ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თაღლითობას ედავებოდა და რომელსაც 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ახლა საზღვარგარეთაა. უცნობია, თუ სად.
სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, ბაჩიაშვილის სახლი და ბინა, რითაც 2,5-მილიონიანი გირაო ჰქონდა უზრუნველყოფილი, გაიყიდოს და ასე მოხდეს თანხის ამოღება.
ბაჩიაშვილის დახმარების გამო კი დაკავებულია 47 წლის ადამიანი, ინიციალებით შ.ქ.
მას ამ სტატიაში „გადამყვანად“ მოვიხსენიებთ.
„გადამყვანი“ და „შუამავალი“
გამოძიების ვერსიით, 2024 წლის დეკემბერში „გადამყვანს“ დაუკავშირდა თავისი მეგობარი (ინიციალებით დ.გ. - არც მის სახელს აზუსტებს შსს) და რაღაც „საკითხის მოგვარება“ შესთავაზა, სანაცვლოდ თანხას მიიღებო.
დ.გ.-ს ამ სტატიაში „შუამავლად“ მოვიხსენიებთ.
„გადამყვანი“ დათანხმდა „შუამავლის“ შეთავაზებას.
შსს-ს ვერსიით:
- 2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში „შუამავლის“ სახელით „გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა;
- „გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი;
- გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ „ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა - „გადამყვანიც“ დაეთანხმა.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ არიან მისი მშობლებიც - ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი.
„მანქანა“ და „საზღვარზე ინფორმაციის შესწავლა“
პირველ ეტაპზე, გამოძიების ვერსიით, გიორგი ბაჩიაშვილმა:
- „გადამყვანს“ გადასცა „გუგლის“ სატელიტური ტელეფონი;
- მოსთხოვა, რომ მხოლოდ ამ ტელეფონით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია;
- დაავალა, რომ „ტოიოტა ქამრის“ მოდელის, მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა;
- გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა.
ბაჩიაშვილის დავალება, გამოძიების ვერსიით, ასეთი იყო: „გადამყვანს“ დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველო-სომხეთის საზღვარი და „იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა“.
შსს-ს განცხადებით, ბაჩიაშვილმა მას ასევე მოსთხოვა, ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეორეგისტრატორები დაემონტაჟებინა, - რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა.
გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილმა „გადამყვანს“ მოსთხოვა, რამდენიმე დღე მანქანა კონკრეტულ მისამართზე დამიტოვეო, რა დროსაც მან მანქანაში სპეციალური სამალავი მოაწყო.
ეს სამალავი, შსს-ს განცხადებით, ბაჩიაშვილმა მოათავსა „ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის“.
მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა ბაჩიაშვილმა, გამოძიების ვერსიით, „გადამყვანს“, რომ „სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა“.
საზღვრის კვეთა
ბაჩიაშვილი და „გადამყვანი“ საქართველო-სომხეთის საზღვრისკენ - სადახლო-ბაგრატაშენის გამშვები პუნქტისკენ - 2 მარტს გაეშურნენ.
გამოძიების ვერსიით, სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს გიორგი ბაჩიაშვილი თავისივე მოწყობილ სამალავში დაიმალა, „გადამყვანმა“ კი გაიარა საპასპორტო კონტროლის პროცედურები.
აქ შსს აღწერს, რომ:
- „მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები“
- „მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება“.
მესაზღვრეებს არაფერი გამოუვლენიათ.
პროცედურების გავლის შემდეგ მანქანა წავიდა საზღვრის სომხური გამტარი პუნქტისაკენ, რომელიც რამდენიმე ათეული მეტრით არის დაშორებული ქართულ საგუშაგოს.
სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა.
„სხვა“ იმიტომ, რომ, როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან პროკურატურაში ჰქონდა ჩაბარებული საქართველოს და რუსეთის პასპორტები.
გამოძიების ვერსიით, ასე გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი გიორგი ბაჩიაშვილმა.
ერევნის აეროპორტი
შსს-ს გამოძიება ამბობს იმასაც, რომ საზღვრის კვეთის შემდეგ „გადამყვანმა“ ბაჩიაშვილი ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მიიყვანა.
იქ მისვლის შემდეგ, ბაჩიაშვილმა მას მოსთხოვა, დაებრუნებინა ტელეფონი, გადასცა დაპირებული თანხა და ურჩია, ქვეყანა დაეტოვებინა.
„გადამყვანი“ თურქეთის საზღვარზე დააკავეს
შსს აცხადებს, რომ „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე ჩაატარეს გამოძიება და 5 მარტს „გადამყვანი“ დააკავეს იმ დროს, როდესაც სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას.
შსს-ს ცნობითვე, გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს არაერთი ადამიანი, რომელთაც „შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონოდათ“ ამ საქმეზე.
გაჩხრიკეს „გადამყვანის“ „პირადი და საცხოვრებელი ბინა“: ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი (დაახლოებით 470 ლარი).
პოლიციამ დააკავა ის სატრანსპორტო საშუალებაც, რომლის მეშვეობითაც, გამოძიების ვერსიით, ბაჩიაშვილი და ბრალდებული გადაადგილდებოდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 25-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
- 344-ე მუხლი არის „საზღვრის უკანონო კვეთა“ - რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე პატიმრობას;
- 25-ე მუხლი კი ეხება „ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობას“.
„ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა“
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა 4 მარტს განაცხადა, რომ იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ“, - დაწერა ბაჩიაშვილმა ფეისბუკზე.
ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქის პასპორტები.
ბაჩიაშვილმა 4 მარტს თქვა, რომ ქვეყნიდან გასვლისთვის „სისტემაში არსებული ხვრელები“ გამოიყენა. შსს-ს ბოლო განცხადების შემდეგ ჯერ მას კომენტარი არ გაუკეთებია.
ვინ არის გიორგი ბაჩიაშვილი
ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ახლა 40 წლისაა, წლების განმავლობაში ითვლებოდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და მისი ნდობით აღჭურვილ პირად.
„ივანიშვილის პირადი ფინანსისტი“, როგორც მას ზოგჯერ მედია უწოდებდა, ბაჩიაშვილი მართავდა ივანიშვილის საკვანძო კომპანიებს რუსეთსა და საქართველოში.
სწორედ გიორგი ბაჩიაშვილი იყო ის, ვინც აღმოაჩინა შეუსაბამობები შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ დოკუმენტაციაში ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებით, რამაც დაუდო სათავე მილიარდერი ექსპრემიერის მრავალწლიანი დავის საგას ბანკთან.
2022 წლის 9 სექტემბერს ბაჩიაშვილმა სინგაპურში, ივანიშვილის დავის მორიგ ეპიზოდში ივანიშვილის სასარგებლოდ მისცა ჩვენება, როგორც მისმა მრჩეველმა.
ამასთან, ივანიშვილის გარემოცვა, რომელიც ხშირად საუბრობს მილიარდერი ექსპრემიერის წინააღმდეგ „შეთქმული დასავლეთის“ შესახებ, ბაჩიაშვილის საქმესაც „შეთქმულებას“ უკავშირებს „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ.
ფორუმი