Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროსაბჭოს კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს "აგენტების" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონები

ევროსაბჭოს კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს "აგენტების" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონები


აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 2024 წლის 28 მაისი
აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 2024 წლის 28 მაისი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ახალ მემორანდუმში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს "უცხოეთის აგენტების" და ლგბტ უფლებების შეზღუდვის შესახებ კანონები.

26 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ევროსაბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში, მაიკლ ო'ფლაჰერტი, აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ მიღებული კანონი ჰგავს მსგავსი შინაარსის რუსულ კანონს.

ეს უკანასკნელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეუსაბამოდ ცნო ევროპულ სამართალთან, რომლის დაცვის ვალდებულება საქართველოსაც აქვს.

კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი უკან გაიწვიოს და მისი ნებისმიერი შესწორება ან ჩამნაცვლებელი კანონი შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებთან.

კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის მაისში ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე მიიღო, ყველა ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, ავალდებულებს, დარეგისტრირდეს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად".

ევროსაბჭოს კომისრის ანგარიშში საუბარია "ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზეც", რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებს ზღუდავს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანახმად, ეს კანონი ქმნის "ლგბტ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დისკრიმინაციის საფუძველს და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან და მის პრაქტიკასთან".

მაიკლ ო'ფლაჰერტი წერს, რომ კანონი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა სტიგმატიზაციას იწვევს. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს კანონიც გააუქმოს.

საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG