Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თეთრ სახლში სანქციებით ახსნეს ის ფაქტი, რომ ტრამპის ტარიფები რუსეთს არ შეეხო

თეთრ სახლში სანქციებით ახსნეს ის ფაქტი, რომ ტრამპის ტარიფები რუსეთს არ შეეხო


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ 2 აპრილს გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ 2 აპრილს გამოაცხადა.

მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა, რუსეთი არ არის.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ბარიერია რუსეთთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ვაჭრობისთვის.

შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო.

ამასთან, როგორც გამოცემა Axios-ი წერს, აშშ გაცილებით მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე, მაგალითად, მავრიკიასა და ბრუნეისთან, რომლებსაც პრეზიდენტმა ტრამპმა საბაჟო ტარიფები დაუწესა.

აშშ-ის ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 3,5 მილიარდი დოლარი იყო. რუსეთიდან იმპორტმა 3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 34,2%-ით ნაკლებია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა გამოცემა Axios-ს უთხრა, რომ უკვე არსებული სანქციებია იმის მიზეზიც, რომ საბაჟო ტარიფები არ დაუწესდათ ბელარუსს, კუბას და ჩრდილოეთ კორეას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებებით ცდილობს უკრაინაში ომის დასრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპმა არ გამორიცხა რუსულ ნავთობსა და სხვა პროდუქციაზე მეორადი ტარიფების დაწესება.

2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნებს უწესებს საპასუხო საბაჟო გადასახადებს. მინიმალური ტარიფი 10%-ია, მათ შორის საქართველოსთვის.


გრაფიკი მომზადდა 7 აპრილს:

ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის გადასახადი 20%-ია, შვეიცარიისთვის - 31%, ისრაელისთვის - 17% და ა.შ. ტარიფები ყველაზე მაღალია(46-დან 49%-მდე) ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯისთვის.

როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, რაც აღარ მოხდება. თეთრი სახლის ბაღში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არის „გათავისუფლების დღე" და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია".

პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესისთვის გვერდის ავლით, პირადი განკარგულებებით ტარიფების დასაწესებლად ეროვნული უსაფრთხოების რისკებს დაამატა სავაჭრო დეფიციტი და ამის საფუძველზე, 2 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კონკურენტუნარიანობის გაზრდის, სუვერენიტეტის დაცვის და ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.

აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვისა და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ამერიკელებზეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG