმა კანდიდატურები მოხსნეს, რათა ხმების გაყოფა თავიდან აერიდებინათ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს ლე პენის პარტიის წარმომადგენლის დამარცხება ნაკლებად გასჭირვებოდა.

ასე მოიქცნენ როგორც მემარცხენეები, ისევე მაკრონის ალიანსი და მემარჯვენე-ცენტრისტული „რესპუბლიკური პარტია“.

„რესპუბლიკური ფრონტი“, იგივე „სანიტარული კორდონი“ - ასე ეწოდება ფრანგული პოლიტიკის ტრადიციას, რომელიც გულისხმობს გადამწყვეტ მომენტში პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ.

სწორედ ასეთად მიიჩნევენ წამყვანი ფრანგული პარტიები „ეროვნულ გაერთიანებას“. ყოველ ჯერზე, როცა ლე პენის პარტია ძალაუფლებას მიუახლოვდა, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი მის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება არ მისცა.

ასე მოხდა 2002 წელს, როცა მოულოდნელად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადავიდა პარტიის დამაარსებელი და მარინ ლე პენის მამა, ჟან-მარი ლე პენი.

მოგვიანებით, პარტიის მართვის სადავეები უმცროსმა ლე პენმა გადაიბარა. ჰომოფობიისა და ანტისემიტიზმის იარლიყის მოშორების მცდელობაში, მარინ ლე პენმა მამამისიც გარიცხა პარტიის რიგებიდან.

ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ 2017 და 2022 წლებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასულ მარინ ლე პენს ემანუელ მაკრონი დაემარცხებინა - თუმცა მისი და მისი პარტიის რეიტინგი არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება.

ამჯერად ლე პენის შესაკავებლად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა გაზრდილი აქტივობაც - საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამდენი ადამიანი ბოლოს 1997 წელს მივიდა.

ამას ხელი შეუწყვეს საჯარო ფიგურებმა - მოსახლეობას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეები, კილიან მბაპე და ჟულ კუნდეც.

მათ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის საჯაროდ მხარი არ დაუჭერიათ, მაგრამ მათი განცხადებების შინაარსიდან აშკარა იყო, რომ თანამოქალაქეებს „ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ სთხოვდნენ ხმის მიცემას.

რა მოხდება ახლა?

მეორე ტურის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი და საფრანგეთში ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა ანალიტიკოსები თავს იმტვრევენ, როგორ უნდა მოხერხდეს ეს.

ახლა დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - მარინ ლე პენის პარტია და მისი 28 წლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჯორდან ბარდელა, მთავრობაში ვერ მოხვდებიან.

თუმცა ეს სულაც არაა საკმარისი ბუნდოვანების გასაფანტად. პარლამენტში ახლა უმრავლესობა არცერთ ბლოკს არა აქვს და ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მათ შორის რაიმე სახის თანამშრომლობა იქნება საჭირო.

საქმე კი ისაა, რომ ლე პენის წინააღმდეგ თანამშრომლობის მიუხედავად, მემარცხენეებსა და მაკრონის ალიანსს ერთმანეთი სულაც არ ეხატებათ გულზე.

ოღონდ, აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - მემარცხენე გაერთიანება, „ახალი სახალხო ფრონტი“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩამოყალიბდა, საკმაოდ არაერთგვაროვანია. მასში ოთხი ძირითადი პარტია შედის - მათგან ყველაზე დიდია მემარცხენე რადიკალური პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, რომელსაც მოსდევენ სოციალისტური პარტია, მწვანეები და კომუნისტები.

გუშინდელი ღამის შემდეგ, თითოეული პარტიის ლიდერი სამომავლო გეგმებზე საუბრისას განსხვავებულ განცხადებებს აკეთებდა. მაგალითად, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენლები ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავენ მაკრონის ძალასთან თანამშრომლობას.

სოციალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, რაფაელ გლუკსმანმა კი, სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, თქვა, რომ „დანაწევრებული ასამბლეის ფონზე, ზრდასრულებივით მოქცევაა საჭირო“.

თეორიულად, ახლა მოვლენების განვითარების სამი მთავარი სცენარი არსებობს.

პირველი - მაკრონი, სავარაუდოდ, ეცდება, რომ მემარცხენეებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობით ისარგებლოს და მათ ნაწილთან ერთად შეკრას კოალიცია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გამოუვა ეს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ გარეშე, ასევე წარმოუდგენელია მათი თანამშრომლობა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

მეორე შესაძლებლობა „ექსპერტების მთავრობაა“, რომელშიც პოლიტიკოსები არ შევლენ. ჟაკ რუპნიკი, პარიზის საერთაშორისო სწავლებებისა და კვლევის ცენტრის (CERI) დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, მემარცხენეები ამ ვარიანტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან პირველი ადგილით შეგულიანებულები არიან და თავად ენდომებათ პრემიერ-მინისტრის პორტფელი.

მესამე ვარიანტი კი ისევ ხალხთან მიბრუნებაა. ფრანგული კანონმდებლობით, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ერთი წელი ვეღარ ჩატარდება. თუმცა, თუ იქამდე არაფერი შეიცვლება, არაა გამორიცხული, კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები ვიხილოთ. იქამდე, სავარაუდოა, რომ გაბრიელ ატალი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

„ახლა შვებით ამოვისუნთქეთ, მაგრამ პრობლემა არსად წასულა“, - ამბობს ჟაკ რუპნიკი.

საერთაშორისო გამოხმაურება

შვებით მარტო ფრანგებს არ ამოუსუნთქავთ - ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოხმაურებებიც, რაც ცხადყოფს, რომ გუშინდელი არჩევნების შედეგები მხოლოდ ფრანგებისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი.

„პარიზის ენთუზიაზმი, მოსკოვის იმედგაცრუება, კიევის შვება. ეს საკმარისია საიმისოდ, რომ ვარშავაში ბედნიერები ვიყოთ“, - დაწერა ღამით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

„საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი“, - ეს უკვე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებია.

მაინც, რატომ უფრთხიან მარინ ლე პენს ასე ძალიან საფრანგეთს გარეთ?

ამის მიზეზი მისი იზოლაციონისტური ხედვებია საგარეო პოლიტიკაზე. ეს გულისხმობს რბილ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და უკრაინის დახმარების გამუდმებულ კრიტიკასაც.

მარინ ლე პენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, 2017 წლის 24 მარტი
მარინ ლე პენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში, 2017 წლის 24 მარტი

მარინ ლე პენის რუსული კავშირები დიდი ხანია, ყბადაღებული თემაა. ჯერ იყო და, 2014 წელს, მისმა პარტიამ რუსული ბანკიდან აიღო სესხი.

„როცა თქვენ რუსეთს ელაპარაკებით, არ ელაპარაკებით მორიგ მსოფლიო ლიდერს, თქვენ ელაპარაკებით საკუთარ ბანკირს“, - წამოაძახა ემანუელ მაკრონმა ოპონენტს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართულ დებატებში.

საბოლოოდ, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ რუსული ბანკის ვალი, 6 მილიონ ევროზე მეტი, 2023 წელს სრულად გაისტუმრა.

2017 წლის საარჩევნო კამპანიისას კი მარინ ლე პენმა უარი თქვა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაეგმო:

„არანაირად არ ვეთანხმები, რომ უკანონო ანექსია იყო. რეფერენდუმი ჩატარდა და ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან შეერთება აირჩია“, - ამბობდა მაშინ ფრანგი პოლიტიკოსი.

ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში კი ლე პენი კრემლში ვლადიმირ პუტინს ეწვია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლე პენმა პუტინისგან დისტანცირება სცადა და რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა რამდენიმე დღის წინ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საფრანგეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.

3 ივლისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე (წარსულში „ტვიტერი“) მარინ ლე პენის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ფრანგ ხალხს სურს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მათ ეროვნულ ინტერესს და გამოდის ვაშინგტონისა და ბრიუსელის დიქტატისგან“.

მოგვიანებით, ეს პოსტი თავად ლე პენმაც გააკრიტიკა. ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევა იყო: „ამ თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ მიუღებელია“.

საფრანგეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი განსაზღვრავს, ემანუელ მაკრონს კი კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი.

ამისდა მიუხედავად, „ეროვნული გაერთიანება“ რომ მთავრობაში მოსულიყო, გარკვეული დაბრკოლებების შექმნას მაინც შეძლებდა, თუნდაც უკრაინის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით - საფრანგეთში ბიუჯეტის განსაზღვრა პარლამენტისა და მთავრობის პრეროგატივაა.

დღემდე ხშირად ახსენებენ მაკრონის ციტატას 2016 წელს, გაპრეზიდენტებამდე მიცემული ერთ-ერთი ინტერვიუდან, როცა 39 წლის ამბიციურმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ქვეყანა იუპიტერივით (ზევსის რომაული ანალოგი) უნდა ემართა.

რვა წლის შემდეგ, ასამბლეაში დაკარგული უმრავლესობით, ემანუელ მაკრონი იუპიტერივით ნამდვილად აღარ გამოიყურება. შესუსტებული საშინაო პოზიცია, დარჩენილი სამი წლის განმავლობაში რეფორმების დაპირებით მოსულ პრეზიდენტს გაურთულებს ერთი მხრივ საფრანგეთის, მეორე მხრივ კი - ევროკავშირის გარდაქმნასაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG