Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პარლამენტთან დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომელთაც სკამები მიჰქონდათ აქციის მონაწილეებთან

პარლამენტთან დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომელთაც სკამები მიჰქონდათ აქციის მონაწილეებთან


სამი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ორმა მათგანმა პარლამენტთან პლასტმასის სკამების მიტანა სცადეს
სამი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ორმა მათგანმა პარლამენტთან პლასტმასის სკამების მიტანა სცადეს

დღეს საღამოს, 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დააკავეს სამი ადამიანი - ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.

რამდენიმე დღეა, ამ ადგილას ღამეს ათევენ სტუდენტები.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, დაკავებულ გოგოებს სურდათ, რომ შეკრებილებისთვის მიეტანათ პლასტმასის სკამები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი შელაპარაკებისას დააკავა.

დააკავეს ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, გოგოების დაკავების შემდეგ, პოლიციელებს ტაშს უკრავდა.

თანდათან მათ გარშემო პოლიციელების რაოდენობამ მოიმატა.

ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და დაკავების მანქანებით გადაიყვანეს, სავარაუდოდ, იზოლატორში.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან გარკვევას, სად არიან ისინი გადაყვანილები.

პოლიციელებმა წაიღეს პლასტმასის სკამებიც.

ადგილზე მყოფი პოლიციელები არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვებს, რატომ დააკავეს ახალგაზრდები.

პოლიციელი სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ სკამები, რაც მათ მიჰქონდათ, იყო „საფრთხის შემცველი ნივთი“.

თბილისში დღეს საღამოს წვიმს. ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსია ცელსიუსით.

იმ დროს, როცა სტუდენტები დააკავეს, პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე დემონსტრანტი იყო - მათ ჯერ არ შეერთებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყოველდღე მიმდინარე აქციის მონაწილეები.

განახლება: სეუ-ს სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია ხელწერილით გაათავისუფლეს.

ილიაუნის სტუდენტი ლუკა გოგია კი კვლავ პატიმრობაში რჩება.

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მოგვიანებით კვლავ გადაიკეტა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG