“სამი წლის განმავლობაში ავსტრალია ამაყად უჭერდა მხარს მამაც უკრაინელ ხალხს - რუსეთის ბრუტალური აგრესიის წინააღმდეგ თავიანთი სუვერენიტეტისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერაში. ავსტრალია უკრაინის გვერდით დგას”, - წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, 1 მარტს, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის პრემიერს მადლობა გადაუხადა, ასევე X-ზე. უკრაინისა და პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა დასავლეთის არაერთმა ლიდერმა გამოხატა, თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ომის შეწყვეტის თემაზე. პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთთან ომის დამთავრება სამშვიდობო გარანტიების გარეშე არ წარმოუდგენია. აშშ მას სამშვიდობო გარანტიებს არ აძლევს.
შელაპარაკების დროს, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ - ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
ოვალურ კაბინეტში, ტრამპისა და ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება - უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.
ფორუმი