სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვლის - ის ამ დრომდე იუსტიციის მინისტრი იყო. ანრი ოხანაშვილის ადგილზე კი "ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი".
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს უწყება, კობახიძის თქმით, დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება და მისი "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება."
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა პარლამენტმა 6 წლის ვადით, მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2017 წლის დეკემბრიდან. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ვანსა და ხონში.
2002-2016 წლებში, მას წამყვანი თანამდებობები ეკავა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში: ფონდ „ატუში“, შპს „ბურჯში“, შპს „ქართუ მშენებელში“, სს „ქართუ ჯგუფში“, სს „ქართუ ბანკში“.
ანრი ოხანაშვილი, იუსტიციის მინისტრობამდე, "ქართული ოცნების" დეპუტატი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პაატა სალია მე-11 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატობამდე, იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.
ფორუმი