Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაათავისუფლეს ორი ამერიკელი, კალიფორნიის ციხეში სამუდამო პატიმრობის განაჩენით მყოფი თალიბანის წევრის სანაცვლოდ


ავღანეთის ციხიდან გათავისუფლებული ამერიკელი რაიან კორბეტი დაპატიმრებამდე, ოჯახთან ერთად
ავღანეთის ციხიდან გათავისუფლებული ამერიკელი რაიან კორბეტი დაპატიმრებამდე, ოჯახთან ერთად

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და მედიამ დაადასტურეს ცნობა ავღანეთში ორი ამერიკელის გათავისუფლებაზე, კალიფორნიის საპატიმროში მყოფი, ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების გამო სამუდამო პატიმრობის განაჩენის მქონე თალიბანის წევრის გამოშვების სანაცვლოდ.

თალიბანის ლიდერებმა 21 იანვარს განაცხადეს, რომ აშშ-ის ციხიდან გათავისუფლდა ხან მოჰამედი - რომელსაც 2008 წელს სამუდამო პატიმრობის ორი განაჩენი გამოუტანეს. თალიბანი აცხადებს, რომ ის გათავისუფლდა ავღანეთსა და აშშ-ს შორის "ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოლაპარაკების" შედეგად.

ავღანეთი "დადებითად განიხილავს აშშ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ემსახურება ორი ქვეყნის კავშირების ნორმალიზაციას და განვითარებას", - ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ავღანეთი არ ასახელებს გათავისუფლებული ამერიკელების ვინაობას, თუმცა CNN-ი, AP-ი და გათავისუფლებულთა ოჯახების წევრები ამბობენ, რომ ისინი არიან რაიან კორბეტი და უილიამ მაკკენტი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ შეთანხმებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუნდმა მიაღწია, სანამ ბაიდენი 20 იანვარს ოფისს დატოვებდა.

განცხადება არ გაკეთებულა აშშ-ის კიდევ ორ მოქალაქეზე, რომლებიც 2022 წლიდან არიან თალიბანის ტყვეობაში - ჯორჯ გლეზმანსა და მაჰმუდ ჰაბიბიზე.

მოლაპარაკების დეტალები საჯარო არ არის. მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, აშშ თალიბანს ავღანეთის ლეგიტიმურ მმართველ ძალად არ აღიარებს. თალიბანმა ქაბული 2021 წლის შუა პერიოდში დაიკავა.

"ტრამპის ადმინისტრაცია კვლავაც გამოვა თალიბანის მიერ დაკავებული ყველა ამერიკელის გათავისუფლების მოთხოვნით, განსაკუთრებით ბოლო წლებში აშშ-სგან დახმარების სახით მიღებული მილიარდობით დოლარის ფონზე", - თქვა ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ბრაიან ჰიუმ 21 იანვარს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG