Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მასობრივი დაკავების მიუხედავად, საპროტესტო აქციები თურქეთში არ წყდება

მასობრივი დაკავების მიუხედავად, საპროტესტო აქციები თურქეთში არ წყდება


საპროტესტო გამოსვლისას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. 23 მარტი, 2025 წელი
საპროტესტო გამოსვლისას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. 23 მარტი, 2025 წელი

26 მარტს, მიუხედავად მთავრობის მხრიდან გაძლიერებული რეპრესიებისა და 1500-მდე პირის დაკავებისა, თურქეთში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.

მიმდინარე დემონსტრაციები 2013 წლის გამოსვლების შემდეგ ყველაზე ხალხმრავალია. გამოსვლები დაიწყო 19 მარტს სტამბოლის ოპოზიციონერი მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ. ექრემ იმამოღლუს მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კორუფციისა და ტერორიზმის მუხლებით, რასაც მისი მომხრეები „გადატრიალებად“ თვლიან.

სტამბოლში, ანკარასა და იზმირში მიმდინარე დემონსტრაციებში ხალხის უზარმაზარი მასები მონაწილეობენ, მიუხედავად აქციების მოწყობის აკრძალვისა. მღელვარება გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

ტაქტიკის შესაძლო ცვლილების მიზნით, მთავარმა ოპოზიციურმა, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) განაცხადა, რომ აღარ მოუწოდებს ხალხს ღამის საპროტესტო აქციისკენ 26 მარტს, რათა მომავალ შაბათს დიდი დემონსტრაციის გამართვა გახდეს შესაძლებელი.

გაბრაზებულ სტუდენტებს შორის, რომლებიც სულ უფრო გამორჩეულ როლს ასრულებენ საპროტესტო აქციებში, ყველა არ არის CHP-ის მხარდამჭერი, და ისინი ქუჩაში დარჩენას აპირებენ. უმეტეს შემთხვევაში, საპროტესტო აქციები გადაიზარდა შეტაკებაში სპეცრაზმთან, რომლის მკაცრმა ქმედებამ შეაშფოთა უფლებადამცველი ჯგუფები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ პოლიციას 25 მარტის შუადღისთვის სულ დაკავებული ჰყავდა 1418 ადამიანი. მათ შორის იყო 11 თურქი ჟურნალისტი, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. მათგან შვიდი, მათ შორის AFP-ის ფოტოგრაფი იასინ აქგული, 25 მარტს ჯერ კიდევ საპატიმროში იყო. ეს ქმედება მკაცრად დაგმეს უფლებადამცავმა ჯგუფებმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუცხადა აშშ-ის "შეშფოთება" ქვეყანაში ვითარების გამო. რუბიომ "გამოთქვა შეშფოთება თურქეთში ბოლო დაპატიმრებებსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით", - თქვა სპიკერმა ვაშინგტონში რუბიოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვით, ასევე განიხილეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებში.

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 23 მარტს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა სტამბოლის არჩეული მერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუ. 53 წლის იმამოღლუს, რომელიც დააპატიმრეს 19 მარტს, მიიჩნევენ ერთადერთ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია არჩევნებში აჯობოს თურქეთის დიდი ხნის ლიდერს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG