Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა?

უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დასთანხმდა - რა იქნება ახლა?


2025 წლის 11 მარტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი ჯედაში უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. კრემლი ამბობს, რომ მათგან სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს ელოდება.
2025 წლის 11 მარტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი ჯედაში უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. კრემლი ამბობს, რომ მათგან სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს ელოდება.

ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან ზავზე თანახმაა. აშშ ახლა ამბობს, რომ ჯერი რუსეთზეა, თუმცა კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან. პარალელურად, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ უკრაინის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

„ახლა ამ შეთავაზებას რუსებთან წავიღებთ და იმედი გაქვს, დათანხმდებიან, დათანხმდებიან მშვიდობას. ბურთი მათ მოედანზეა“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 11 მარტს, უკრაინელ კოლეგებთან რვასაათიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

კიევისთვის საუდის არაბეთში ჩატარებული მოლაპარაკებები წარმატებად შეიძლება შეფასდეს - ორი კვირით ადრე თეთრ სახლში მწვავე კამათისას, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ეუბნებოდა, რომ ის მშვიდობისთვის მზად არ იყო. რამდენიმე დღეში აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო და სამხედრო დახმარებაც შეუწყვიტა, რაც მხოლოდ გუშინდელი მოლაპარაკებების შემდეგ აღდგა.

„ახლა ჯერი რუსეთზეა“, - თქვა 12 მარტს თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა და დასძინა, რუსეთზე წნეხის გაზრდა შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, არ დაგვჭირდებაო.

დონალდ ტრამპმა 12 მარტს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიიღო თეთრ სახლში და უკრაინის ომზეც ისაუბრა
დონალდ ტრამპმა 12 მარტს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მიიღო თეთრ სახლში და უკრაინის ომზეც ისაუბრა

„ფინანსური თვალსაზრისით, ძალიან უსიამოვნო, ძალიან ცუდი რაღაცები შეგვიძლია ვქნათ, გამანადგურებელი რუსეთისთვის, მაგრამ არ მინდა“.

უკრაინას თავდაპირველად ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სურდა - ჰაერსა და ზღვაში, სანამ ხმელეთზე ბრძოლა გაგრძელდებოდა და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებოდნენ. მაგრამ ამერიკელები განსხვავებული წინადადებით გამოვიდნენ, რაც 30 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას გულისხმობს.

რას იზამს კრემლი?

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები მალე შედგება. ჩვენი ხალხი უკვე მიდის რუსეთშიო, თქვა ტრამპმა 12 მარტს თეთრ სახლში.

„ძალიან გამიკვირდება, თუ რუსეთი [აშშ-ის წინადადებას] დასთანხმდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ტაფტსის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორმა ოქსანა შეველმა.

ის დასძენს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებამდე პუტინმა უკრაინას დათმობები შეიძლება მოსთხოვოს, რაც ტრამპს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

ამ ეტაპზე მოსკოვი ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებას სიფრთხილით ხვდება და პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს.

„[სახელმწიფო მდივანმა] რუბიომ და [თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა] უოლცმა თქვეს, რომ სხვადასხვა არხით დეტალურ ინფორმაციას გადმოგვცემდნენ ჯედაში გუშინ გამართული მოლაპარაკების შინაარსზე. პირველყოვლისა, ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ“, - თქვა 12 მარტს კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ექსპერტები არ ელიან, რომ მოსკოვი ვაშინგტონის შეთავაზებას უპირობოდ დასთანხმდება.

ჯედაში გამართულ მოლაპარაკებებამდე ორი დღით ადრე, სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყებოდა, რომ ვლადიმირ პუტინს მაქსიმალისტური მიზნების მიღწევა აქვს დასახული და კომპრომისის სურვილს არ გამოხატავს.

„პუტინს ძლიერი პოზიცია აქვს, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, - უთხრა „როიტერსს“ რუსმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა.

რუსული ჯარი მართლაც წინ მიიწევს, თუმცა ნელა და დიდი ადამიანური დანაკარგებით. ამ ფონზე, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტი მარკ კანსიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინას მოუწევს დასთანხმდეს შეთანხმებას, რომელიც ვერ დაუბრუნებს ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას.

„ვერ ვხედავ მექანიზმს, რომლითაც დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ. ბრძოლის ველზე მომენტუმი მათ წინააღმდეგაა“, - ამბობს კანსიანი.

მსურველთა კოალიცია

ვაშინგტონისა და ჯედას მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან ევროპიდანაც.

12 მარტს პარიზში გაიმართა ნატოსა და ევროკავშირის 30 წევრის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსება იყო. შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ამერიკელები.

ევროპელი თავდაცვის მინისტრების საერთო პრესკონფერენცია პარიზში, 12 მარტი
ევროპელი თავდაცვის მინისტრების საერთო პრესკონფერენცია პარიზში, 12 მარტი

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, საფრანგეთი და ბრიტანეთი მუშაობენ „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბებაზე - ადგეგენ ქვეყნებს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარებს გაგზავნიან.

პარიზი და ლონდონი არ უარყოფენ, რომ მზად არიან, ასეთ მისიაში მონაწილეობა მიიღონ. სავარაუდოდ, მათ გერმანიაც შეუერთდება, მაგრამ იტალია და პოლონეთი კვლავ ყოყმანობენ.

პარიზის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თქვა, რომ მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბება „დაჩქარდა“.

„ჩვენ ახლო თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან და გვსურს ჩამოვაყალიბოთ მსურველთა კოალიცია ევროპასა და მის მიღმა, დღეიდან კი ამ სამუშაოს დავაჩქარებთ“, - განაცხადა ჰილიმ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკურნუს თქმით კი, დაახლოებით 15 ქვეყანა დაინტერესდა „უკრაინის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის“ შესახებ მსჯელობით. უცნობია, გულისხმობს თუ არა ეს უკრაინაში ჯარების გაგზავნას.

ამის მიუხედავად, სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბება აშშ-სგან დამოუკიდებლად ბრიტანელებს და ფრანგებსაც არ წარმოუდგენიათ - მათ ვაშინგტონისგან შემაკავებელი მექანიზმის მიღება სურთ, რომელიც უკრაინაში მათ ჯარებს ამერიკელების დაცვის გარანტიას მისცემს.

„მხოლოდ ევროპა ვერ ჩაატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს ამერიკული დახმარების გარეშე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევროპელმა ელჩმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG