Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კრემლში განაცხადეს, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შინაარსი არ გასაჯაროვდება

კრემლში განაცხადეს, რომ ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკების შინაარსი არ გასაჯაროვდება


კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში გამართული „ტექნიკური მოლაპარაკების“ შემდეგ „დედაქალაქებში გაკეთებული მოხსენების“ გაანალიზება მიმდინარეობს. ამის შესახებ მოსკოვში დღეს, 25 მარტს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს, მათ შორის სააგენტოებს „ტასს“ და „ინტერფაქსს" მოჰყავთ პუტინის პრესმდივნის სიტყვები, რომ ტექნიკური მოლაპარაკება დეტალებში ჩაღრმავებას ითვალისწინებს, ამიტომ მისი შინაარსი საჯარო არ იქნება.

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 24 მარტს გამართეს შეხვედრა, რომელიც თორმეტ საათს გაგრძელდა.

საუდის არაბეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.

ტელეკომპანია CBS News-ი იუწყებოდა, რომ აშშ და რუსეთი ერთობლივ განცხადებას 25 მარტს, მოსკოვის დროით დილის 11 საათისთვის გამოაქვეყნებდნენ.

რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 23 მარტს, საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა აშშ-უკრაინის მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ კიევის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო და განიხილეს საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში.

სააგენტო AFP-ის ცნობით, უკრაინის და აშშ-ის დელეგაციებმა ერ-რიადში კონსულტაციები დღეს, 25 მარტსაც, გააგრძელეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG