Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რატომ ინიშნება სუსის ყოფილი უფროსი რეგიონული განვითარების მინისტრად - რას ამბობენ

რატომ ინიშნება სუსის ყოფილი უფროსი რეგიონული განვითარების მინისტრად - რას ამბობენ


გრიგოლ ლილუაშილი
გრიგოლ ლილუაშილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 აპრილს, მინისტრთა კაბინეტში ცვლილების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის, რომლის მუშაობასაც პარტია დადებითად აფასებს, რეგიონული განვითარების სამინისტროს ქმნის.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამ საკადრო ცვლილების მიზანი „არჩევნების სამინისტროს“ შექმნაა:

„სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა...

მთავარი კითხვა: რას აკეთებს ოპოზიციური სპექტრი? რას უპირისპირებს ხელისუფლების მკვეთრ, ერთმნიშვნელოვნად საარჩევნო გადაწყვეტილებას?“

ნათია მეზვრიშვილი, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ახლა პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიზანი „კორუფციული გარიგებების სრული მონოპოლიზებაა“:

„ოცნების“ ამ გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირშია ასევე ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა და არა ეფექტიანობის უზრუნველყოფა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა... ამ ნაბიჯით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების (როგორც მისი ძალაუფლების წყაროს) სრულ მონოპოლიზებას“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები პოზიტიურად უნდა შეფასდეს:

„რასაკვირველია, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს. მშვენიერი საკადრო შემადგენლობა გვყავს „ქართულ ოცნებას“ - ინტელექტუალური, კარგი ავტორიტეტის, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები და ძალიან საინტერესო ცვლილებები ხორციელდება... იქმნება უწყება [რეგიონული განვითარების სამინისტრო], რომელიც იქნება ერთ-ერთი წარმმართავი იმ ვითარების, რომელიც საქართველოში არსებულ ხვალინდელ დღეს განაპირობებს და აქ ადამიანის გადაყვანა სწორედაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს“.

გრიგოლ ლილუაშვილი სუსის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მას ვადა ეწურებოდა 6 წლისთავზე, 2025 წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. უფრო ადრე ლილუაშვილი იყო სუსის უფროსის მოადგილე, პარლამენტში იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, უმუშავია თბილისის მერიასა და „ქართუ ბანკში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG