Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვის წარმომადგენელი: უკრაინის თაობაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება არ იყო მარტივი, მაგრამ იყო სასარგებლო

მოსკოვის წარმომადგენელი: უკრაინის თაობაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება არ იყო მარტივი, მაგრამ იყო სასარგებლო


უკრაინის ქალაქი სუმი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2025 წლის 25 მარტი
უკრაინის ქალაქი სუმი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2025 წლის 25 მარტი

აშშ-რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის საკითხზე ინტენსიური და სასარგებლო იყო - განაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

"ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ეს იყო ინტენსიური დიალოგი. არ იყო მარტივი, მაგრამ იყო ძალიან სასარგებლო ჩვენთვის და ამერიკელებისთვისაც" - უთხრა კარასინმა 25 მარტს სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.

"განვიხილეთ ბევრი პრობლემა" - ამბობს კარასინი და დასძენს: "ცხადია, ყველაფერი არ გადაჭრილა, ყველაფერზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ფაქტი, რომ ამგვარი საუბარი შედგა, ჩემთვის ძალიან დროულია".

კარასინის თქმით, აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება და მასში ჩაერთვებიან გაერო და სხვა სახელმწიფოებიც. დიპლომატს დეტალები არ დაუზუსტებია.

კარასინის განცხადებები მოჰყვა საუდის არაბეთში 12 საათზე მეტხანს გაგრძელებულ მოლაპარაკებას აშშ-ის წარმომადგენლებთან. ამერიკელები იქ უკრაინის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, 23 მარტს. სააგენტოები AFP და Bloomberg News-ი ანონიმურად დატოვებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მოლაპარაკება 25 მარტსაც გრძელდება.

აშშ-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების პარალელურად, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ქალაქ სუმიზე, რის შედეგადაც დაიჭრა 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი.



ფორუმი

XS
SM
MD
LG