Accessibility links

მედია
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირი რადიო თავისუფლების დაფინანსებაზე მსჯელობს

ევროკავშირი რადიო თავისუფლების დაფინანსებაზე მსჯელობს


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი (მარჯვნივ) და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. ბრიუსელი, 17 მარტი, 2025.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი (მარჯვნივ) და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. ბრიუსელი, 17 მარტი, 2025.

ევროპის კავშირი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) დახმარების შესაძლებლობებს განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუჩეროს მაუწყებელს, რასაც პროდემოკრატიული მედიასაშუალებების ჩაჩუმების შესახებ შეშფოთება მოჰყვა.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 17 მარტს, ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივით განიხილეს რთე/რთ-ის მომავალთან დაკავშირებული საკითხები. მაუწყებლის ბედი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა მაუწყებლისთვის კონგრესის მიერ მოწონებული დაფინანსება. დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია შეხვედრის შესახებ, რთე/რთ-ს შეატყობინა, რომ ჩეხეთმა პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან - ლიეტუვასთან, ესტონეთთან და ლატვიასთან - ერთად დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი ამ იდეას. მათ განაცხადეს, რომ რთე/რთ-ის საქმიანობის შეჩერება „საჩუქარი იქნება ევროპის მოწინააღმდეგეებისთვის“, მის დახურვას კი „გამოუსწორებელი [შედეგი] ექნება დემოკრატიული მისწრაფებებისთვის მთელს მსოფლიოში“.


„ის დემოკრატიის ძალზე ღირებული შუქურაა მთელს მსოფლიოში“, თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა. „გულდასაწყვეტია იმის გაგება, რომ აშშ წყვეტს [რთე/რთ-ის] დაფინანსებას. ახლა ჩვენთვის საკითხავი ისაა, შეგვიძლია თუ არა ჩვენი დაფინანსებით ამოვავსოთ სიცარიელე, რომელსაც ტოვებს აშშ?“ - დასძინა კალასმა.

კალასის თქმით, დაფინანსების საკითხზე არ არსებობს ავტომატური პასუხი. მაგრამ, მისი თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრები მართლაც მოწადინებული არიან ამ საკითხის განხილვისა და გზების ძიებისთვის“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ თქვა, რომ მან თავისი ქვეყნის ინიციატივის მიმართ „გარკვეული ინტერესი“ იგრძნო ევროკავშირის სხვა წევრების მხრიდან და რომ „ჩვენი ამოცანაა, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს“.

ლიპავსკის პოლონელმა კოლეგამ, რადეკ შიკორსკიმაც გამოუხატა მხარდაჭერა რთე/რთ-ს. მან გაიხსენა, როგორ უსმენდა მამამისი ცივი ომის პერიოდში რადიოსადგურს, ასევე „ამერიკის ხმას“.

„ასე გავიგეთ უმნიშვნელოვანესი ფაქტები ჩვენი საკუთარი ქვეყნების შესახებ, ვინაიდან კომუნისტური პროპაგანდა მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო,“ უთხრა მან ჟურნალისტებს. „და ეს დაწესებულებები დღეს განაგრძობენ ავტოკრატიებისთვის მსგავსი საქმის კეთებას“.

შიკორსკიმ ასევე მხარდაჭერა გამოუხატა ლიპავსკის ინიციატივას, რომელიც აშშ-ის მაუწყებელთა დაფინანსებისთვის ალტერნატიული გზების გამონახვას ისახავს მიზნად.

„ვნახავთ, რა შეიძლება გაკეთდეს,“ თქვა მან. „ახლა იდეების მოძიების საწყის სტადიაზე ვართ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არის ღირსეული დაწესებულებები, რომელთა მისია უნდა გაგრძელდეს“.

14 მარტს, საღამოს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის მიზანია, შეამციროს შვიდი სააგენტო - მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ბრძანებულებით, რომლის სამიზნეა ასევე სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ უსახლკარობასთან, შრომით დავებსა და სათემო განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყოველ ორგანიზაციას მიეცა შვიდი დღე, სრული შესაბამისობის შესახებ ანგარიშების წარმოსადგენად.

აღმასრულებელი ბრძანებულების პუბლიკაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ USAGM-მა გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რთე/რთ-ს, რომლის შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს, კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გრანტის შეწყვეტა „დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“. მის ამ მოსაზრებას მთელს მსოფლიოში ფართოდ დაუჭირეს მხარი მედიის უფლებების მეთვალყურეებმა, დემოკრატიის დამცველებმა და პოლიტიკოსებმა.

ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) გააკრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცირების გამო.


„ტრამპის ადმინისტრაციის უახლესი მცდელობა, დაშალოს კონგრესის მიერ შექმნილი და დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტ, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდიან ასობით მილიონ ადამიანს იმ ქვეყნებში, სადაც პრესის თავისუფლება თავდასხმის სამიზნეა, ძირს უთხრის აშშ-ის ერთგულებას დემოკრატიისადმი,“ განცხადა სენატორმა შაჰინმა.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი თავისას მიაღწევს, ისინი, - ვინც დამოკიდებულნი არიან აშშ-ის მხარდაჭერილ დამოუკიდებელ მედიაზე, როგორც ჩინეთისა და კრემლის მიერ მართული მედიასაშუალებების ალტერნატივაზე, და ისინი, ვინც ავტორიტარული რეჟიმების ქვეშ ცხოვრობენ, - დაკარგავენ კრიტიკული მნიშვნელობის მაცოცხლებელ ხაზს“, თქვა სენატორმა.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია ერთ-ერთია იმათ შორის, ვისაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ ცდილობს ავტორიტარული რეჟიმი, ხელი შეუშალოს მიუკერძოებელი და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის გავრცელებას ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიც რადიო თავისუფლებაა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა ქმარმა სიარჰეი ციხანოუსკიმ გამოაცხადა, რომ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატის სახით დაუპირისპირდება ქვეყნის ავტორიტარ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკას. ის ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ჩასვეს ციხეში და საბოლოოდ მას ოთხ სხვა ადამიანთან ერთად ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

სვიატლანა ციხანოუსკაია მის მაგივრად მონაწილეობდა არჩევნებში. ის და დასავლეთის მთავრობების უმრავლესობა აცხადებენ, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა. მაგრამ საარჩევნო ორგანოების წარმომადგენლებმა გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადეს. ამან დასაბამი მისცა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, როცა უსაფრთხოების ძალებმა სასტიკი მეთოდებით უპასუხეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს.

„ჩვენთვის, ტირანიის პირობებში მცხოვრები ერებისთვის, რთე/რთ და „ამერიკის ხმა“ თავისუფალი სამყაროს სიმბოლოებია, სიმართლის ხმებია,“ დაწერა სოცქსელ X-ში ციხანოუსკაიამ, რომელმაც თავისი ოჯახის უსაფრთხოების მოსაზრებებით დატოვა ქვეყანა.

„[რთე/რთ-ის ჟურნალისტ] იჰარ ლოსიკივით ბევრნი ციხეში იმყოფებიან მათთან თანამშრომლობისთვის. შეერთებული შტატებისთვის ისინი არის რბილი ძალის მძლავრი იარაღი, რაც ამერიკას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს ხდის. მათი დაკარგვა მძიმე შეცდომა იქნებოდა“.

ლოსიკი, რთე/რთ-ის ბელარუსული სამსახურის ბლოგერი და შტატგარეშე თანამშრომელი, 2021 წლის დეკემბერში გაასამართლეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის იყო „ისეთი მოქმედებების ორგანიზება და მომზადება, რომლებიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“. მას 15 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ის ერთ-ერთია რთე/რთ-ის ჟურნალისტებსა და შტატგარეშე თანამშრომლებს შორის, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობისთვის იხდიან პატიმრობას. დანარჩენი სამია ვლადისლავ იესიპენკო, ნიკა ნოვაკი და ფარიდ მეჰრალიზადა.

შარშან რუსეთის მთავრობამ რთე/რთ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. ეს არის იარლიყი, რომლის გამოც მაუწყებელს ფაქტობრივად აეკრძალა რუსეთში მუშაობა. ამავე დროს ის პოტენციური დევნის ობიექტად აქცევს ნებისმიერს, ვინც თანამშრომლობს მედიაორგანიზაციასთან.

„მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიცვას მასმედიის თავისუფლება და მხარი დაუჭიროს რადიო თავისუფალ ევროპას,“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გაავრცელა Renew Europe-მა, ევროპარლამენტის ცენტრისტულმა პროევროპულმა ჯგუფმა.

USAGM არის აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის გავრცელებას თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მილიონი ადამიანისთვის.

USAGM-ის 2025 წლის ბიუჯეტის მოთხოვნა 950 მილიონი აშშ დოლარი იყო მთელი მისი ოპერაციების დასაფინანსებლად ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, „ამერიკის ხმა“, რადიო თავისუფალი აზია, რადიო მარტი (კუბა), ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელი (MBN) და ფონდი „ღია ტექნოლოგია“, რომელიც მუშაობს საინტერნეტო პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ონლაინ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის სფეროში.

„ამ მედიასაშუალებებს განვიხილავთ სიმართლის, დემოკრატიისა და იმედის შუქურებად მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. და, ცხადია, არამოდერირებული კონტენტისა და „ფეიკ ნიუსების“ ეპოქაში ჟურნალისტიკა, პრესის თავისუფლება... კრიტიკულ როლს თამაშობს დემოკრატიისთვის და ეს გადაწყვეტილება შეიცავს საფრთხეს, სარგებელი მოუტანოს ჩვენს საერთო მოწინააღმდეგეებს,“ განაცხადა ევროპის კომისიის წარმოამდგენელმა აუდია პაულა პინიამ 17 მარტს.

ტრამპი, რომელმაც იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ სხვადასხვა ზომა გაატარა სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად, USAGM-ს სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პროგრამების მიმართულების შესახებ დაუპირისპირდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.

თანამდებობის ხელახლა დაკავების შემდეგ მან კვლავ გამოთქვა იგივე შეშფოთება. მაუწყებელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები აშშ-ის დიპლომატიის მნიშვნელოვან შტოს წარმოადგენენ.

USAGM-თან ერთად აღმასრულებელი ბრძანებულება ეხება შუამავლობისა და შერიგების ფედერალურ სამსახურს, ვუდრო უილსონის მკვლევართა საერთაშორისო ცენტრს The Smithsonian Institution-ში, სამუზეუმო და ბიბლიოთეკების მომსახურების ინსტიტუტს, უსახლკარობის საკითხზე აშშ-ის სააგენტოებს შორის მოქმედ საბჭოს, სათემო განვითარების ფინანსური ინსტიტუტების ფონდსა და უმცირესობათა ბიზნესის განვითარების სააგენტოს.

XS
SM
MD
LG