ამის თქმის საშუალებას იძლევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო სამედიცინო სამმართველოს სამხედრო ჰოსპიტლების პაციენტების მონაცემთა ბაზა, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა.
აქედან იმასაც ვიგებთ, რომ იგორ პოპოვმა, კორუფციისთვის დაპატიმრებულმა „სიმართლის მთქმელმა გენერალმა“, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხარკოვის კონტრშეტევის მთლიანი პერიოდი, რომლის დროსაც რუსული ჯარის უკან დახევას უნდა გასძღოლოდა, ჰოსპიტალში გაატარა.
მემების „კეთილი სამხედრო მეთაური“, გენერალ-მაიორი ნიკოლაი ზახაროვი, მობილიზაციის პიკში სერიოზულად დაიჭრა, ხოლო ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, გავრცელებული ცნობების საპირისპიროდ, შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე უკრაინელების თავდასხმისას არ დაშავებულა - ის საავადმყოფოში მაღალი წნევის გამო აღმოჩნდა და იმ დღეს სხვა ანაცვლებდა.
რადიო თავისუფლებამ შეისწავლა რუსეთის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცრების ჩანაწერები თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო სამედიცინო განყოფილების მონაცემთა ბაზაში, რომელიც მოგვაწოდა ალექსეი ჟილიაევმა, საფრანგეთში გაქცეულმა სამხედრო ექიმმა. მონაცემთა ბაზის დეტალური ანალიზი უკვე გამოქვეყნდა.
ჩვენ მივაგენით ჩანაწერებს სამხედრო ჰოსპიტლებში 45 გენერლის მკურნალობის შესახებ. აქედან 34 გენერალ-მაიორია, 10 გენერალ-ლეიტენანტია და ერთი გენერალ-პოლკოვნიკი, ისევე, როგორც ხუთი ადმირალი, ოთხი კონტრადმირალის და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაურის, ნიკოლაი სოკოლოვის ჩათვლით, რომელიც გასული სამი წლის განმავლობაში ვიცე-ადმირალობიდან ადმირალობამდე დააწინაურეს.
ჩანაწერების უმეტესობა ისეთ დიაგნოზებს ეხება, რომლებიც არაა დაკავშირებული ბრძოლასთან - დაწყებული ფიმოზით, გაგრძელებული ეპილეფსიური კრუნჩხვებით. იმ დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა გამოც გენერლებსა და ადმირალებს სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობდნენ, ტიპურია მოხუცებული რუსებისთვის - იქნება ეს ჰიპერტენზია თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებები. მაგრამ 12 შემთხვევაში უფროსი ოფიცრები მართლაც ბრძოლისას დაშავდნენ, ან მათი მკურნალობა აშკარად უკავშირდებოდა მათ მონაწილეობას ბრძოლაში. ჩანაწერების ანალიზისას დავადგინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში გენერლები იმაზე ნაკლებად დაშავდნენ, ვიდრე მედიაში იუწყებოდნენ, ზოგჯერ კი პირიქით - მათი ტრავმები საერთოდ არ ხმაურდებოდა.
როგორ მივაგენით მონაცემთა ბაზას?
ალექსეი ჟილიაევი, რომელმაც რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამედიცინო სამმართველოს პაციენტების მონაცემთა ბაზა მიაწოდა, 144-ე გვარდიის მოტომსროლელი დივიზიის მეთაური იყო, სერჟანტის რანგით. წაიკითხეთ, როგორ მოხვდა ომში, დაიჭრა და დასავლეთს შეაფარა თავი, რასაც რადიო თავისუფლებისთვის 2024 წლის დეკემბერში მიცემულ ინტერვიუში ჰყვება.
აი, რას ამბობს ჟილიაევი მონაცემთა ბაზის წარმომავლობაზე:
„ეს რუსეთის ფედერაციის არმიის მთავარი სამხედრო სამედიცინო სამმართველოს მონაცემთა ბაზაა. ამას უგზავნიან არმიას, საიდანაც მოთხოვნისამებრ უგზავნიან დივიზიების სამედიცინო სამსახურებს. გზავნიან ЗСПД-ს საშუალებით, რომელიც მონაცემთა გადაცემის დახურული სისტემაა და ჩვეულებრივი SMTP და POP3 იმეილის პროტოკოლების გარეშე მუშაობს. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ეს მონაცემთა ბაზა როგორ შედგა: როგორც ჩანს, ესაა მხოლოდ ჰოსპიტლების მოწოდებული ინფორმაცია - ისინი სამმართველოს უგზავნიან მონაცემებს მიღებულ პაციენტებზე, იქ ვიღაცას შეჰყავს. რატომ ეგზავნება არმიას უკან სამმართველოდან? ხალხის მოსაძებნად, რადგან ხალხი იკარგება: კაცმა დანაყოფი ჭრილობით დატოვა და ამ მონაცემთა ბაზის გარეშე გაუგებარი იქნება, სად ამოყო თავი. ის არ მოიცავს უმეტესობას იმათგან, ვისაც ოკუპირებული ტერიტორიის ამა თუ იმ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, ვინც დაიჭრა და ერთ დღეში გაწერეს და ვისაც, მცირე გამონაკლისების გარდა, სამოქალაქო ჰოსპიტლებში მკურნალობდნენ. სამხედრო პერსონალს სამოქალაქო ჰოსპიტლებში მხოლოდ მაშინ მკურნალობენ, როცა თავდასხმითი ოპერაციები ინტენსიურდება, მსხვერპლი იმატებს და [სამხედრო] ჰოსპიტლებში ადგილი აღარაა.
იგორ კირილოვი: „მასზე ნადირობა დაწყებულია“
მონაცემთა ბაზაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩანაწერი ეხება გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვს, რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვითი ძალების უფროსს, რომელიც 2024 წლის 17 დეკემბერს მისი სახლის შესასვლელთან აფეთქებას ემსხვერპლა.
მონაცემების თანახმად, რვა თვით ადრე, 3 მარტს, კირილოვი ბურდენკოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს „მარჯვენა ბარძაყის ზედა მხარეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით“. გენერალი ჰოსპიტალში ერთ თვეზე მეტხანს, 11 აპრილამდე დარჩა, რაც მისი ჭრილობის სერიოზულობაზე მიუთითებს (ბაზაში არაა დაზუსტებული მისი ჭრილობის სიმძიმე), შემდეგ კი დამატებითი რეაბილიტაციისთვის ვიშნევსკის ჰოსპიტალში გაუშვეს.
კირილოვი რუსეთის მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მაღალი რანგის ოფიცერი იყო. ის თითქმის ყოველთვიურ ბრიფინგებს ატარებდა, სადაც საუბრობდა უკრაინის ტერიტორიაზე თითქოსდა საიდუმლო ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიების არსებობასა და უკრაინული პროვოკაციების შესახებ „ბინძური ბომბის“ მომზადებაზე.
2024 წლის იანვარში იგორ კირილოვი თავდაცვის მაშინდელ მინისტრს, სერგეი შოიგუს ახლდა დახურულ სამხედრო ქალაქ სერგიევ პოსად 6-ში, თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობების დათვალიერებისას (როგორც რადიო თავისუფლებამ ადრე გაარკვია, ეს საიდუმლო ინსტიტუტი რუსეთის ბიოლოგიური იარაღის პროგრამის ნაწილი იყო). 19 თებერვალს გენერალმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც ლაპარაკობდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ მომწამლავი გაზის გამოყენებაზე, შემდეგ კი მედიიდან დიდი ხნით გაქრა - შემდეგი ბრიფინგი 28 მაისამდე არ ჩაუტარებია. რადიო თავისუფლებამ დაადგინა, რომ სიკვდილამდე მთელი წლის განმავლობაში რუსეთის ქიმიური თავდაცვის ძალების უფროსი საჯაროდ თვეში ერთხელ მაინც ჩნდებოდა, გარდა 19 თებერვლიდან 28 მაისამდე პერიოდისა, რომელიც ზუსტად ემთხვევა მისი სამედიცინო მკურნალობის დროს.
საჯარო ინფორმაციის თანახმად, ომისას კირილოვი ფრონტის ხაზზე არასდროს ყოფილა, ბურდენკოს ჰოსპიტალში მისი მოთავსება კი ირიბად მიუთითებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოსკოვში ან მის მახლობლად დაიჭრა. რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო გაერკვია, გენერალი მკვლელობის მცდელობისას დაიჭრა თუ არა და, მაგალითად, ნადირობისას დაშავდა.
ცეცხლსასროლი იარაღი არაერთხელ გამოუყენებიათ იმ ადამიანების მკვლელობის მცდელობისას, რომლებიც უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს უძღვებიან. კირილოვის ჰოსპიტალიზებამდე სამი თვით ადრე, 2023 წლის დეკემბერში, უკრაინული ვერხოვნა რადის ყოფილ პრორუს დეპუტატს, ილია კივას, მოსკოვის გარეუბანში ესროლეს და მოკლეს. გენერლის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვში ესროლეს და მოკლეს მიხაილ შატსკი, რუსული ფრთოსანი რაკეტების ერთ-ერთი შემქმნელი.
კირილოვის სიკვდილის შემდეგ, კოსტრომის რეგიონის გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა, რომელიც გენერალს პირადად იცნობდა, თავის „ტელეგრამის“ არხზე დაწერა: „ამას წინათ მითხრა, რომ გააფრთხილეს, მასზე ნადირობა რომ იყო დაწყებული“.
„სიმართლის მთქმელი გენერალი“: იგორ პოპოვი უკრაინის ხარკოვის მთლიანი კონტრშეტევისას ჰოსპიტალში იყო
რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული გენერალი, გენერალ-მაიორი ივან პოპოვი იყო, რომელიც ამჟამად კორუფციის ბრალდებით შინაპატიმრობაშია. თუ Z-ბლოგერებს დავუჯერებთ, ივან პოპოვი რუსულ არმიაში ძალიან პოპულარულია. ომის მომხრე ტელეგრამარხებზე მას „სიმართლის მთქმელს“ და „არმიაში ყველაზე პატივსაცემ გენერალს“ ეძახიან, „რომელიც თავის ჯარისკაცებს, რამდენადაც შეეძლო, მხარს უჭერდა“.
პოპოვი 2024 წლის მაისის შუაში დააკავეს 1.7 ათასი ტონა ლითონის პროდუქტების გაფლანგვისთვის, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვითი ბარიერების აშენებისთვის იყო გამოყოფილი, ივლისში კი შინაპატიმრობაში გადაინაცვლა. იქამდე ცოტა ხნით ადრე პოპოვმა ფრონტზე დაბრუნება ითხოვა, ოღონდ არა რიგითის, არამედ მეთაურის პოზიციაზე.
ბევრი რუსი „ომის კორესპონდენტი“ დარწმუნებულია, რომ პოპოვი არა მეტალის მოპარვის, არამედ უფროსებთან კონფლიქტის გამო დააპატიმრეს: ამტკიცებენ, რომ მას აზღვევინეს გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინაშე რუსული არმიის პრობლემებზე საუბრისთვის.
სრულმასშტაბიანი შეჭრის საწყის ეტაპზე, ივან პოპოვი პოლკოვნიკის რანგში უძღვებოდა „ბალაკლეიას“ დაჯგუფებას და ხარკოვის რეგიონის ნაწილის დაპყრობაში მიიღო მონაწილეობა - უკრაინაში მას დაუსწრებლად ედება ბრალი აგრესიული ომის წარმოებაში. მედიამ დაწერა, რომ პოპოვმა უხელმძღვანელა რუსული ჯარის ქაოსურ უკანდახევას უკრაინელების ხარკოვის კონტრშეტევისას 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე და მიუხედავად დიდი დანაკარგებისა და მიტოვებული აღჭურვილობისა, გენერალ-მაიორისა და 58-ე კომბინირებული შეიარაღების არმიის მეთაურის პოზიციებზე დააწინაურეს. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. რუსმა ომის მომხრე ბლოგერებმა „ხარკოვთან ხარვეზების” შესახებაც დაწერეს, ცდილობდნენ რა პოპულარული ოფიცრის დაპატიმრების ახსნას.
სინამდვილეში, როგორც მთავარი სამხედრო სამედიცინო სამმართველოს მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, ივან პოპოვი 6 სექტემბერს დაიჭრა, უკრაინის არმიის ხარკოვის კონტრშეტევის პირველივე დღეს. „წელის მიდამოებში, ზედა მარჯვენა კიდურის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის“ დიაგნოზით ის ორი დღის შემდეგ მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთ თვეზე მეტხანს მკურნალობდნენ - 11 ოქტომბრამდე. ზუსტად მაგ დროს უკრაინელების კონტრშეტევა შეჩერდა და ფრონტის ხაზი დასტაბილურდა. მისმა ცოლმაც თქვა ინტერვიუში, რომ პოპოვი ხარკოვის რეგიონში დაჭრეს, ოღონდ დეტალებზე აღარ ულაპარაკია.
ადმირალი სოკოლოვი: მას მხოლოდ თანამდებობის დაკარგვის ეშინია
ვიცე-ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს შავი ზღვის ფლოტის დროებით მეთაურად. მან იგორ ოსიპოვი ჩაანაცვლა. მეთაურის შეცვლის მიზეზები ოფიციალურად არ გამჟღავნებულა, მაგრამ მედიამ აღნიშნა, რომ ოსიპოვი საჯაროდ აღარ ჩნდებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი კრეიზერი „მოსკვა“ ჩაძირეს.
სოკოლოვის ქვეშ ფლოტის დანაკარგები კიდევ უფრო მტკივნეული იყო და ბოლო წვეთი აღმოჩნდა უკრაინული საზღვაო დრონების მიერ დიდი გემის, „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვა 2024 წლის 14 თებერვალს. მეორე დღესვე პროკრემლისტური ტელეგრამარხები იუწყებოდნენ, რომ სოკოლოვი დაითხოვეს და ფლოტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად სერგეი პინჩუკი დაინიშნა. ეს ოფიციალურად 2024 წლის 2 აპრილს დადასტურდა.
2023 წლის სექტემბერში უკრაინის სპეციალური ოპერაციების სამსახურმა სოკოლოვი დაუსწრებლად „დამარხა“. მათი ოფიციალური მონათხრობით, არსებობდა ჩანაწერი (რომელიც შემდეგ ჩაასწორეს), რომლის თანახმადაც შავი ზღვის ფლოტის მეთაური ფლოტის შტაბბინაზე თავდასხმისას მოკვდა 23 სექტემბერს. ეს არ დადასტურდა - 26-ში სოკოლოვი დაესწრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შეხვედრას.
დაჭრილთა მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ სოკოლოვი ამ თავდასხმისას არც კი დაჭრილა. სრულმასშტაბიანი შეჭრისას მას მხოლოდ ერთხელ დასჭირდა სამედიცინო დახმარება, როცა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიკლინიკას მიაკითხა მაღალი წნევის გამო. ეს 2024 წლის 2 აპრილს მოხდა, იმავე დღეს, როცა მის თანამდებობაზე სერგეი პინჩუკი დაინიშნა.
„კეთილი სამხედრო კომისარი“, რომელიც კინაღამ მოკლეს შუა მობილიზაციისას
გენერალ-მაიორი ნიკოლაი ზახაროვი რუსეთის ყველაზე განთქმული სამხედრო კომისარია, რომელიც „კეთილი სამხედრო კომისრის“ სახელწოდების ინტერნეტმემების სერიის გმირი გახდა: ცნობილ ფოტოში თავის სამუშაო მაგიდასთან ზის და პოტენციურ ახალწვეულს თბილად უღიმის. ამ მემებს რუსეთში განსაკუთრებით აქტიურად აზიარებდნენ 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციისას.
2010-იანების დასაწყისში ზახაროვი მართლაც იყო ჩელიაბინსკის რეგიონის სამხედრო კომისარი, შემდეგ სამხედრო სამსახური დატოვა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში დაბრუნდა და სრულმასშტაბიან შეჭრაში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის მეთაურის მოადგილის რანგში მიიღო მონაწილეობა. 2022 წლის 6 ოქტომბერს, მობილიზაციის პიკში, 76.ru-ს ჩელიაბინსკის გამოცემამ ზახაროვზე მემების სერია გამოაქვეყნა, მაშინ როცა მათმა გმირმა ორი დღით ადრე მძიმე დაზიანებები მიიღო: ბრმა ნამსხვრევით თავში, ტორსზე, კიდურებზე მიყენებული ჭრილობები, მოტეხილობები და დამწვრობები. ზახაროვს რამდენიმეთვიანი მკურნალობა დასჭირდა იმ ჭრილობებისთვის, რომლებიც არასდროს გასაჯაროებულა - ის 2023 წლის იანვარში გამოწერეს. ერთ წელიწადში „კეთილმა სამხედრო მეთაურმა“ სამოქალაქო თანამდებობა მიიღო, როცა ტრანსბაიკალის რეგიონის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
სერგეი ნირკოვი: მუცლის მძიმე ჭრილობის შემდეგ კარიერა გააგრძელა
ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემთა ბაზა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ დადასტურდეს და ნათელი მოეფინოს ინფორმაციას რუსი გენერლების ისეთი ტრავმების შესახებ, რაც საჯაროდაც ცნობილი გახდა. სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში, ჩერნობილთან მძიმედ დაიჭრა გენერალ-მაიორი სერგეი ნირკოვი, იმ დროისთვის 35-ე არმიის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი. 2022 წლის 2 მარტს ნირკოვის მუცლის ჭრილობაზე იუწყებოდა ბელარუსული ტელეგრამარხი - გენერალს ბელარუსის ჰოსპიტალში ჩაუტარდა ოპერაცია. „ასეთი ჭრილობის შემდეგ საბრძოლველად უკან დაბრუნება არ გამოვა. გარდაუვალი სანქციების გამო ეს ამხანაგი მალე გაიგებს, როგორია იმპორტულის ჩამნაცვლებელი შინაური განავლის ჭურჭელი“, - ეწერა შეტყობინებაში. ის, რომ ნირკოვს ქალაქ მაზირის ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, CNN-ს უთხრა ბელარუსმა ექიმმაც, რომელმაც ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტებით ევროპას შეაფარა თავი.
მონაცემთა ბაზის თანახმად, სერგეი ნირკოვს მართლაც ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში, რომელიც ზომიერი სიმძიმის ჭრილობად აღიწერა. 2 მარტს მისი ევაკუაცია მოხდა მოსკოვში შემდეგი დიაგნოზით - „ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა მსხვილი ნაწლავის ელენთის კვანძის დაზიანებით, პერიტონიტით”. ნირკოვმა საკმაოდ მალე შეძლო გამოკეთება და ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ გაწერეს. შემდეგ ის არა მხოლოდ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა, 35-ე არმიის მეთაურის თანამდებობაც დაიკავა.
კიევის მიდამოებიდან რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, 35-ე არმია იზიუმის მიმართულებით გადაისროლეს, სადაც მძიმე დანაკარგები განიცადა (35-ე არმიის თითქმის მთლიანი ლიკვიდაციის შესახებ ცნობები გაქარწყლდა), რის შემდეგაც ზაპოროჟიეს რეგიონში გადაიყვანეს. 2023 წლის ზაფხულში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ პრიმორსკთან 35-ე არმიის შტაბბინას დაარტყეს და მოკლეს მეთაურის მოადგილე სერგეი გორიაჩევი. სერგეი ნირკოვზე, რომელიც ამ დროს უკვე 35-ე არმიის მეთაური იყო, ამბობდნენ, რომ დაიჭრა ან ტვინის შერყევა მიიღო, მაგრამ ამის შესახებ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია არაა.
2024 წლის მაისში ნირკოვი გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურეს. ძველი ჭრილობები მას კვლავ აწუხებს: 2024 წლის აპრილში ის გაურკვეველი ვადით გადაიყვანეს საავადმყოფოში მუცლის კედლის თიაქრით, რაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობის ტიპური შედეგია.
ჩაუძირავი „ბარკასი“: ის „აზოვს“ არ მოუკლავს
2022 წლის მარტში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალი ოლეგ მიტიაევი, ზედმეტსახელად „ბარკასი” (უკრაინაში შეჭრამდე ის მეთაურობდა სამხედრო ბაზას ტაჯიკეთში და სირიაში რუსული ჯგუფის მეთაურის მოადგილე იყო), მარიუპოლთან „აზოვთან” ბრძოლისას მოკლეს.
რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი მონაცემები ამას არ ადასტურებს: 2023 წლის შემოდგომაზე ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის კლინიკაში მას გულის იშემიური დაავადების გამო მკურნალობდნენ. გარდა ამისა, 24 დეკემბერს ახალი სამხედრო ჩინი მიიღო - გენერალ-ლეიტენანტის.
მაგრამ ზოგიერთი წყაროში (მათ შორის, „ვიკიპედიაზეც”) მიტიაევზე ისევ წერია, რომ 2022 წლის 15 მარტს მოკვდა.
ნასიბულინი: მსუბუქად დაიჭრა HIMARS-ის ერთ-ერთი პირველი თავდასხმისას
მონაცემთა ბაზა არ ადასტურებს კიდევ ერთი რუსი გენერლის სიკვდილს, რის შესახებაც უკრაინელები იუწყებოდნენ. 2022 წლის 14 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში რუსულ ბაზაზე HIMARS-ით მიიტანეს თავდასხმა. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი ბრატჩუკმა, მაშინ თქვა, რომ თავდასხმას 150 რუსი სამხედრო ემსხვერპლა, მათ შორის - ხუთი ოფიცერი, საიდანაც ერთ-ერთს გენერალ-მაიორის რანგი ჰქონდა. ბრატჩუკის განცხადება მიუთითებდა გენერალზე ზედმეტსახელით „ნასბულინი“. ზოგიერთი მედია ვარაუდობდა, რომ საუბარი იყო გენერალ-მაიორ რაფაილ ნასიბულინზე.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზის ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი ალბათ მართლებიც იყვნენ, მაგრამ ნასიბულინი გადარჩა და მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა. 15 ივლისს, HIMARS-ით თავდასხმის მეორე დღეს, ნასიბულინი როსტოვის საავადმყოფომ მიიღო „დახურული კრანიოცერებრალური ტრავმის“ დიაგნოზით. ის ათ დღეში გაწერეს და მას შემდეგ, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა რუსეთის არმიის ღონისძიებებში.
ჩუმი ჭრილობები
რადიო თავისუფლებამ თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში მოიკვლია სხვა გენერლების შემთხვევებიც, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო საომარ ჭრილობებთან. უმეტეს შემთხვევებში, ეს ჭრილობები არ საჯაროვდებოდა.
გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მარიუპოლის ბრძოლაში მეთაურობდა რუსულ ჯგუფს. უკრაინა მას ომის დანაშაულებში ადანაშაულებს. 2022 წლის მარტში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ მორდვიჩევი მოკვდა. სინამდვილეში, რამდენადაც გარკვევა შევძელით, 2022 წლის აპრილში ნაღმის აფეთქებისას დაშავდა.
მკურნალობის შემდეგ მორდვიჩევმა სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და შემდეგ ჯგუფის ცენტრის მეთაურად დაინიშნა. 2023 წლის სექტემბერში გენერალ-პოლკოვნიკად დააწინაურეს. მორდვიჩევის დაშავებაზე საჯაროდ არაფერი თქმულა.
გენერალ-ლეიტენანტმა დმიტრი გლუშენკოვმა, საერთო სამხედრო ოლქის 68-ე არმიის კორპუსის მეთაურმა, 2022 წლის აგვისტოში თავისა და მკერდის დაზიანება მიიღო, რომელსაც ორკვირიანი მკურნალობა და სანატორიუმში რეაბილიტაცია დასჭირდა. 2022 წლის ნოემბერში ის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან დაბრუნდა“ და უსპენოვსკის ბაზაზე ახალწვეულების გაწვრთნას შეუდგა. 2024 წლის გაზაფხულზე ის მოხსენიებული იყო როგორც ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე.
გენერალ-მაიორი პიოტრ ბოლგარევი, შეჭრისას 36-ე არმიის მეთაურის მოადგილე, 2023 წლის დასაწყისში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, რაც არ გასაჯაროვდა. 2023 წლის ნოემბერში გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურეს.
გენერალ-მაიორი ალექსანდრ როდიონოვი ცენტრალური სამხედრო ოლქის რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური ძალების მეთაური იყო სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, იქამდე კი რუსულ დაჯგუფებებში ჯარის იმავე შტოს წარმოადგენდა სირიაში. თავდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზის თანახმად, როდიონოვმა სახის ჭრილობა მიიღო 2022 წლის მაისში. ამის შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.
გენერალ-მაიორი ნიკოლაი მარტინიუკი 2019 წელს რუსულ ბაზას მეთაურობდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, იქამდე კი სამხედრო გარნიზონს ხელმძღვანელობდა ვოლგოგრადში. უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გენერალ-მაიორად დააწინაურეს, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში მარტინიუკი ჭურვის ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა ბარძაყში. გენერალი გამოკეთდა და 2024 წლის 9 მაისს ვოლგოგრადში აღლუმს გაუძღვა.
და ბოლოს, მონაცემთა ბაზაში მოიპოვება ინფორმაცია გენერალ ვალერი შკილნიუკის მკურნალობის შესახებაც ორივე ქვედა კიდურში პოსტტრავმული დაავადების გამო 2022 წლის ნოემბერში. ეს ირიბად ადასტურებს მონათხრობს შკილნიუკის ფეხის ტრავმაზე 2022 წლის პირველი ნახევრიდან, იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია არაა.
რადიო თავისუფლებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვა, უკრაინაში მიმდინარე ომისას მაღალჩინოსანი ოფიცრების დაზიანებების შესახებ კომენტარი გაეკეთებინა. ამ მასალის გამოქვეყნებისას მათგან პასუხი მიღებული არ გვქონია.
ფორუმი