Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
დაუშვებელია საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლება სამოქალაქო პოზიციის გამო - ომბუდსმენი

დაუშვებელია საჯარო მოსამსახურეთა გათავისუფლება სამოქალაქო პოზიციის გამო - ომბუდსმენი


„ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს“, - ომბუდსმენი
„ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს“, - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ეხმაურება საჯარო სექტორიდან ადამიანების მასობრივად გათავისუფლებას და აცხადებს: „დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო“.

19 მარტს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" განაცხადა, რომ მიმდინარე პროტესტის პარალელურად, საჯარო დაწესებულებებიდან ასობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.

მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან, საიას ცნობით, 150-მდე ადამიანი დაითხოვეს. არაერთი ადამიანია გათავისუფლებული სხვა სამინისტროებიდან, სააგენტოებიდან თუ სხვადასხვა ტიპის უწყებებიდან.

ომბუდსმენმა 20 მარტს განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება „სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს“.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპარატის თანამშრომლები დაუკავშირდნენ სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 ადამიანს.

„საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება“, - აცხადებს ომბუდსმენი.

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი - საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივებით - არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება.

„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში“, - დაწერა მან ფეისბუკზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG