პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან ერთი კვირის თავზე, ვაშინგტონსა და ავღანეთში თალიბანის მმართველობას შორის დაძაბულობა მატულობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 25 იანვარს გამოვიდა მუქარით, რომ ჯილდოს დააწესებს თალიბანის ლიდერებზე, თუკი აშშ დაადგენს, რომ თალიბანს ამერიკის მოქალაქეები ჰყავს პატიმრობაში.
"ახლა ვისმენ, რომ თალიბანს უფრო მეტი ამერიკელი მძევალი ჰყავს, ვიდრე გავრცელებულ ცნობებშია. ეს თუ სიმართლეა, ჩვენ მოგვიწევს დაუყოვნებლივ დავაწესოთ ძალიან დიდი ჯილდო მათ მთავარ ლიდერებზე, შესაძლოა უფრო დიდიც, ვიდრე [ალ-ყაიდის ლიდერ ოსამა] ბინ ლადენზე იყო დაწესებული", - დაწერა რუბიომ პლატფორმა X-ზე.
თალიბანის მაღალი რანგის წევრებიდან ამჟამად მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სირაჯუდინ ჰაყანია შეყვანილი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ძებნილთა სიაში, თუმცა თალიბანის ათეულობით წარმომადგენელს გაეროს მხრიდან აქვს დაწესებული სანქციები.
რუბიოს განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, თალიბანმა გაათავისუფლა ორი ამერიკელი, აშშ-ის ციხეში ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით მყოფი თალიბანის წევრის სანაცვლოდ.
პირველი ოფიციალური პასუხი თალიბანმა რუბიოს 27 იანვარს გასცა - კატარში ჯგუფის ელჩმა, სუჰაილ შაჰინმა განაცხადა, რომ თალიბანის პოლიტიკა საკითხების მშვიდობიანად, დიალოგის გზით გადაჭრააო.
თუმცა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან გაკეთებულ განცხადებაში შაჰინი ამბობს: "ზეწოლისა და აგრესიის პირისპირ ავღანელი ხალხის ბოლო ათწლეულების ჯიჰადი [ბრძოლა] არის გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს".
თალიბანი აშშ-ის და ნატოს ძალებს თითქმის 20 წლის განმავლობაში ებრძოდა, სანამ 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების ქაოსური გასვლის შემდეგ.
ფორუმი