Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის გენპროკურატურამ უზენაეს სასამართლოს სთხოვა, აკრძალვა მოუხსნას მოძრაობა თალიბანს

რუსეთის გენპროკურატურამ უზენაეს სასამართლოს სთხოვა, აკრძალვა მოუხსნას მოძრაობა თალიბანს


თალიბანის დელეგაცია მოსკოვში, 2021 წელი
თალიბანის დელეგაცია მოსკოვში, 2021 წელი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, შეწყდეს აკრძალვა, რომელიც დაწესებულია რადიკალური ისლამისტური მოძრაობა თალიბანისთვის. სარჩელი მიღებულია განსახილველად, სასამართლოს სხდომა 17 აპრილს გაიმართება - იუწყება "ინტერფაქსი".

რუსეთში ამჟამად თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და მისი მოქმედება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ინარჩუნებს კავშირებს ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებასთან, ამ მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან ვიზიტებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოძრაობას უწოდა მოსკოვის მოკავშირე ტერორიზმთან ბრძოლაში.

2024 წლის დეკემბერში, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქმნიდა ორგანიზაციის ტერორისტთა სიიდან ამოღების მექანიზმს.

თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წელს გამოცხადდა რუსეთში. მაშინ ითქვა, რომ თალიბებს კავშირები ჰქონდათ ჩეჩნეთსა და შუა აზიის სახელმწიფოებში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან, ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან". თალიბანს ადანაშაულებენ ბევრი ტერაქტის მოწყობასა და ადამიანების გატაცებაში.

თალიბანმა 2021 წელს ხელში ჩაიგდო ძალაუფლება მას მერე, რაც დაამხო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ედგა პრეზიდენტი აშრაფ ღანი. ავღანეთში თალიბებმა შემოიღეს შარიათის ნორმები, ქვეყანაში ხორციელდება ადამიანთა დასჯის საჯარო აქტები, ვრცელდება ცნობები ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, უწინარესად ქალებთან მიმართებით - ქალებს თალიბების ხელისუფლებამ აუკრძალა განათლების მიღება, დაწყებითი სკოლის გარდა, ნათესავი კაცების გარეშე საჯარო ადგილებში გამოჩენა და ხმამაღალი ლაპარაკი ხალხში ყოფნისას. მკაცრად იზღუდება ქალების უფლებები მუშაობასთან მიმართებით. იდევნება პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა, რომელიც არაა თანხვედრაში თალიბანის პოლიტიკასთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG