Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული

ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული


ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 თებერვალი, 2025.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 23 თებერვალი, 2025.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის შედეგები და მიღწეული შეთანხმებები შეაჯამა. მან დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა 30 დღით შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე და რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ახლა მთლიანად რუსეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უკვე აჩვენეს თავიანთი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივასთან დაკავშირებით. მან მოუწოდა შეერთებულ შტატებს, „გააკეთოს ის, რისი პირობაც დადო“, თუ მოსკოვი არ დათანხმდება შეთავაზებას: გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მომავალი შეხვედრისთვის ემზადება.

დასავლეთისგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე ზელენსკიმ თქვა, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საკითხის გასარკვევად, გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმის შემუშავებისა და „ქაღალდზე ჩაწერისთვის“.

ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებზე რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ბოლო დროს გაძლიერებულ დრონების შეტევებზე რუსეთის ტერიტორიაზე. მან მათ უწოდა სამართლიანი პასუხი უკრაინაში რუსეთის ჯარების ქმედებებზე, რასაც ქვეყანაში ყოველდღიურად ემსხვერპლებიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. „ეს არ არის ძალის ჩვენება“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა, „ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ პასუხს ვცემთ“. რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ იქ უკრაინული ჯარები აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას, მაგრამ ამავე დროს ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ ჯარისკაცების სიცოცხლე.

უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტულად აღნიშნა პროპაგანდის მნიშვნელობა და გამოვიდა მოწოდებით, ფხიზლად შეფასდეს რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ზეწოლა. „რუსეთი დიდ ფულს დებს საინფორმაციო ომში, რათა აშშ-ს დაგვაპირისპიროს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი იარაღი - მეტი კომუნიკაცია ჟურნალისტებთან. ამიტომ მოვუწოდებ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, ჩამოვიდნენ უკრაინაში და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახონ“, - თქვა მან.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად.

კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შესაძლებლობის შესახებ ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს მოითხოვს ომის სრულ დასრულებას. ამის შემდეგ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა მოიხსნება და არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდება. „არავინ არაფერს გადადებს მიზანმიმართულად“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

11 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა მოლაპარაკებები კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის. უკრაინულმა მხარემ მიიღო წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუკი მას რუსეთი დათანხმდება. შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარების განახლების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი გულდასმით სწავლობს ჯიდაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებულ განცხადებებს მაგრამ აშშ-ისგან ჯერ არ მიუღია საჭირო ინფორმაცია მოლაპარაკებების არსის შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ამ კვირაში გეგმავენ კონტაქტებს. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია მოთხოვნა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება „ძალიან სწრაფად მოეწყოს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG